Home » მთავარი » რიგგარეშე სესიის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა

რიგგარეშე სესიის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა

პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მიერ სამ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლია. დეპუტატებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და კენჭისყრების შედეგად, ხმათა უმრავლესობით პროექტების პირვანდელ რედაქციას დაუჭირეს მხარი.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით წარმოდგენილ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ“ ორ კანონპროექტზე ვეტო 94 ხმით  5-ის წინააღმდეგ და 92 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაიძლია. „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას კი მხარი 94-მა  დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. 

პრეზიდენტმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიგანხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – „საარჩევნო კოდექსთანდაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის წევრებს  პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო და ის არგუმენტები წარმოადგინა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტებზე ვეტოს დადებისას იხელმძღვანელა.

საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ.

მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილ პაკეტში არის მრავალი ცვლილება, თუმცა, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე, არის ცვლილება, როდესაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ერთმევა შვიდ ქალაქს.

ანა დოლიძის განმარტებით, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება არის აშკარად გადამეტებული და არაპროპორციული ღონისძიება და ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა მისაღები, თუ  პრობლემატური სიტუაციის არსებითი გაუმჯობესების მკაფიო პერსპექტივა იარსებებდა.

მისივე თქმით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა ქვეყანას უარყოფით შედეგს მოუტანს, მით უფრო, რომ თვითმმართველობის კუთხით აქამდე გადადგმული ნაბიჯების და იმ რეფორმების შედეგად, რომელიც ამ მიმართულებითქართულმა ოცნებამგანახორციელა, საქართველოს მდგომარეობა და რეპუტაცია თვითმმართველობის და დემოკრატიის მიმართულებით საერთაშორისო წრეებში გაუმჯობესდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი.

მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას, მომხსენებელმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით იქმნება არათანაბარი გარემო, ქალაქს ეზღუდება შესაძლებლობა მიიღოს მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხა საკუთარი პრიორიტეტების დასაფინანსებლად და ქალაქებისთვის მაჟორიტარების დამატება საარჩევნო ხმის წონის თვალსაზრისით არსებულ უთანაბრობას ვერ აღმოფხვრის.

ანა დოლიძის განცხადებით, მოტივირებული შენიშვნების სახით წარმოდგენილი კანონპროექტები, არსებული თვითმმართველი ქალაქების სტატუსის და თვითმმართველ თემში გამგებლის თანამდებობის უცვლელი სახით შენარჩუნებას ითვალისწინებს.

მოტივირებული შენიშვნები თვითმმართველი თემის გამგებლისა და თვითმმართველი ქალაქის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას კვლავინდებურად პრეზიდენტის კომპეტენციად განსაზღვრავს.

საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მოთხოვნების გათვალისწინება, რომლის თანახმად, ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მოხდეს ცვლილება, ხოლო იქ, სადაც ეს კანონით ნებადართულია, ასეთი ცვლილება რეფერენდუმის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

არგუმენტირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ, ანა დოლიძემ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. გამოიკვეთა, რომ დეპუტატები წარმოდგენილ შენიშვნებს არ ეთანხმებიან. მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, ცალკეულმა დეპუტატებმა საკუთარი, ასევე ფრაქციებისა და კომიტეტების პოზიციები წარმოადგინეს.

უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მომხსენებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მოტივირებულ შენიშვნებზე იმუშავა მადლობა გადაუხადა. „მინდა ყველა იმ ადამიანს ვინც წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე იმუშავა მადლობა გადავუხადო. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, იქნება თანამშრომლობა, დიალოგის გაგრძელება პრეზიდენტის ინსტიტუტთან,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დოკუმენტში გარდა კრიტიკისა არის ასევე სამართლიანი და სწორი შეფასება იმ რეფორმებისა და გაწეული საქმიანობისა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში თვითმმართველობების განვითარების კუთხით განხორციელდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა  ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო ცვლილებების განხორციელების პერიოდს ეხება, განაცხადა, რომ ეს პერიოდი კალენდარულად დაემთხვა საარჩევნო წელს.

