Home » ემიგრანტები » “რატომ გონიათ, რომ უცხოელების მიერ დამამცირებელი მოპყრობა გვირჩევნია ჩვენს მიწა-წყალზე მუშაობას და ჩვენი შვილების გვერდით ყოფნას?”

“რატომ გონიათ, რომ უცხოელების მიერ დამამცირებელი მოპყრობა გვირჩევნია ჩვენს მიწა-წყალზე მუშაობას და ჩვენი შვილების გვერდით ყოფნას?”

 

ემიგრანტები – ჩვენი, თითოეული აქ დარჩენილი ქართველის ტკივილი…  ემიგრანტების ტკივილი – საქართველოს, ოჯახის გარეშე ცხოვრება… 

ნანა იმერლიშვილი, რომელიც უკვე წლებია ისრაელში შვილების გარეშე ცხოვრობს, თავის გულის ტკივილს გვიზიარებს:

ისევე როგორც საქართველოდან წამოსული ყველა ადამიანი, უცხოეთში მეც პრობლემებმა ჩამომიყვანა. ფინანსური კრიზისის გამო ბინა გავყიდეთ და ჩემი მშობლების ბინაში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად.

საკმაოდ დიდი თანხა ვისესხე და ისრაელში სამუშაო ვიზით წამოვედი.

უკვე ხუთი წელია  აქ ვარ და ასე მგონია საუკუნე გავიდა, რაც ჩემი შვილები, ჩემი მშობლები, ჩემი სამშობლო არ მინახავს. 6-7 წლის წინ ჩემთვის რომ ეთქვათ უცხოეთში მოგიწევს წასვლა და იქედან შენი ოჯახის რჩენაო, ვერაფრით წარმოვიდგენდი. მანამდე არსად ვყოფილვარ დიდი ხნით ჩემი შვილების გარეშე და ამიტომ ძალიან გამიჭირდა.

ჩემს შვილებს წინააღმდეგობა არ გაუწევით, იცოდნენ, რომ საჭირო იყო ჩემგან ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა შემდეგ როგორც გავიგე, ძალიან განიცადეს ჩემი წამოსვლა.

სამუშაო ვიზა იმ ოჯახმა გამომიგზავნა, სადაც მუშაობა დავიწყე. აქ ქალები ან მოხუცებს ვუვლით, ან ბინებს ვალაგებთ. მეტი შემოთავაზება ჩვენთვის არ არსებობს. რამდენი უმაღლესიც უნდა გქონდეს დამთავრებული და როგორი კვალიფიკაცია და გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს სხვადასხვა სფეროში, ამათთვის სულ ერთია. შენ ხარ მოსამსახურედ ჩამოსული და მორჩა.

ჩამოსვლის დღიდანვე ძალიან გამიჭირდა აქაურ გარემოსთან შეგუება და დღემდე ასეა…  ვერასოდეს შევიყვარებ უცხო მხარეს. რაც არ უნდა დიდხანს ვიცხოვრო აქ, მუდამ ჰაერის უკმარისობა მექნება. აქ ყველაფერი გახუნებულია, მიწაც, ცაც, ჰაერიც.

ყოველთვის მგონია, რომ აქ მხოლოდ ჩემი სხეულია, ჩემი დანარჩენი სული და გული საქართველოში, ჩემს შვილებთან არის. ჩემს ბიჭებს როდესაც ვესაუბრები სკაიპით, სულ იმას ვეუბნები, წარმოიდგინეთ, რომ სულ თქვენს გვერდით ვარ, არასოდეს იგრძნოთ თავი ჩემს გარეშე, სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მეთქი.

ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი შვილების შემთხვევაშიც მოხდა გაუცხოვება. ერთმანეთთან სალაპარაკო თემას ვერ ვპოულობთ. მგონია, რომ მათ ჩემთვის სათქმელი აღარაფერი აქვთ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ორი ბიჭი ჯერ კიდევ ბავშვები დავტოვე და უკვე დიდები არიან. ამას ძალიან განვიცდი და ძალიან მტკივა გული.

მიუხედავად იმისა, ფინანსურად ოჯახი წელში გასწორდა, სულ უკმაყოფილების გრძნობა მექნება, ყოველთვის განვიცდი ჩემი შვილების გარეშე გატარებულ წუთებს, დღეებს, წლებს, რომელსაც ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ ამინაზღაურებს სამწუხაროდ. მენატრება ის დრო, როდესაც ჩემს გვერდით იყვნენ და მათთან ურთიერთობით უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ემიგრანტები დავუბრუნდეთ ჩვენს სამშობლოს. კარგი იქნებოდა იზრუნონ, რომ დაგვაბრუნონ ჩვენს ქვეყნებში და მცირე სამეწარმეო საქმიანობას თუ წამოვიწყებთ, გვერდში დაგვიდგნენ და ხელი შეგვიწყონ. დროებით გადასახადისგან გაგვანთავისუფლონ. ჩვენ აქ იმიტომ ვაგრძელებთ მუშაობას,რომ მანდ ჩამოსვლისას არანაირი პერსპექტივა, დასაქმება არ გველოდება და იძულებულნი ვართ ისევ აქედან დავეხმაროთ მანდ მიტოვებულ ოჯახებს. რატომ გვხდიან იძულებულებს, რომ ისევ აქ სხვის მოსამსახურედ ვიმუშაოთ?  გული მწყდება, როდესაც ვისმენ, რამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევენ საქართველოს მოქალაქეობას და რამდენ გადამთიელზე ყიდიან ჩვენს მიწებს. ქართველებისგან კი სოფლები  დაცლილია.  აქ გადმოხვეწილ ემიგრანტებზე რომ იზრუნოს ჩვენმა ხელისუფლებამ და სოფლებში მიწები და საცხოვრებელი გამოგვიყოს, ნაკლებად რომელი ვიმუშავებთ? რატომ გონიათ, რომ უცხოელების მიერ დამამცირებელი მოპყრობა გვირჩევნია ჩვენს მიწა-წყალზე მუშაობას და ჩვენი შვილების გვერდით ყოფნას?

ძალიან ძნელია ვინმეს ვურჩიო მიატოვოს ოჯახი, შვილები, მშობლები, თავისი ქვეყანა და ვალი აიღოს უცხოეთში წამოსასვლელად. ეს არის ძალიან დიდი, გრძელი და ეკლიანი გზა…

 

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...