Home » მთავარი » „ოცნებაში“ არ ფასობს ერთგულება, ერთიანობა, ისეთ ადამიანებს იყენებენ გვერდით, ნებისმიერ წუთს რომ უღალატებენ…“

„ოცნებაში“ არ ფასობს ერთგულება, ერთიანობა, ისეთ ადამიანებს იყენებენ გვერდით, ნებისმიერ წუთს რომ უღალატებენ…“

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში მარინა კობალაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს.

ინციდენტი, ორი დღის წინ, გორის მერისა და ადგილობრივი მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას, მოხდა.

დაპირისპირებაში საკრებულოს წევრები, მაჟორიტარი პარლამენტარი და სოფლის გამგებელი ჩაერთვნენ.

მარინა კობალაძე ამბობს, რომ მას ზონდერები დაუპირისპირეს:

,,მარტივი კითხვა დავსვი: რა კრიტერიუმით შეარჩიეს მალხაზ ბაიაძე სოფლის დეპტატის კანდიდატად? ამ დროს, მოულოდნელად, პარლამენტარის, თემურ ხუბულურის დაცვის წევრი, მოჭიდავე წინ გადამიდგდა და თვალები დამიბრიალა. უნდოდა, ალბათ, ჩემი შეშინება, მაგრამ მკაცრად მივუთითე, რომ გამდგარიყო გვერდით. გარშემო შემომესივნენ სხვებიც, რომლებიც არიან საკრებულოს თანამშრომლები: კახა ბლიაძე; ასევე, საკრებულოს დეპუტატი, ოღონდ, სხვა სოფლიდან ზურაბ ყაჯრიშვილი. ჯერ რა ესაქმებოდა ჩვენ სოფელში და მერე, მით უმეტეს, მე სიტყვის თქმის უფლებას მიკრძალავდა. აღარაფერს ვამბობ პარლამენტარზე, რომელმაც ძალიან უხეში სიტყვებით მიმართა იქ მყოფ ,,ობიექტივის” ჟურნალისტებს” – აცხადებს მარინა კობალაძე.

მისი თქმით, პროცესში აქტიურად ჩაერთო სოფლის გამგებელი და ზონის კოორდინატორი შამილ თუხარელი, რომელიც აქეზებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მე დამპირისპირებოდნენ: ,,მიდით, მიდით, ეგ ლაპარაკს არ მორჩებაო”.

მარინა კობალაძე იხსენებს, რომ ფაქტობრივად მერეთის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არავის მისცეს:

,,მოვიდნენ, წარადგინეს კანდიდატები და თქვეს, ახლა წავედით სხვა სოფელშიო? თუ იქ ჩვენ გულისტკივილს არ ვიტყოდით, აბა, რა შეხვედრა იყო ეს?”  – ამბობს იგი.

შეხვედრის მონაწილე ,,ქართული ოცნებიდან” მიშა გოგინაშვილი ამბობს, რომ მარინა კობალაძე ჩასაშლელად მივიდა:

,,კითხვა დასვა და მერე ისე, რომ არავის დააცადა პასუხი, თავად სცემდა თავისივე კითხვას პასუხს ნახევარი საათი. ისტერიულად გაუჩერებლივ. სიტყვა აღარავის ათქმევინა. წამით, ერთი წამით არ გაჩერებულა, რომ ან პასუხი მოესმინა ან სხვისი აზრი.” – ამბობს გოგინაშვილი.

მერეთში მოვლენები ისე განვითარდა, რომ მარინა კობალაძე, რომელიც 2012 წელს ,,ქართული ოცნების” გამო  ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს უპირისპირდებოდა, დღეს ის ,,ოცნების” მოწინააღმდეგედ გამოიყვანეს.

მარინა კობალაძე 2012 წლის შეხვედრაზე

პარტია ,,ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მარინა კობალაძე სხვა პარტიის, კერძოდ, ,,ევროპული საქართველოს” წევრია და, შესაბამისად, ,,ქართული ოცნების” შეხვედრაზე ის არ მისულა, როგორც მხარდამჭერი:

,,ჰკითხეთ მას, თუ ,,ქართული ოცნების” წევრია, რატომ დადის ,,ევროპულ საქართველოში?” – აცხადებს გოგი რაზმაძე, ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის წევრი.

მარინა კობალაძე ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების” წევრი 2017 წლის 29 აგვისტომდე იყო. ამ დღეს, გორის ცენტრში პარლამენტარმა თემურ ხუბულურმა გორის მერის კანდიდატი კოტე თავზარაშვილი წარადგინა:

,,დაგვიბარეს პარტიის წევრები.  შეკრება იყო ციხისუბანში, საკმაოდ, საინტერესო სიტუაცია იყო. ჯერ ხან ერთ კუთხეში მიგვიყვანეს, არა აქ დადგეთო, ხან მეორე კუთხეში ქუჩის. მერე, მივიხედ-მოვიხედე და სულ 20 ადამიანი დავინახე, რომლებიც 2012 წელს ,,ქართულ ოცნებაში” ტრიალებდნენ. ჩემდა გასაოცრად, ისეთი ხალხი დავინახე, რომლებიც 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ და ჩვენ გვებრძოდნენ” – ამბობს კობალაძე

მისი თქმით, სამწუხაროდ ,,ცუდი ფოსტა” მუშაობს ,,ქართულ ოცნებაში”.

 
,,2012 წლის არჩევნების შემდეგ ვმუშაობდი ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ლერი ხაბელოვის ბიუროში.
მებარა დევნილების საკითხები, იმ დევნილების, რომლებიც ამ რაიონში ცხოვრობენ. წარმოშობით ქარელის რაიონიდან ვარ და ძალიან კარგად ვიცნობდი ამ რაიონს და მის მოსახლეობას. ოთხი წლის განმავლობაში, ურთულესი პერიოდი გავიარეთ დევნილებთან ურთიერთობაში. იყო უამრავი პრობლემა და, ფაქტობრივად, ამ ბიუროს თანამშრომლების კისერზე გადაიარა იმ წლებმა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალმა პარლამენტარმა გიორგი თორთლაძემ სამსახურიდან დაგვითხოვა, მას სურდა, რომ ბიუროში თავისი კადრები დანიშულიყო. მას შემდეგ მე შინაპატიმრობაში ვიყავი იმ გაგებით, რომ ველოდებოდი ახალ ინიციატივას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისგან, ასევე, გუბერნატორისგან და მათ შორის თემურ ხუბულურისგან” – აცხადებს მარინა კობალაძე.

ის წუხს, რომ პარტიამ ერთიანობა ვერ შეინარჩუნა, ერთგული კადრები ვერ შეინახა და ახლა ისეთ ადამიანებს იყენებენ გვერდით, რომლებიც ნებისმიერ წუთს უღალატებენ. ,,დავრწმუნდი, რომ მათში არ ფასობს ერთგულება” – გვითხრა მარინა კობალაძემ.

წყარო: .qartli.ge

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...