You are here
რა არის ე.წ. “ყალბი ახალი ამბები” და როგორ ამოვიცნოთ ისინი ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბლოგი ეს საინტერესოა მთავარი ყველა სიახლე 

რა არის ე.წ. “ყალბი ახალი ამბები” და როგორ ამოვიცნოთ ისინი ქართულ ინტერნეტ სივრცეში

დავით დოლიძე 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ჟურნალისტიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობა კომუნიკაციების ლანდშაფტს სრულიად ცვლის და ჟურნალისტიკის ხარისხზე, სანდოობასა და გავლენაზე შეკითხვებს აჩენს. არსებობს ორგანიზებული კამპანიები, რომლებიც სიცრუის ტირაჟირებაზე მუშაობენ და დეზინფორმაციას, მისინფორმაციას ან მალ-ინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებაში. ამ ყველაფერს კი ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად აზიარებენ სოციალურ მედიაში.

არ არსებობს ყალბი ახალი ამბის აღიარებული დეფინიცია, მაგრამ მეტად დამკვიდრებული
გაგებით იგი არის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული
დეზინფორმაცია/ტყუილი, რომელიც ინფორმაციის წყაროს პოპულარიზაციას ან/და
კონკრეტული ჯგუფის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გატარებას ემსახურება. თუმცა,
ყალბი ინფორმაციის მაგალითებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მათში მოცემული
ინფორმაცია ხშირად ცალსახად ტყუილს არ ეფუძნება და სიმართლის ელემენტებიც
შეიძლება აღმოვაჩინოთ. სწორედ ამიტომ, ყალბი ამბები არა მხოლოდ აუდიტორიის
სიცრუეში შეყვანას, არამედ მათი დაბნევის მიზანსაც შეიძლება ემსახურებოდეს.

იმისათვის, რომ ამოვიცნოთ ყალბი ამბავი, დასაწყისში აუციელებელია, კრიტიკულად
შევხედოთ ინფორმაციას, რომელსაც სოციალურ თუ ტრადიციულ მედიაში ვპოულობთ.
ამბის კრიტიკულად გააზრებისთვის კი გთავაზობთ შემდეგ რჩევებს:


შევამოწმოთ წყარო – ყალბი ამბის აღმოსაჩენად აუცილებელია, შეამოწმოთ და
მისამართი იმ ორგანიზაციისა თუ მედიასაშუალების, რომელიც ინფორმაციის წყაროს
წარმოადგენს. თუ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ამბავს იკვლევთ, გადაამოწმეთ
ვებგვერდის მისამართი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ყალბი ამბის გამავრცელებელი
სააგენტოები რეგისტრირდებიან სანდო მედია საშუალების სახელით, მაგალითად,
abcnews.com.co; NBC.com.co, Times.com.mx. აღნიშნული ვებგვერდების მიზანია
მკითხველი დააბნიოს და აფიქრებინოს თითქოს ისინი Times-ის, NBC-ის და სხვა
მსგავსი ცნობილი მედიასაშუალების წარმომადგენლები არიან.

Politifact.com-მა რომელიც ერთ-ერთი წამყვანი Fact-Check ორგანიზაციაა გამოაქვეყნა საეჭვო და
შესაძლო ყალბი ამბების გამავრცელებელი სააგენტოების სია. შესაძლოა ქართულმა მედიასაშუალებამ ამ რომელიმე სააგენტოს ინფორმაცია გადმოთარგმნოს და ის
გაასაღოს სანდო წყაროდ.

წყაროს შემოწმებისას აუცილებლად მოძებნეთ მათზე ინფორმაცია Fact-Checking ორგანიზაციების ვებგვერდებზე, შესაძლოა, მათ უკვე იდენტიფიცირებული ქონდეთ ესა თუ ის სააგენტო ყალბი ამბების გავრცელებაში.

პროვოკაციული სათაური – ინფორმაციული რევოლუციის ეპოქაში ძალიან ხშირად
ადამიანები მხოლოდ სათაურს კითხულობენ. ყალბი ამბების გამარცელებელი
სააგენტოები ხშირად პროვოკაციულ სათაურებს გვთავაზობენ. ისეც ხდება, რომ
სათაური და სტატიაში აღწერილი ინფორმაცია შეიძლება სხვადასხვაც კი იყოს.
შესაბამისად, თუკი მსგავსი ტიპის ინფორმაციას გადააწყდით, აუცილებლად
წაიკითხეთ სრულად სტატია.

შეამოწმეთ სტატიის ავტორი – აუცილებელია, შეამოწმოთ მითითებული აქვს თუ არა
სტატიას ინფორმაცია ავტორის შესახებ. ხშირად, ყალბი ინფორმაციის
გამავრცელებელი ორგანიზაციები არ უთითებენ ავტორს. თუ კი მითითებულია,
მოძებნეთ მის შესახებ ინფორმაცია და დარწმუნდით რამდენად სანდო შეიძლება იყოს
ავტორი. მოიძიეთ მისი სხვა სტატიები.
 წყაროს შესახებ ინფორმაცია – როგორც წესი, ყველა სანდო მედიასაშუალებას
მითითებული აქვს „ჩვენს შესახებ“ და „კონტაქტის“ სექციაში ინფორმაცია. თუკი
ინფორმაციის გამარცელებელი წყაროს ვებგვერდზე მსგავსი სექციები არ არსებობს,

გარკვეული ეჭვები ჩნდება მათი სანდოობის მიმართ. თუკი მითითებული აქვთ
ინფორმაცია, გაეცანით მათ. გადაამოწმეთ ყურადღებით, შესაძლოა სატირული
სააგენტო იყოს და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხუმრობა აღმოჩნდეს
სინამდვილეში. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდზე სარეკლამო ბანერების
სიმრავლეს – ე.წ. pop-up-ების, ფლეშ ბანერების და სხვა სახის რეკლამებს.


შეისწავლეთ სტატია – სტატიაში გადაამოწმეთ რამდენად არის მითითებული თარიღი,
წყაროები, ბმულები. როგორც წესი, ყალბი ამბის გამავრცელებელი ორგანიზაციები არ
უთითებენ ამ ტიპის ინფორმაციას. ისინი იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა:
„ექსპერტების თანახმად“, „მკვლევარების დასკვნით“, თუმცა არ გვისახელებენ
პიროვნებებს და არ უთითებენ იმ კვლევას, რაზეც საუბრობენ.

ალტერნატიული წყარო – აუცილებელია, ნებისმიერი ამბის გადამოწმებისას,
მოძებნოთ ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები, მოიძიოთ რას იუწყებიან ამბავზე
სხვა სანდო მედიასაშუალებები.

თუკი თქვენ თავად არ გაქვთ დრო გადამოწმების, შეგიძლიათ გადამოწმებისათვის
მიმართოთ იმ ორგანიზაციების, რომლებიც ფაქტების გადამოწმებით არიან
დაკავებულნი.

 

წყარო: მონაცემთა ჟურნალისტიკისა და ფაქტების
გადამოწმების (Fact-Checking) სახელმძღვანელო;  www.unesco.org 

 

Comments

comments

Related posts