მე-9 მოწვევის პარლამენტი არჩეული იქნა გასული წლის ბოლოს და ეს გონივრული ვადა, ზამთრის პერიოდი გამოვიყენეთ ზუსტად იმისათვის, რომ ანალიზისა და დიდი მსჯელობის შედეგად მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც დღეს სახეზეა და რაზეც დღეს ვსაუბრობთ. ეს ბუნებრივად დაემთხვა საარჩევნო წელს და თუ ამას არ განვახორციელებდით ამ პერიოდში, მაშინ უნდა შევგუებოდით იმ აზრს, რომ მინიმუმ ოთხი წლით გადაიწევდა ამ ცვლილებების განხორციელება და ჩვენთის მიუღებელი იქნებოდა ოთხი წლით გადაგვედო საქმე, რომლის გაკეთება შეგვიძლია დღეს,“-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილმა მოსაზრება მუნიციპალიტეტების საკუთარ შემოსავლებთან დაკავშირებითაც გამოთქვა. მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, ატარებენ თუ არა ქალაქები თვითმმართველი ქალაქის სტატუსს, საკუთარი შემოსავლები გაზრდილია ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა ქალაქში. მისი თქმით, ეს გამოიწვია არა ორი წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სტატუსის მინიჭებასთან ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით,  არამედ, ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებულმა დამატებითმა შემოსავლებმა და საკუთარი შემოსავლების ნაწილის  ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვებამ.  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ  განმარტა, რომ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, კომიტეტმა არ მიიჩნია მიზანშეწონილად მოტივირებული შენიშვნებისათვის მხარი დაეჭირა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქცია პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ მოტივირებულ შენიშვნებს მხარს უჭერს. მისი თქმით, პარლამენტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს არ აქვს საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა და არის ხელისუფლებისთვის სასარგებლო საარჩევნო ინიციატივები.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, საკითხი, რომელზეც დღეს პარლამენტი მსჯელობს ვეტოს ნაწილში არასწორადაა შემოთავაზებული. რეალურად, საჭიროა საუბარი იმაზე, თუ რა სარგებელს მიიღებს თითოეული მოქალაქე აღნიშნული რეფორმით და რამდენი თვითმმართველობა უნდა იყოს ერთ გეოგრაფიულ სივრცეში. „მე მგონია, რომ ორიენტირი არის სწორი და ჩვენ ის ძალიან არგუმენტირებულად უნდა დავიცვათ. არ მიმაჩნია, რომ ეს არის არგუმენტირებული ვეტო, ვინაიდან არ არის გათვლილი არსებითზე, რომ კონკრეტულმა მოქალაქემ მიიღოს კონკრეტული მომსახურეობა. როდესაც საუბარია თვითმმართველობის რეფორმის პოზიტიურ მხარეზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, დიახ, ჩვენ შემოვიღეთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირდაპირ არჩეული მერები და გამგებლები. ეს არის ის სიკეთე, რომელზეც დასავლეთი ლაპარაკობს, რომ თვითმმართველობა სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქცა თვითმმართველობად,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა გამოხატა. მისი განცხადებით „ეს კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის როგორც დემოკრატიულ და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განვითარებას. თვითმმართველობის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი. ყველა პროექტი სოფლის განვითარებაზე არის მკვდრადშობილი, თუ ირგვლივ რაიონული ცენტრები არ განვითარდა,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

 საპარლამენტო უმრავლესობის  პოზიცია და არგუმენტები „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პირადად, ყურადღებით გაეცნო და მისი შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო დაუსაბუთებელია. არცერთი არგუმენტი არ არის მოყვანილი რეალურად, რომელიც დაასაბუთებდა ამ ვეტოს. საუბარია ნულოვან არგუმენტაციაზე. „კოლეგებო, ჩვენ შეგვიძლია, აბსოლუტურად სუფთა და თავისუფალი სინდისით უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო და მხარი დავუჭიროთ პირვანდელ ცვლილებებს,“-მიმართა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებს.

მისი თქმით, შენიშვნები არგუმენტებით არ არის დასაბუთებული. პრეზიდენტის შენიშვნაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შემთხვევაში, ეს ერთეულები კარგავენ საკუთარი ურბანული განვითარების დაგეგმვის შესაძლებლობას.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არგუმენტი არ არის მოყვანილი კიდევ ერთ შენიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის კომუნალური პრობლემების მოგვარების გართულებას ეხება. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც.

სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა რეალობას უნდა ერგებოდეს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დეცენტრალიზაციასა და დაშლას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, თვითმმართველობის სისტემა გარკვეულ ლოგიკას ემორჩილებოდეს, რომელიც ურბანული და არაურბანული დასახლებების ურთიერთქმედებას გულისხმობს. მისივე განცხადებით, სამთავრობო გუნდთან კონსულტაციები უკვე გაიმართა და პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთქმედებით, დეცენტრალიზაციის საერთო ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის ხარისხის ფუნდამენტურ გაუმჯობესებას და პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციონალიზაციასა და კონსოლიდაციას ემსახურება.

პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით წარმოდგენილ „საარჩევნო კოდექსის ორი სხვადასხვა კანონპროექტის შესახებ, რომელთაგან ერთი თვითმმართველი ქალაქებისა და თემების საკრებულოების ახლებურად ფორმირებას და საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდას, ხოლო მეორესაარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება გააუარესებს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, ამიტომ ის მიმართავს პარლამენტს, რომ ძალაში დარჩეს დღეს არსებული მოდელი და უარი თქვას კანონპროექტებით გათვალისწინებულ ცვლილებებზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოზიციაზე, რომელიც „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს ეხებოდა,  კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ისაუბრა.

ვეტო, რომელიც თავისთავად ნიშნავს აკრძალვას და მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმია, მისი გამოყენება ხდება განსაკუთრებული შემაკავებელი მექანიზმის გამოყენების დროს. უნდა იყოს განსაკუთრებული რამ და მას ჭირდება განსაკუთრებული დასაბუთება, წონადი არგუმენტები და გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ამას ჩვენ ვეტოთა განხილვის დროს ვხედავთ,“-განაცხადა ეკა ბესელიამ

ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იყო ნათელი პასუხი იმისა, რომ არ არსებობს არც ერთი არგუმენტი და მყარი შემოთავაზება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მომხდარიყო კანონპროექტებთან დაკავშირებით არსებული პოზიციების გადახედვა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ტერმინოლოგიურ ცვლილებას და ტექნიკურ და ორგანიზაციულ საკითხებს, ისეთი განსაკუთრებული მექანიზმი, როგორიც ვეტოა. არ უნდა იყოს გამოყენებული

ეკა ბესელიამ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ პოზიციებზე დეტალური განმარტებები გააკეთა.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“  სახელით ფრაქციის წევრმა, ირმა ინაშვილმა ისაუბრა და  „საარჩევნო კოდექსის“  არსებულ ვერსიასთან დაკავშირებით  კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა. „ჩემი და ოპოზიციის ვალი ის არის, რომ მიგანიშნოთ იმ საფრთხეებსა და რისკებზე, რომლის წინაშეც ქართული დემოკრატია დგას დღეს,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკული პოზიცია, სერგო რატიანმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონი არის სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯი.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეაფასა.

არგუმენტების არარსებობა და პოლიტიკური მიკერძოების პირდაპირი ნიშნები მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომ ამ შემთხვევაშიც, აბსოლუტურად სუფთა სინდისით შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ჩვენ პირვანდელ კანონპროექტს და დავძლიოთ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაზე აპრობირებულ და ყველაზე სამართლიანად აღიარებული მეთოდით კომპლექტდება და დაცული იქნება პარიტეტის პრინციპი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პოლიტიკურ კონფიგურაციაზეც. მისი თქმით, რომ არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილების განაწილების წესის ცვლილება, პოლიტიკური პარტიები ადგილს დაკარგავდნენ

„რომ შევაჯამოთ, გვაქვს აშკარად ორი პრობლემა, პირველი პრობლემა ეს არის არგუმენტების აბსოლუტური დეფიციტი, გვაქვს ნულოვანი დოზით წარმოდგენილი არგუმენტები. ჩვენ გვაქვს არგუმენტები სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პროპორციულობასთან დაკავშირებით, პარიტეტის პრინციპთან დაკავშირებით, თქვენ თუ მოისმინეთ დღეს რაიმე არგუმენტი ამის წინააღმდეგ? არცერთი არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ეს პოზიცია არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მეორე მთავარი პრობლემა მდგომაროებს იმაში, რომ აქ ვლინდება პოლიტიკური მიკერძოება, რაც არის ძალიან სამწუხარო იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, უნდა იყოს ნეიტრალური სუბიექტი ამ მმართველობის სისტემაში. არგუმენტების არარსებობა და პოლიტიკური მიკერძოების პირდაპირი ნიშნები მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომ ამ შემთხვევაშიც, აბსოლუტურად სუფთა სინდისით შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ჩვენ პირვანდელ კანონპროექტს და დავძლიოთ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პლენარულ სხდომაზე  თამბაქოს კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით განიხილეს.

რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ათამდე კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტმა დღესვე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ყაზახეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების განმეორებითი რესტრუქტურიზაციის შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე“.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...