Home » მთავარი » “რატომ უწყობთ ხელს სოფლის დაცლას? რატომ გახსენდებით მხოლოდ არჩევნების წინ?“

“რატომ უწყობთ ხელს სოფლის დაცლას? რატომ გახსენდებით მხოლოდ არჩევნების წინ?“

დღეს სააგენტოს სოფელ სუფსას მაცხოვრებელი მარიკა გურგენაძე დაუკავშირდა, თუმცა კავშირი გაწყდა და აღელვებულმა ქალბატონმა ვერ შესძლო თავისი გაჭირვების მოყოლა. მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მერე გაგვახსენდა, რომ სუფსაში იმყოფებოდა „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, სუფსის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა მჟავია და მას ვთხოვეთ ქალბატონთან მისვლა და მისი სათქმელის ჩვენამდე მოწოდება.

ზაზა მჟავიამ ქალბატონი მონახა და დაგვაკავშირა. აი, რა გვიამბო მარიკა გურგენაძემ:

-„სოფელს არა აქვს პოლიკლინიკა, მიუხედავად იმისა, რომ აქვს საავადმყოფო, იქ ჯანმრთელი ადამიანის შესვლაც არ შეიძლება არათუ ავადმყოფის, არ არსებობს პენსიონერთათვის არანაირი მომსახურება, რომელიც მათ ეკუთვნით ჯანდაცვის სფეროში, ვინაიდან უბრალო ანალიზის ასაღებად უნდა წავიდნენ ლანჩხუთში, რომელიც ოცდაორი კილომეტრითაა დაშორებული სუფსიდან, არანაირი პირობები არა აქვთ ბავშვთა ექიმებს, სოფელს არა აქვს საბავშვო ბაღი, ინფრა სტრუქტურა განადგურებულია, კულტურის სახლი, რომელშიც 80-ან  წლებში კინო-თეატრი იყო, არის მოუწესრიგებელი და ამორტიზებული, მართალია გახსნილია ცეკვის წრე, მაგრამ ზამთრის პერიოდში ყოფილა შემთხვევები, როცა ბავშვები გაცივდნენ იმის გამო, რომ შენობაში ჩადის წყალი და არავითარი გათბობა და პირობები არ არსებობს.

რკინიგზის სადგური, რომელიც გაუქმების და დანგრევის პირასაა, არ ექცევა ყურადღება მაშინ როცა, სუფსა საკმაოდ დიდი სოფელია და თითქმის ხუთ დიდ სოფელს და უბანს აერთიანებს, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სუფსა ზღვიდან დაშორებულია ხუთი კილომეტრით და ითვლება საკურორტო ზონად, რის გამოც დამსვენებელიც საკმაოდ ბევრია, მაგრამ არ არსებობს მათთვის ელემენტარული პირობები, კერძოდ მოუწესრიგებელია სოფლის შიდა გზები, წვიმის დროს დგება წყლები და მრავალი ეზო და სახლი იტბორება, არადა რამდენი დამსვენებელი და ტურისტი მოვიდოდა სოფელში…

სოფლის ცენტრშიც ასფალტი ნახევრად დააგეს და ისიც უხარისხოდ,  პარტახდება!  იცვლებოდნენ გამგებლები და დეპუტატები, რომლებიც ისევ ამ სოფლის მკვიდრნი იყვნენ და არიან და მათი მხრიდან დაპირებების გარდა არაფერი არც მოგვისმენია და გაკეთებით არაფერი არ კეთდება,

კითხვით მივმართავ ხელისუფლებას – რატომ არ ექცევა ყურადღება სოფლებს და რატომ კეთდება აქცენტი მხოლოდ ქალაქებზე, რატომ უწყობენ ხელს სოფლის დაცლას?  რა დავაშავეთ აქ მაცხოვრებლებმა, რომ საერთოდ უყურადღებოდ ვართ, არანაირი პირობები არ არსებობს ბავშვთა ჯანდაცვის კუთხით, რაც საკმაოდ მძიმე პრობლემაა ჩვენთვის.

 

ხელისუფლებავ,  რატომ გახსენდებით მხოლოდ არჩევნების წინ?“

 

ჩვენ ქალბატონს პირობა მივეცით, რომ სოფლის სატკივარს გავასაჯაროვებდით და დავწერეთ კიდეც. თუ რაიონის ხელმძღვანელობა სურვილს გამოთქვამს და პასუხს გასცემს ქალბატონ მარიკას, სააგენტო მზადაა მათი კომენტარიც გაასაჯაროოს.

Facebook Comments
x

Check Also

გვაქვს სრული მზადყოფნა ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს

ირაკლი სესიაშვილი: გვაქვს სრული მზადყოფნა, ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს ...