Home » მთავარი » “რას იტყვის ხალხი?..” – ქუჩისა და თავშესაფრებისთვის გამეტებული შვილები

“რას იტყვის ხალხი?..” – ქუჩისა და თავშესაფრებისთვის გამეტებული შვილები

ფიქრია წიკლაური

ჩვენს შორის არსებობენ  ადამიანები, რომელთა  მომავალი სხვადასხვა პიროვნებებმა, (ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებმა) და გარემოებებმა განსაზღვრეს და ახლა მათ შიშველი ხელებით უწევს დაუნდობელი ცხოვრების წინააღმდეგ ბრძოლა.

გლობალიზაციის პროცესში,  საზოგადოების განვითარების მიუხედავად,  ჩვენს ქვეყანაში ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება არასასურველი ფეხმძიმობა. შვილი, რომელიც ქორწინების გარეშე ფეხმძიმდება, მშობლებს მისთვის განაჩენი გამოაქვთ და  სახლიდან უსარგებლო ნივთივით აგდებენ.   „ოჯახის შემარცხვენლის“ სახელით იარლიყმიწებებული გოგონა, თუ რა თქმა უნდა მშობლების და ნათესავების  აგრესიას იოლად  გადაურჩა დაუნდობელი გარესამყაროს პირისპირ მარტო იწყებს გადარჩენისათვის ბრძოლას. ასეთი ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფარი დედაქალაქია, სადაც, ხშირ შემთხვევაში მას არავინ იცნობს, თუმცა თბილისში  ახალი ცხოვრების დასაწყებად რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ ქუჩაში იწყებს ცხოვრებას.

ასეთ ადამიანებზე, განსაკუთრებით ბედის ანაბარა მიტოვებულ ქალბატონებზე სახელმწიფო იწყებს  ზრუნვას და მათ დროებით თავშესაფრებში ანაწილებს. თბილისში რამდენიმე დედათა და ბავშთა თავშესაფარია, რომელთა მთავარი ამოცანა ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერებაზე ზრუნვაა.

ჩვენ შევხვდით თავშესაფრებში მაცხოვრებელ რამდენიმე ბენეფიციარს, რომელთაც საკუთარ ცხოვრებაზე გავესაუბრეთ.  აღნიშნული ცენტრების მხრიდან, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ, მკაცრი მოთხოვნის გამო მათი  კონფიდენციალურობა დაცულია.

19 წლის გოგონა, რომელსაც პირობითად ლელას დავარქმევ, ერთ წელზე მეტია სოფლიდან გამოაგდეს. სკოლის დამთავრების შემდეგ  შეყვარებულთან ერთად სამომავლო გეგმებს აწყობდა, ლამაზ შვილებზე და ბედნიერ, მყუდრო ოჯახზე ოცნებობდა. როდესაც მისმა „გმირმა“ შეყვარებულმა გაიგო რომ გოგონა ფეხმძიმედაა,  გადაიკარგა სოფლიდან და ლელა ბედის ანაბარა მიატოვა. გამოუცდელმა 17  წლის გოგომ დედას უამბო ყველაფერი, თუმცა იმის მაგივრად რომ დედა თავის შვილს გვერდით დადგომოდა და მისი პრობლემა გაეზიარებინა,  გრძელ ნაწნავში ხელი ჩაავლო და მამამისთან მიათრია. გაცოფებულ მამას ერთადერთი გოგონა ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან. „ოჯახის შემარცხვენელს“ მაშინვე გამოუტანეს განაჩენი, ან აბორტი უნდა გაეკეთებინა სასწრაფოდ, ან სახლი დაეტოვებინა. გოგონამ ბავშვის გადარჩენა ამჯობინა. ის უკვე რამდენიმე თვეა დედათა და ბავშვთა თავშესაფარშია და თავის პატარას ზრდის. თუ რა იქნება მას შემდეგ, რაც თავშესაფარში ცხოვრების ვადა ამოეწურება, ლელას ამაზე წინასწარ არაფერს ამბობს.

27 წლის ნინო (პირობითად) ქმართან ერთად მუშაობის დასაწყებად  1,5 წლის წინ ჩამოვიდა თბილისში. ორი ბიჭი რეგიონში დედამთილთან დატოვა.  როდესაც ქმარმა შეიტყო, რომ ის მესამე შვილს ელოდებოდა, ბავშვის მოცილება აიძულა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიტოვებით დაემუქრა.  დაფეხმძიმების გამო ნინოს გაუწყრა თურქეთში სამუშაოდ წასული დედაც და შვილს თავისთან კონტაქტი საერთოდ აუკრძალა. ნინო არაერთხელ ყოფილა ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ამიტომ შვილზე უარის თქმას, მეუღლესთან დაშორება ამჯობინა და ცალკე, ნაქირავებ ბინაში დაიწყო ცხოვრება.  6 თვის  ორსულს  მუშაობა გაუჭირდა და სამსახურს თავი დაანება, შესაბამისად  ქირის თანხაც ვერ გადაიხადა და ქუჩაში აღმოჩნდა. მშრალ ხიდზე სკამზე  მშიერს უწევდა ღამეების გათენება, მანამ სანამ პოლიციამ თავშესაფარში მიიყვანა. ისიც თავის ჩვილთან ერთად  თბილისის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს და აქაური თანამშრომლების დახმარებით  სახავს  სამომავლო გეგმებს ცენტრიდან გასვლის შემდეგ.

