Home » მთავარი » ოსი ქალბატონი ქართველების და ოსების შერიგებაზე ოცნებობს

ოსი ქალბატონი ქართველების და ოსების შერიგებაზე ოცნებობს

ვაგრძელებთ საზღვრისპია სოფლებში მცხოვრები ოჯახების  და მათი პრობლემების თქვენთვის გაცნობას. თუმცა დღეს მცირე გადახვევას გავაკეთებ და ცოტა განსხვავებულად დავიწყებ.

6 სოფელი მოვიარეთ, ხალხი უყურადღებობას უჩივის, მათი თქმით არც მთავრობის წევრებს ახსოვთ ისინი და არც ოპოზიციის წარმომადგენლებს.

 -„არჩევნებიდან არჩევნებამდე არავის ვახსოვართ, თუ სასწაული მოხდა და რომელიმე მაღალჩინოსანი ჩამოვიდა, დაცვა და კამერები ახვევია გარს, ვერც მიხვალ, რომ დაელაპარაკო. კამერის წინ ლაპარაკოს და დაუშვებს თუ არა ჟურნალისტი მიკროფონს, ისიც მაშინვე მიდის, რისთვის მოვიდა ვერც კი ვიგებთ, არც ოპოზიციის წარმომადგენლები მოდიან, ალბათ ახლა გავახსენდებით ყველას და მოვლენ. დიდს კი არაფერს ვითხოვთ-ადამიანებად ჩაგვთვალონ, მოვიდნენ, დაგველაპარაკონ და მოგვიკითხონ, მოკითხვაც არ გვინდა, ახალი ამბავი მაინც მოგვიყვნენ“-გვითხრეს სოფლებში.

   დღეს ერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა, ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, ოსები და აფხაზები რომ გადმოიხედავენ, ჩვენთან ყოფნა მოუნდეთო. მართალია, მაგრამ მხოლოდ ტელევიზიის ეთერით კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც ასე უნდა ფიქრობდე და გზას ეძებდე, ამ პოლიტიკოსს ცოტა მანძილი ფეხით რომ გაევლო და მხოლოდ კამერების წინ არ ეფრქვია აზრები, აუცილებლად მიადგებოდა პრობლემებს, რომელთა მოგვარება აუცილებელია დღეს, რადგან ხვალ უკვე დაგვიანებული იქნება…

 სოფელ გუგუტიანთკარში ერთი მარტოხელა მოხუცი ქალბატონი ცხოვრობს. ელენა ბოლოთაევა ეთნიკური ოსია. მისი ერთსულიანი ოჯახი ერთადერთი ოსური ოჯახია ამ დასახლებაში.

14081348_1198084910243207_598353538_n (1)

   ელენე ბებო-ასე იცნობენ მას სოფელში და ყველა ცდილობს მარტოხელა მოხუცს რაიმეთი დაეხმაროს, მაგრამ თავადაც უამრავი პრობლემა აქვთ და მოხუცს მხოლოდ მცირედით თუ დაეხმარებიან. სოფელში გვითხრეს, მოხალისეებიც მიდიან და სახლს ულაგებენო.

14031129_1198084916909873_1065862590_n 14054792_1198084913576540_588488981_n

   77 წლის ქალს უჭირს მარტო ცხოვრება, მითუმეტეს რომ სახლში წვიმს, ომის დროს დაზიანებული სახურავი წვიმას ატანს, არც შეშა აქვს, თორემ დანჯღრეულ ღუმელთან მაინც სიამოვნებით გათბებოდა. წუხს, არ იცის რა ეშველება სიცივეები რომ დაიწყება, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რა გასაკვირია ჩემი ასაკის ქალს ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდესო, მე რა წამალი მიშველის, მაგრამ ხომ იცით-სული ტკბილია და წამალიც მჭირდება, როცა ძალიან გამიჭირდება, მაშინ ვსვამ, ისე ვუფრთხილდებიო-გვითხრა.

14017852_1198084906909874_172896339_n

-„კი, რთული ცხოვრება მაქვს, ხან მშია, ხან მწყურია, მცივა კიდეც, მაგრამ კიდევ უფრო გავიჭირვებთ, ოღონდაც მშვიდობა იყოს, ოსი ვარ, მაგრამ  ქართველების ღვიძლი შვილი ვარ  და ძალიან მინდა  ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთობა აღდგეს, მინდა კი არა- უნდა აღდგეს, უნდა შევრიგდეთჩვენი ვალია მომავალ თაობას ერთიანი საქართველო დავუტოვოთოგვითხრა ბებომ.

 ვუსმენდი მოხუც, სათნო ქალბატონს და ვფიქრობდი-მას ხომ აუცილებლად ეყოლება ვინმე გამკითხავი მაინც , მისი ამბავიც ეცოდინება, აი, სწორედ ასეთ ოჯახებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საზღვარს იქიდან გადმოხედვის დროს მისმა ნათესავმა დაინახოს როგორ ვექცევით ოს ქალბატონს და იქნებ მოუნდეს ჩატეხილ ხიდზე გადმოსვლა, მერე კი სხვებთან ერთად ამ ხიდის აღდგენა…

  რომ გამოგვაცილა, თბილად გაგვიღიმა და გვკითხა-თქვენც ისევე აღარ მოხვალთ როგორც სხვებიო? თქვენ გგონიათ მხოლოდ იმისთვის უნდა ვინმე ჩავიდეს, რომ პურის ფქვილი ან მაკარონი მიუტანოს? არა! მას ადამიანებთან საუბარი უნდა, გულითადი საუბარი…

უკან რომ ვბრუნდებოდით, თემომ ხმამაღლა თქვა ის, რაზეც მე და ანა ვსაუბრობდით.

-„პირველი ამ ბებოსთან უნდა ჩამოვიდეთ, აუცილებლად უნდა ჩამოვიდეთ, დამხმარე და გვერდით მდგომი სულაც რომ არ გამოჩნდეს, ჩვენ მოვახერხოთ და ჩამოვიდეთ. ასე უნდა დავანახოთ მავთულხლართებს იქით მყოფთ, რომ ჩვენ, ქართველებს დიდი გული გვაქვს“

არც ისე ძნელია მოხუცის გახარება-იქნებ გავერთიანდეთ, პროდუქტიც ჩავუტანოთ და წამალიც, იქნებ შეშაც მიაწოდოს ვინმე კეთილმა ადამიანმა…მჯერა, რომ სულ მალე ელენე ბებოსთან ისევ ჩავალთ და რწმენას მივცემთ-კეთილი ადამიანები კიდევ არსებობენ, მე ეს არაერთხელ ვნახე და მინდა კიდევ ერთხელ ვნახო…მინდა კიდევ ერთხელ დავინახოთ და დავანახოთ ყველას, რომ „ძალა მართლა ერთობაშია!“  

 

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...