Home » ინტერვიუ » როგორ ხდება ადამიანი თამაშდამოკიდებული და სად არის ზღვარი-ფსიქოთერაპევტის რჩევა

როგორ ხდება ადამიანი თამაშდამოკიდებული და სად არის ზღვარი-ფსიქოთერაპევტის რჩევა

 დავით დოლიძე

ითვლება თუ არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანი ფსიქოლოგიურად განადგურებულ პიროვნებად?!

ვესაუბრებით ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს ანასტასია მარღანიას.

ლუდომანი, იგივე აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილი ერთი ადამიანი მაინც, რომ არ იყოს. სამწუხარო ის არის, რომ ლუდომანიით დაავადებული ადამიანი ხშირად მთელი ფინანსური რესურსის დაკარგვის სანაცვლოდ იღებს აზარტით მინიჭებულ სიამოვნებას.

ხშირია ფაქტები, როდესაც მოთამაშეს უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვით მიღებული ფული წაუგია და თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე. როგორია ლუდომანი ადამიანის ფსიქიკა? რამდენად შეიძლება თავის დახწევა ამ პრობლემისგან? ამ და სხვა მრავალ საინტერესო კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტ ანასტასია მარღანიას გავესაუბრეთ.

-არის თუ არა აზარტი ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

-აზარტი იწყება განწყობით და დიახ, ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თუმცა შემდეგ ეს მდგომარეობაშეიძლება გადაიზარდოს ფიზიოლოგიურ (აზარტი დაკავშირებულია შიშთან, რის დროსაც ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინები, ე.წ. „ბედნიერების ჰორმონი“) და ეკონომიკურ (თამაშდამოკიდებულ ადამიანს სჯერა, რომ ამ გზით მას და მის ოჯახს გაცილებით მეტი შემოსავალი ექნება) მდგომარეობაში. შესაბამისად,მას შეგვიძლია ვუწოდოთ ბიო-ფსიქო-სოციალურ-ეკონომიური მდგომარება.

-ქალბატონო ანასტასია, პირველ რიგში მაინტერესებს, თუ როგორ ხდება ადამიანი დამოკიდებული სათამაშო ბიზნესზე, რომელიც მას სულ უფრო და უფრო ითრევს?

-ყველაფერი იწყება გარკვეული ინტერესით. ინტრესით რომელიმე კონკრეტული სფეროს მიმართ. და შემდეგ ხდება განვითარება. ჩვენს დამოკიდებულებაში ადამიანებისა თუ ნივთების მიმართ იკვეთება გარკვეული სტადიები.
თამაშდამოკიდებულ ადამიანებთან ვხვდებით სხვადასხვა სტადიას, რომლის დროსაც მათი აზრები შემდეგია: „მაინტერესებს ეს რა არის, მხოლოდ „გავსინჯავ“, ერთხელ ვიზამ“ ; „მე ამისთვის თავის დანებება ნებისმიერ დროს შემიძლია“ ; „მის გარეშე ჩემი პრობლემები ვერ მოგვარდება“ ; „მე არაფერი მეშველება, მთავარია სხვამ არ დაიწყოს თამაში“და სხვა.
თითოეულ სტადიას ჩვენთვის მოაქვს კონკრეტული სარგებელი. პრობლემა იწყება არა ქცევით, არამედ გაუცნობიერებლობით. თუ რაში მდგომარეობს სარგებელი და რა გზით ვაღწევთ მას. რაც უფრო ფართოვდება ცნობიერება, მით მარტივია პრობლემასთან „თანამშრომლობა“. დიახ! ჩვენ ხშირად ვებრძვით დამოკიდებულებებს, რაც პროტესტს, აგრესიას, ბრაზს, გაღიზიანებას იწვევს თამაშდამოკიდებულ ადამიანებში. გვსურს მათი მიყვანა სპეციალისტთან და ა.შ. თუმცა საკითხავია, თავად ჩვენ რას ვაკეთებთ მათი გარემოს შესაცვლელად? მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად?
მიზანი, თავისთავად, კარგია, თუმცა გვავიწყდება თანადამოკიდებულების არსებობა და ფაქტი, რომ ჩვენ, ამ ადამიანების ირგვლივ მყოფნი ამ პროცესის ნაწილნი ვართ. ჩვენ ერთად ვქმნით ამ გარემოს. და თუ საუბარია გამოსავალზე, პრობლემის მოგვარებაზე, მოვაგვაროთ ერთდ.

