Home » მთავარი » პუტინმა კომუნიზმი ქრისტიანობას ხოლო ლენინის ნეშტი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა

პუტინმა კომუნიზმი ქრისტიანობას ხოლო ლენინის ნეშტი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომუნიზმი ქრისტიანობას, ლენინის მავზოლეუმი და მისი ნეშტი კი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა. რუსული მედიის  ცნობით,  ამის შესახებ მან ტელეკომპანია Россия 1-ის გადაცემა  Вести недели-სთან  ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც ფილმის „ვალაამის“ შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

„ლენინი მავზოლეუმში დაასვენეს. რით განსხვავდება ეს წმინდანთა ნაწილებისგან? როდესაც მეუბნებიან, რომ ქრისტიანობას ასეთი ტრადიცია არ აქვს, არ არის მართალი. როგორ არ აქვს. ათონის მთაზე გაემგზავრეთ, ნახეთ იქ წმინდანთა ნაწილები. აი ჩვენ კი აქ გვაქვს წმინდა ნაწილები,“- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კომუნიზმის იდეოლოგია, რომელიც საბჭოთა კავშირში ააშენეს, ძალიან ჰგავს ქრისტიანობას. „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, სამართლიანობა – ეს ყველაფერი წმინდა წერილში წერია. და რა არის კომუნიზმის მშენებლობის კოდექსი? ეს ბიბლიის უბრალო, პრიმიტიული ფორმაა. აქ ახალი არაფერია,“- დასძინა პუტინმა.

ფილმი „ვალაამი“ ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ანდრეი კონდრაშოვმა გადაიღო. ეს ფილმი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა.

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა  ოქტომბერში განაცხადა,  რომ ამ პოსტზე არჩევის შემთხვევაში ლენინის დაკრძალვის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, ასეთივე იდეით ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი  გამოვიდა. ამ განცხადებას რუსეთის პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი საკითხის რეფერენდუმზე გატანის ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  კი განაცხადეს, რომ ლენინის დაკრძალვის საკითხს პრეზიდენტი პუტინი არ განიხილავს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

6 ივლისიდან სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება; დასაშვები ხდება ტრენინგებისა ...