Home » მთავარი » რეფორმის დრამატული კონტექსტი

რეფორმის დრამატული კონტექსტი

სალომე კაპანაძე

ორგანიზაცია ,,აფხაზეთი- ჩემი სახლი”.

საქართველოში კარგა ხანია, ურმის გადაბრუნების შემდგომაც აღარ მოჩანს  გზა.   ოცდახუთი წელია იმ გზაჯვარედინზე ვდგავართ, რომელსაც აფხაზეთამდე უნდა მივეყვანეთ. უნდა მივეყვანეთ, მაგრამ პარტიკულარიზმის სენით დაავადებულ პოლიტიკურ ელიტას ეს საბედისწერო საკითხი   სიტუაციურად პატრიოტიზმის სადემონსტრაციოდ და დევნილთა ხმების მოსაპოვებლად ახსენდებოდა ხოლმე. მაგრამ  გულის სისხლი მაინც ვერავინ გაიღო. ზოგს ქარიზმა არ ეყო, ზოგს- წინდახედულება და პოლიტიკური გამჭრიახობა. წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალეთ ის, რომ  აღვაშფოთედ მეგობარი სახელმწიფოები, შემდეგ მოვდუნდით და შევეჩვიეთ ამ რეალობას,

ბოლო  საარჩევნო მარათონზე, სადაც გამარჯვება ისეთივე ილუზიაა, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ყველა აქამდე არსებული მცდელობა, ეს საკითხი მინორულადაც  არავის უხსენებია.  უკვე ეს მცდელობაც ჩაგვაკვდა ხელში. აფხაზეთი დარჩა დევნილთა და ნამუსიან შემოქმედთა სენტიმენტალურ მოგონებებში. აფხაზეთი შერჩა განსახლება -შესახლების პრობლემასა და ბიუჯეტის ,,ყაირათიანი“ განაწილების საკითხს, რომლის აღსრულების მექანიზმი დევნილთა ქამრების შემოჭერაზე ანუ შემწეობის რეფორმირებაზე უნდა გაიაროს და გაივლის კიდეც, რადგან დრომ უკვე იმუშავა.

პატივცემულო კომისიის წევრებო, ნუ შეგეშინდებათ სოციალურ ქსელში გამოთქმული   არაცნობადი სახეების პროტესტის, ამ პოსტს ისე ჩაყლაპავს ცუკერბერგის  გვერდი, როგორც ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების, ენგურსგაღმა დარჩენილი საქართველოს მიმართ, მაგრამ არ ჩაყლაპავს ისტორია- ყველაზე დიდი მსაჯული. მას თავისი კოდექსი აქვს და, როგორც წესი,  ,,კომისიის წევრების“  მოსაზრებები მასზე გავლენას ვერ ახდენს.

ნუ შეგეშინდებათ, ბატონებო, ადა მარშანიას განწირული კივილის პარლამენტში.  ის ბოლო მოჰიკანია….

ნურც აფხაზეთის მთავრობა დაგაფრთხობთ, მათ ხომ  კარგა ხანია არაფერს ეკითხებით.

ნურც დევნილთა პროტესტს მოელით. ჩვენს შორისაც აღმოჩნდებიან კრეატიულად მოაზროვნეები, ვისთვისაც ამ რეფორმის კონტექსტი გაუგებარი დარჩება და მას პრაგმატულად გადაახურდავებენ მართლაც ისეთ მტკივნეულ ყოფით პრობლემაზე, როგორიც საცხოვრებელია.

კიდევ ერთი რეფორმაც და დამთავრდება ,,ეს წყევლა-კრულვიანი საკითხიც“, დამთავრდება ოცდახუთწლიანი გაქცევა აფხაზეთიდან.

წარმატებას გისურვებ, ჩემო ქვეყანა…მე ვრჩები ,,ჩარეცხილებს“ შორის და ყოველ ჯერზე შეგახსენებ, რომ ყოველი ამ ტიპის რეფორმის მიღმა,  დგას რაღაც ,,ისეთი“ , რომლის მიმართ თქვენ კარგა ხანია დაკარგეთ მგრძნობელობა.

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...