– ყოველგვარი მატერიალური ფუფუნების დაკარგვის სანაცვლოდ, მოთამაშე მაინც მიილტვის აზარტული თამაშებისკენ, რა ხდება მის ფსიქიკაში ამ დროს?

-მასლოუს პირამიდას თუ გავიხსენებთ, პირველი ორი, ფუნდამენტალური საფეხური დაკავშირებულია მატერიელურ, ეკონომიკურ მდგომრეობასთან (ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნილება). თამაშდამოკიდებულ ადამიანს სწორედ ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურს თავისი ქცევით. რეალურ გამოსავალს მხოლოდ ამ ქცევაში ხედავს. შესაბამისად, იგი თამაშზე „დებს“ არა თანხას, არამედ იმედს, კეთილდეობის იმედს. და ამ დროს მოდის ვიღაც და ეუბნება, რომ მისი იმედი ფუჭია. როგორ გგონიათ, ვის დაუჯერებს?

მიუხედავად არაერთი იმედგაცრუებისა, გამოსავალს მხოლოდ იქ ხედავს. ეს ადგილი, სფერო ერთდერთიღა რჩება, სადაც მის მიმართ, მისი მისამართით კეთილგანწყობას, ყურადღებას, ინტერესს გამოხატავენ. მერე რა რომ ეს ყველაფერი ყალბია?!

-შეუძლია თუ არა სათამაშო ბიზნესზე დამოკიდებულ ადამიანს მისთვის თავის დანებება და ნორმალური ცხოვრების წესზე დაბრუნება?

-სანამ ცოცხალი ხარ ადამიანი, ყველაფერი შესაძლებელია!
როგორც უკვე ვახსენეთ, ბევრ ფაქტორს მოიცავს თამაშდამოკიდებულება. საჭიროა თითოეულ მხარეს მიექცეს სათანადო ყურადღება, ჩაერთოს არა მხოლოდ თამაშდამოკიდებული ადამიანი, რომელიც მოჰყავთ სპეციალისტთან, თითქოს მხოლოდ ის ერთია სამყაროს დამაქცეველი, რომელმაც დაღუპა და გაანადგურა „იდეალური“ ოჯახი, რამედ მუშაობა მოხდეს მთელ მიკრო სოციუმზე (საუბარია ოჯახზე).
გაანალიზდეს პრობლემის წარმოშობის დრო, მიზეზი; მოიძებნოს რეალური მოთხოვნილება, რისი დაკმაყოფილებაც ხდება ამ ქცევით; „გაიზომოს“ ოჯახში არსებული პიროვნებათაშორისი ურთიერთობების „ტემპერატურა“; გაირკვეს ოჯახის წევრების რეალური მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ და ა.შ.

-მიმართავენ თუ არა მსგავსი პრობლემით შეპყრობილი ადამიანები ფსიქოლოგს და როგორ ხდება მათი დახმარება? თქვენი, როგორც ფსიქოლოგის აზრით, რამდენად შესაძლებელია ლუდომანებისთვის ამ დამოკიდებულების მოხსნა?