ერთ-ერთი ბენეფიციარი,  24 წლის თამარი (პირობითად) თვითონაც თავშესაფარში გაიზარდა  და თავის 3 შვილსაც აქ ზრდის.  ის ყოფილ ქმარს არ ჭირდება, რადგან შვილები გააჩინა. მას ცენტრში ცხოვრების ვადა მარტში ეწურება, თუმცა აცხადებს, რომ წასასვლელი არსად აქვს და სახელმწიფოს იმედად არის, რადგან თუ გაუშვეს, შესაძლოა,  შვილებთან განშორება მოუწიოს, რადგან მათ  ვერ არჩენს. შვილების დატოვებას კი  არ აპირებს.

დედათა და ბავშვთა სახლებში 17 წლიდან 50 წლამდე ასაკის ის  ქალბატონები ცხოვრობენ, რომლებიც  ოჯახის წევრების მხრიდან შვილების გაჩენის გამო ძალადობის  მსხვერპლნი გახდნენ. ზემოთ ჩამოთვლილი ისტორიები კი მათი ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა თავშესაფარში მათ მზრუნველობა არ აკლიათ  (დღეში ოთხჯერადი კვება, პირველადი მოხმარების ნივთებით და სეზონური ტანსაცმლით აღჭურვა  ასევე უტარდებათ ამბულატორიული და სამედიცინო დახმარება) ისინი  თავის პატარებთან ერთად ცალკე ცხოვრებაზე ოცნებობენ. იმ ოჯახის წევრებთან, ახლო ნათესავებთან  ურთიერთობებზე ოცნებობენ, რომლებმაც გარესამყაროსთან პირისპირ მარტო დატოვეს.

თითოეულ მათგანთან თავშესაფრებში ფსიქოლოგები და სოც. მუშაკები მუშაობენ. სტრესიდან გამოსვლასა და ახალი ცხოვრების დასაწყისისთვის გეგმების შემუშავებაში ეხმარებიან. ძიძები ახალშობილებთან ურთიერთობას და მათ მოვლას ასწავლიან. უმეტესობა მათგანი მოტივირებულია, იციან თავისი მომავალი როგორ დაგეგმონ და თავშესაფრიდან წასვლის შემდეგ როგორ გააგრძელონ ცხოვრება, თუმცა არიან პასიური ბენეფიციარები, რომლებსაც არ აქვს განათლება და პროფესია, არ იციან რა უნდათ, რას იზამენ, როდესაც ისევ ქუჩაში მოხვდებიან.

როგორც ერთ-ერთ თავშესაფარში განგვიცხადეს, მოტივირებულ დედებს ცენტრიდან გასვლის შემდეგ მათივე ადმინისტრაცია შუამდგომლობს სახელმწიფოსთან, სანამ ცხოვრებას ააწყობს, ბინის ქირის გადასახადი რამდენიმე თვის განმავლობაში დაუფინანსოს. შემდეგ კი დასაქმების  და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების შემდეგ  უკვე თვითონ  იხდის ქირის თანხას.

არიან მშობლები, რომლებიც გონს მოეგნენ და შვილის და შვილიშვილის თავშესაფრიდან წაყვანა გადაწყვიტეს.

კითხვაზე, თუ რა ქნას მომავალში იმ დედამ, რომელსაც თავშესაფარში ყოფნის ვადა ამოეწურა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განგვიმარტეს: „გარდა იმისა, რომ ასეთ ადამიანებთან ვმუშაობთ და ვახორციელებთ ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას,  ერთი წლის მანძილზე ბენეფიციარს სახელმწიფო ეხმარება პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში, ვაძლიერებთ თანადგომის ქსელს, თუ მაგალითად მშობელმა გამოაგდო  ფეხმძიმე შვილი სახლიდან მის ნათესავებს, ახლო მეგობრებს ვუკავშირდებით და ვცდილობთ მათთან ურთიერთობის მოგვარებაში. ასევე  ვეხმარებით დასაქმებაში, დაგვეთანხმეთ, სახელმწიფო ასეთ ბენეფიციარზე მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, ჩვენ ვამზადებთ საიმისოდ, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრების გაგრძელება“.

მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ყოველწლიურად წარმატებით განხორციელებისა, ჩვენს ქვეყანაში ნომერ პირველ პრობლემად ისევ რჩება კითხვა:  „რას იტყვის ხალხი?!“…

თუ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი მოიხსნება და სახელმწიფო სამუშაო ადგილების პრობლემის მოგვარებასთან ერთად  ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც იზრუნებს, ასევე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში განათლების უკეთეს დონესაც დანერგავს, იქნებ მომავალმა თაობამ მაინც დაამსხვრიოს არსებული სტერეოტიპები და ამ სტერეოტიპებს შეწირული უამრავი ქალბატონი, რომელთა ფსიქო-ემოციური სტრესიდან გამოყვანას არც თუ ცოტა დრო დაჭირდება.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...