Home » მთავარი » პატიმარ ქალებს საკანონმდებლო პაკეტის სიახლეები გააცნეს

პატიმარ ქალებს საკანონმდებლო პაკეტის სიახლეები გააცნეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად, ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება მოინახულეს და მსჯავრდებულ პატიმრებს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტის სიახლეები გააცნეს.

კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ და მინისტრმა კახა კახიშვილმა პატიმარ ქალებს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესაბამისად შემოთავაზებულ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდეს და ის სიახლეები გააცნეს, რასაც ახალი რეგულაციები ითვალისწინებს. საუბარია სრულიად ახალი ტიპის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნაზე და არასაპატიმრო სასჯელის სახედ შინაპატიმრობის შემოღება, რომელიც სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება.

ცვლილებების თანახმად, კონკრეტული კატეგორიის მსჯავრდებულ დედებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მიენიჭებათ და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლებენ. ქალ პატიმართა შორის განსაკუთრებული დაინტერესება იმ ცვლილებებმა გამოიწვია, რომელიც ელექტრონული სამაჯურის შემოღებას და სასჯელის მოხდის შემამსუბუქებელი პირობების დაწესებას შეეხებოდა. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა ანრი ოხანაშვილმა და ვანო ზარდიაშვილმა მსჯავრდებულებს დამატებითი ინფორმაცია გააცნეს და კონკრეტული მუხლების დამატებითი განმარტებები გააკეთეს.

„პატიმრობის კოდექსის“ საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის შემდეგ, მსჯავრდებულმა პატიმრებმა კომიტეტის წევრებთან ინდივიდუალური საუბრები გამართეს და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პარლამენტის წევრების პოზიციები მოისმინეს.

„ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად მსჯავრდებულებს ხვდებიან. ჩვენ უშუალოდ მოვისმინეთ მათი პოზიცია იმ რეფორმებზე და ვითარებაზე, რაც სასჯელარსრულების დაწესებულებას უკავშირდება და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპული სტანდარტებით. გამოწვევები კვლავაც რჩება, რაზეც პატიმარმა ქალებმაც ისაუბრეს, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს და მაქსიმალურად ვეცდებით ამ რეფორმების შედეგით თვითეულმა მსჯავრდებულმა ისარგებლოს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრო ოხანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, რუსლან პოღოსიანი და დიმიტრი ცქიტიშვილი ეწვივნენ.

Facebook Comments
x

Check Also

“გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით! სიმართლე უნდა გაჟღერდეს!”

მეუფე პეტრე -გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით -სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ახლა ვხედავთ პოლიტიკურ და სულიერ ...