-იშვიათია თამაშდამოკიდებულმა ადამიანმა თავისი ნებით მიმართოს სპეციალისტს. იშვიათია, თუმცა მსგავსი პრეცედენტებიც გვხვდება პრაქტიკაში. როგორც წესი, ისინი მოჰყავთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ა.შ.
მუშაობის რამდენიმე გზა არსებობს. როდესაც სპეციალისტს აკითხავს თამაშდამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრი და/ან მეგობარი, რომელიც მოგვმართავს, რომ მათ ახლობელს არ უნდა საკუთრ თავზე მუშაობა, ჩვენ მათ ვაცნბობთ თანადამოკიდებულების არსს, ვაძლევთ პირველად ფსიქო-განათლებას და ვთავაზობთ თავად იმუშაონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანს მათ გვერდით. გამკლავებაში იგულისხმება მათი ტკივილის, დარდის გამკლავება და არა ამ ადამიანისთვის მორალის კითვა, ქადაგება და მსგავსი ქცევები.
თუ დაითანხმეს თამაშდამოკიდებული ადამიანი და მოიყვანეს სპეციალისტამდე მაშინ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვმუშაობთ მასთან. თუმცა ასევე, გვაქვს შეთავაზება, ოჯახმა იმუშაოს მასთან ერთდ.

-უნდა ხდებოდეს თუ არა აზარტული თამაშების საჯაროდ რეკლამირება?

-რეკლამა დიდ გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ცნობიერზე, ასევე არაცნობიერზე. გავლენის ხარისხს კი განაპირობებს ჩვენი ნერვული სისტემის სიმყარე. რაც უფრო სუსტია ნერვული სისტემა, მით უფრო დიდი გავლენა აქვს ჩვენზე რეკლამას.
ის რაც ჩვენთვის მიუღებელი, უცხო, წარმოუდგენელია, ხშირი განმეორებით, ყურებით ძალიან ბუნებრივად ხდება ახლობელი, მისაღები. შესაძლებელია ბოლომდე მისაღები ვერ გახდეს, თუმცა ამ საგნისა თუ მოვლენის მიმართ გაცილებით ლოიალურები, შემწყნარებლები ვხდებით.

-რამდენად საშიშია საზოგადოებისთვის ლუდომანი ადამიანი?

-თამაშდამოკიდებული ადამიანი, ძირითადად ჩაკეტილი ტიპის ცხოვრებას ეწევა. კონტაქტზე გამოდის მაშინ, როდესაც გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილება სურს. თუ ვსაუბრობთ დაუკმაყოფილებელი თამაშდამოკიდებული ადამიანის მდგომარეობის შეფასებაზე, მაშინ უფრო სერიოზულადაა საქმე. რადგან ნებისმიერი ძლიერი სურვილის დაუკმაყოფილებლობის დროს ადამიანი განიცდის გაღიზიანებას, ბრაზს, აგრესიას, რომელსაც აქტიურად გამოხატავს გარემოზე.
ამ შემთვევაში, თამაშდამოკიდებულ პირებს ვერ გამოვყოფთ, როგორც განსაკუთრებულად საშიშებს. ამ კატეგორიაში გავაერთიანებდი თითქმის ყველა დამოკიდებულების (ნარკოტიკი, ალკოჰოლი, და სხვ.) მქონე პირს.

-და ბოლოს, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ თავის შვილი არ მიეძალოს კონპიუტერულ თამაშებს ან არ გახდეს შემდგომში ლუდომანი?

-კონკრეტული რეცეპტების გაცემა ჩემი სფერო არაა, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომლისთვისაც ყურადღების მიქცევა ყველას გვევალება. ესენია: პიროვნებათშორის ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ბალანსი, პიროვნული საზღვრები, აღიარება, უანგარო სიყვარული, უპირობო მიღება (ბავშვისა მშობლის მიერ) და სხვა.
მშობელსა და შვილს შორის არსებული ნებისმიერი მცირე და თუ დიდი პრობლემა მომავალში იჩენს თავს. შესაბამისად, მცირე შეფერხებებისა თუ სიტუაციების დროს, როდესაც არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, ეჭვი გვეპარება სწორია თუ არა ესა თუ ის მიდგომა, ჩვენს მცდელობებს შედეგი არ მოაქვს და სხვა მსგავსის დროს მივმართოთ სპეციალისტს,მივიღოთ კონსულტირება. რაც უფრო ადრე დავიწყებთ საკუთრ თავზე, შვილებზე ზრუნვას, მით უფრო ეფექტური იქნება ჩვენი მცდელობა.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...