Home » მთავარი » პოლიტიკა დახვეწილი თაღლითების სარბიელად იქცა და ეს ჩვენი ბრალია!

პოლიტიკა დახვეწილი თაღლითების სარბიელად იქცა და ეს ჩვენი ბრალია!

“საქართველო ვალუტა არაა, რომ საჭირო დროს ახურდავოთ, ეს ჩემი სამშობლოა“ – მუხრან ბურჭულაძე

“იცხოვრეთ ერთი დღე უწყლოდ, უხელფასოდ, იცხოვრეთ ხალხთან ერთად” – მუხრან ბურჭულაძე პარტიების პროგრამებს აფასებს და ლიდერებს განცხადებით მიმართავს.

„ეკონომიკის კორიფეებს!

დაბალი გადასახადი სიღატაკის ფორმულაა და საქართველოს გაქრობის საწინდარი. ადვილია 3 წუთიანი პრეზენტაციების კეთება როდესაც ტელეწამყვანს მხოლოდ ის აინტერესებს დედა უფრო ძლიერ გიყვართ თუ მამა, მაგრამ გავბედოთ და ვიკამათოთ საჯაროდ, ვუპასუხოთ მათ კითხვებს ვის დიპლომსაც ოთახის აქსესუარის ფუნქცია შერჩა და ვისი შვილებიც უცხო მიწას ხნავენ. საქართველო ვალუტა არაა, რომ „საჭირო დროს“ ახურდავოთ, ეს ჩემი სამშობლოა. მინდა ლიდერებს ვუთხრა, იცხოვრეთ ერთი დღე უწყლოდ, უხელფასოდ, იცხოვრეთ ხალხთან ერთად, რომ იგრძნოთ საკუთარი დანაშაულის სიმძიმე.

ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ჭრელ-ჭრელი დაპირებები ასრულდება და ციდან მანანა დაგვათოვს. პოლიტიკა დახვეწილი თაღლითების სარბიელად იქცა და ეს ჩვენი ბრალია, რადგან კარგად შეფუთული ტყუილი გვირჩევნია მწარე სიმართლეს. 90 წელია თომა მოციქულივით ვსინჯავთ ბიუჯეტის იარებს, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებთ, რომ დაბალი გადასახადი სიღატაკის საწინდარია. დაბალი გადასახადი და მაღალი პენსია ნიშნავს ერთს, რომ საქართველო კვლავ იდგება სხვის კარზე თავმოდრეკილი და უთავმოყვაროდ შეექცევა გადმოგდებულ ლუკმას. ნუ გავწირავთ თაობებს ემიგრანტობისთვის და სხვისი ცხოვრებით ტკბობისთვის, მივცეთ ჩვენს შვილებს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების უფლება. ვეცნობი კომიკურ დაპირებებს პარტიები ეკონომიკურ პროგრამად, რომ ჰყიდით და მახსენდება ბებიაჩემის სკივრში ნაპოვნი ჟურნალების დასტა, რომლის გამომცემი კავშირიც 25 წლის წინ სიღატაკემ გააქრო დედამიწის ზურგიდან.

საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მაგრამ ამ ოჯახს მაღალი სტანდარტი აქვს და ძლიერი ეკონომიკის გარეშე გაგვიჭირდება სრულფასოვანი წევრობა, რადგან ჩვენი შვილები ჩახედავენ გაბზარულ სარკეს და აღმოაჩენენ, რომ მშობლებმა მათი მომავალი „დიდ პურზე“, „მაღალ პენსიაზე“, „ვაუჩერზე“ ან „უფასო ხვნაზე“ გაცვალეს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს (სანამ პარტია „ლიბერალ დემოკრატები“ ჯერ კიდევ იდეა გახლდათ) ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გავმართეთ, რომელმაც აღიარება უმალ მოიპოვა, რადგან ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს განვითარების რეალისტური ხედვა და არა უტოპიაზე დამყარებული ოცნება. ვეკითხები დემაგოგიაში გამობრძმედილ პოლიტიკოსებს, რა უშლიდათ ხელს დიადი მიზნების განხორციელებაში, როდესაც ხელისუფლებებს წარმოადგენდნენ, პასუხი გამაოგნებელია – „სხვანაირად ხელისუფლებაში ვერ მოხვალ“… თაღლითი დაგპირდებათ და სარგებელს თავად მიიღებს, ამიტომაც არის თაღლითობა დანაშაული. ფაქტია ეკონომიკა, სასამართლო, ადამიანის უფლებები, ოკუპაცია, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება კვლავ პრობლემად რჩება. სიღარიბის მიზეზი ისაა რომ პოლიტიკოსები ხალხის ცხოვრებით არ ცხოვრობენ და არც არავინ მოგიგვარებთ პრობლემას რადგან ეს პრობლემები მათ არ აწუხებთ. ქართველებმა უნდა დავამტკიცოთ რომ საქართველო მომავლის სახელმწიფოა, რისი შესაძლებლობა სამ თვეში მოგვეცემა.“ – აცხადებს ლიბერალ დემოკრატების ლიდერი მუხრან ბურჭულაძე.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ულტიმატუმი ხადას მოსახლეობას

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და სახალხო დამცველს, არ დაუშვან ქვეშეთი-კობის ...