Home » მთავარი » პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსი გაათავისუფლეს

პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ლიბერალის“ ვებგვერდზე ვიდეოკადრების გამოქვეყნების შემდეგ, რომელზეც პოლიციის განყოფილებაში შოთა პაკელიანის გაშიშვლებისა და ზეწოლის ამსახველი კადრებია ასახული, ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“2017 წლის 23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შოთა პ. დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით პროკურატურა აწარმოებს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები მიაწოდა. წყაროს განცხადებით, მასში ასახულია, რა გარემოებებში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ – მისი გაშიშვლება.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის მიხედვით, პაკელიანი აღნიშნული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა – ირაკლი ქიტოშვილმა და გურამ კასრაძემ დააკავეს. როგორც წყარო აღნიშნავს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

“პროკურატურის მოქმედებები არაადეკვატურია. ეს ვიდეომასალა პრიკურატურაში უკვე არსებობს დიდი ხანია“, – აცხადებს  შოთა პაკელიანის ადვოკატი გიორგი მახარაძე. ის მიიჩნევს, რომ საგამოძიები ორგანოების რეაგირება დაგვიანებულია .

დაცვის მხარე ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც პაკელიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობდა. გიორი მახარაძე განყოფილების უფროსის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სამინისტროს მხრიდან სწორ გდაწყვეტილებად აფასებს.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

როგორც საგამოძიებო უწყებაში აღნიშნეს, გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები და ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერიც.

Facebook Comments
x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...