Home » ეკონომიკა » პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული მართვისთვის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან,  ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი.

ამ ფორმატში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები – სოზარ სუბარი და ბექა ლილუაშვილი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის მეთაურმა, პანდემიასთან გამკლავების პარალელურად, ხაზი გაუსვა ეკონომიკური მდგომარეობის კრიტიკულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა.

„თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ კრიზისული მართვის პერიოდში და ვსაუბრობთ კრიზისის პერიოდში მართვაზე. შესაბამისად, ეს ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფიც, რომელიც შექმნილია როგორც უწყებათაშორისი საბჭოს გაგრძელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია და არა რაღაც თეორიული საუბრებისთვის, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამოცანა მარტივია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური ცხოვრება მაქსიმალურად სწრაფად, ეტაპობრივად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ერთ და ორ თვეში ვერ აღვიდგენთ იმ სასტარტო პირობებს, რომლებიც ჩვენ 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ. ერთმნიშვნელოვნად მადლობა უნდა გადავუხადოთ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს იმ მუშაობისთვის, რომელიც მათ ერთობლივად, კოორდინირებულად გასწიეს დონორებთან და პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF). ფონდის თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი, რომელიც 450 მილიონამდეა, უკიდურესად მნიშვნელოვანია და აქედან 200 მილიონი უახლოეს დღეებში, აპრილის ბოლომდე საბიუჯეტო დახმარების სახით ქვეყნის ბიუჯეტში გაჩნდება. დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც სავალუტო ფონდთან განახლებული გაფართოებული პროგრამა შეათანხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც კრიზისისას უნდა გადაგვედგა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავდროულად აუცილებელია მსჯელობა პოსტკრიზისულ პერიოდში მოქალაქეების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიზნობრივ დახმარებაზე. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტურობა შეზღუდვებიდან გამოსვლასა და ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადასვლასთან პირდაპირ კავშირშია.

გიორგი გახარიამ საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ბანკს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ვიდეოკონფერენციის ფორმატში რეგულარულად შეიკრიბება. სხდომის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაცია საზოგადოებას ინტენსიურად მიეწოდება.

აღნიშნულ განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...