Home » მთავარი » პრემიერი: “ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას!”

პრემიერი: “ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას!”

-“მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი, რომ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – “საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოკუპაციას არასოდეს შეეგუება და ყველა სამშვიდობო მექანიზმს გამოიყენებს საქართველოს ერთიანობის აღსადგენად.

“ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩვენ ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას და გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, როგორც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში, რაც უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობის პროგრამებსა თუ სხვა სახის მხარდაჭერის მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ ძალისხმევის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კვლავ ძალიან რთულია.
“აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას. პერმანენტულ ხასიათს ატარებს საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებით, ხელოვნური ბარიერებითა თუ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებით. ამასთან ერთად, მაქსიმალურად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, იხურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, კვლავაც გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით ადამიანების დაკავებისა და გატაცების ფაქტები. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ ფონზე, ცხადია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მშვიდობიანი გზით მოწესრიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტიანი, ხოლო სამშვიდობო პროცესი თანამიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამ საქმეში, ტრადიციულად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...