Home » მთავარი » პატრიარქი: პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს

პატრიარქი: პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ თითოეული ადამიანი პასუხს აგებს ფიქრზე, რომელიც გონებაში აქვს, საქმეზე, რომელსაც აკეთებს, ტკივილზე თუ სიხარულზე, სიტყვაზე, მზერაზეც კი.

“ჩვენ ყველამ მშობლებისა და წინაპართაგან მივიღეთ გენეტიკური მემკვიდრეობა. ამ მემკვიდრეობის, გარემოებათა და პიროვნული არჩევანის მიხედვით კი ვყალიბდებით ინდივიდებად.

ეს შემოქმედებითი პროცესია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ქმედებების ნაწილი მოვიწონოთ, ნაწილი დავიწუნოთ, ზოგს განვერიდოთ, ზოგს მუდმივად ვებრძოლოთ … და ასე გავხდეთ თანამონაწილე ჩვენი ,,მე”-ს გამოძერწვისა.

ავს ვაკეთებთ თუ კარგს, ეს ყველაფერი შემდეგ იმ ქვეყნად აისახება და მთელი სისავსით გამოვლინდება; ამიტომაც ჩვენს ყველა ნაბიჯს და არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ვმოქმედებთ გონებით, სიტყვით, საქმით, გრძნობით და პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ, ტკივილზე თუ სიხარულზე, რომელსაც განვიცდით, სიტყვაზე, რომელსაც ვამბობთ, მზერაზეც კი … რადგან ეს ჩემი აზრია, ჩემი გრძნობაა, ჩემი მოქმედებაა, ჩემი სიტყვაა, ჩემი განწყობაა. მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს ,,მე”-დ, ჩემს ინდივიდუალურ ყოფად ვაქცევ.

წარმოიდგინეთ, მუდმივად რამდენი მიმართულებით ვავლენთ თავს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში არც ვუკვირდებით და ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ ვმოქმედებთ.

რა არის ჩვენთვის სასარგებლო ან უარსაყოფი, რა ითვლება სიმართლედ და სიკეთედ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? – ეს კითხვები ფილოსოფოსთათვის საუკუნეთა მანძილზე განსჯის საგნად იყო ქცეული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ქრისტიანობამ კი ყველასთვის გასაგებად მარტივად გასცა მას პასუხი: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი” (მთ.22, 37-39), ანდა ,,ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ” (მთ. 7,12).

მაგრამ ამგვარი ცხოვრების შედეგი არ არის მიწიერი ბედნიერება, სიმდიდრე და თანამდებობა, არც პატივი და უზრუნველი ყოფა.

ასეთი ცხოვრების შედეგი არის მარადიული ნეტარება, მარადიული სიხარულის განცდა და ანგელოზთა თანა ქრისტეს საუფლოში მყოფობა.

წუთისოფელში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომელნიც ამქვეყნიურ, წარმავალ კეთილდღეობას ირჩევენ ცხოვრების მიზნად და სხვა არც არაფერი სურთ. მაგრამ იყვნენ, არიან და იქნებიან ისეთნიც, რომელნიც ბედნიერებას უფალთან ერთობაში ხედავენ.

ასეთი აზროვნება ზოგიერთს ადრეული ასაკიდან უყალიბდება, ზოგი განსაცდელის შემდეგ ხდება მორწმუნე, ნაწილიც განსჯით ეძიებს და იმეცნებს ღმერთს, რომელთანაც სიახლოვეს მთელი ძალით ეკლესია შეგვაგრძნობინებს” -აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ხალხს სჭირდება მაჟორიტარული სისტემა, მადლობა თითოეულ პოლიციელს…”

იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა შსს-ს და თითოეულ პოლიციელს. მისი თქმით კარგია, რომ ნულოვანი ...