Home » ინტერვიუ » “პარლამენტში ვისურვებდი ხალხის და არა საკუთარი ინტერესების გამტარებელ დეპუტატებს”

“პარლამენტში ვისურვებდი ხალხის და არა საკუთარი ინტერესების გამტარებელ დეპუტატებს”

ბოლო ხანებში საპოლიციო გამოსახლების აღდგენასთან დაკავშირებით დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის, ილია წულაიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. აღშფოთებას გამოთქვამენ იპოტეკით დაზარალებულებიც.

რას ფიქრობენ ამ თემაზე პოლიტიკოსები, როგორ აფასებენ „ქარტული ოცნების“ კანდიდატის განცხადებას და რას ელიან მთავრობისგან? ამ თემაზე სასაუბროდ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს, მანანა ნაჭყებიას დავუკავშირდით.

 -თქვენ ხართ ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი, რომელიც მუდამ ამახვილებს ყურადღებას სოციალურ პრობლემებზე და მათ შორის იპოთეკარების თემაზე, არაერთხელ ყოფილხართ გამოსახლების შესაჩერებელ აქციაზე. ახლა დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ილია წულაია ამბობს, რომ პოლიციური გამოსახლების გაუქმება იყო შეცდომა და ახალი პარლამენტი გადახედავს ამ დადგენილებას, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? ხომ არ ჯობს ამის გადახედვას ახალ რეგულაციებზე იმსჯელოს პარლამენტმა და გამოსავალი იპოვოს, მითუმეტეს როცა ეკონომისტები და იურისტები ამბობენ, რომ შესაძლებელია იპოთეკარების პრობლემის მოგვარება.

-იპოთეკარების თემა ერთ-ერთი უმძიმესია. ამ პრობლემის მოგვარება “ქართული ოცნების” უმნიშვნელოვანესი დაპირება იყო. როცა ამომრჩეველს ჰპირდები და შემდეგ აღარ უსრულებ დანაპირებს, ეს ძალიან ცუდია. მით უმეტეს, ცუდია, როცა იცი, რომ საპოლიციო გამოსახლება სწორედ ამ ადამიანებს შეეხება პირველ რიგში და შენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მომავალ პარლამენტში ამ საკანონმდებლო რეგულაციის შეცვლის ინიციატივით გამოსვლას აანონსებს. ანუ, დასჭირდა “ოცნებას” და კანონმდებლობა არჩევნების წინ ლიბერალური გახადა, ჩაიარა არჩევნებმა და ისევ გამკაცრების თემაზე საუბრობს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ხელისუფლებისგან მოგვესმინა, როგორ აპირებს იგი მისი ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ვადაში მაინც მოაგვაროს იპოთეკარების პრობლემა და შეასრულოს დანაპირები, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომელიც აზარალებს მოსახლეობის ამ კატეგორიას.

რაც შეეხება ილია წულაიას კანდიდატურას,  არამგონია მისი თბილისში დეპუტატობის კანდიდატად დაყენება ხელსუფლების მხრიდან თბილისელების პატივისცემად უნდა იქნას მიჩნეული. ეს იმ კომპანიის მფლობელია, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თბილისის ურბანული განვითარებისთვის საზიანო პროექტებით, მაგალითად, თამარაშვილის ქუჩაზე უზარმაზარი საცხოვრებელიკომპლექსის პროექტით, რომელიც დარწმუნებული ვარ, სატრანსპორტო კოლაფსს გამოწვევს ამ უბანში. საუბარია ასევე, მწვანე ნარგავების გაჩეხვაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და ა.შ. და რაც მთავარია, თვითონ ბატონი წულაიას საქციელიც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე მაინცდამაინც სასიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.

ვისურვებდი პარლამენტში ბევრად კორექტული, ხალხის და არა საკუთარი კომპანის ინტერესების გამტარებელი ადამიანები საქმიანობდნენ.

P.S. ჩვენ კი იმ სხდომას შეგახსენებთ, რომელზეც 2015 წელს ილია წულაიამ მოქალაქეს კამერების წინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

2015 წელი. დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი თბილისის საკრებულოში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ნაციონალები ქართველების ჩამოსაყვანად გადარიცხავენ ფონდში თანხას თუ…

“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია ამბობს, რომ თუ ოპოზიციას უცხოეთში დარჩენილი ...