Home » მთავარი » როცა საეკრანო ლიდერები კულუარებში რეჟისორის მორჩილ მსახიობებად იქცევიან…

როცა საეკრანო ლიდერები კულუარებში რეჟისორის მორჩილ მსახიობებად იქცევიან…

ანდრო ბარნოვი

იოლი მდარე გამოსავალის ძიებაში ანუ როცა საეკრანო ლიდერები კულუარებში რეჟისორის მორჩილ მსახიობებად იქცევიან

-“მე მიმაჩნია, რომ ზურა ჯაფარიძემ და გირჩმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. გირჩმა შექმნა მოლოდინი, რომ ჩამოაყალიბებდა პროგრესულ, ცივილიზებულ, პროფესიონალ გუნდს, რომელიც ქვეყანაში პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანდა. კარგი იყო, როცა მათ შეუერთდა ენერგიული ვაშაძე, მაგრამ სრულიად გაუგებარია, რა შუაშია აქ ბურჭულაძე, რომლის გუნდში მრავლად ვხედავთ გაურკვეველი პოლიტიკური წარმოშობის და წარსულში კორუმპირებულ პირებს და, რომელიც, სრულიად აშკარად, ივანიშვილის სცენარის პერსონაჟია, ბუტაფორიული პრეზიდენტის სკამის მიღების იმედითა და ჩამქრალი ვარსკვლავის პომპეზური როლით. სცენარი ივანიშვილისაა, ცხადია. ჰოდა, რა შუაშია აქ ზურა ჯაფარიძე და გირჩი, ან ვაშაძე რა შუაშია? რატომ არ შეიძლება, ბოლომდე მიიტანო ერთხელ ნათქვამი და თითქოს დაწყებული, თუნდაც რაღაც ეტაპზე პარლმენტის გარეთ დარჩე? ამ რატომ უნდა დარჩე გარეთ? მეტი მუშაობა, მეტი ენერგია, მეტი თავისუფლება და გაბედულება და – შედეგი აუცილებლად იქნება. ტყუილია, რომ მედია არ გაგაშუქებს. მედია გაგაშუქებს, თუ მოითხოვ მკაფიოდ, თუ ყურში კალამ-გარჭობილი კი არ ივლი ყოვლისმცოდნე ექსპერტივით, არამედ – დღე და ღამე იშრომებ და იბრძოლებ, რომ შენი იდეები სისრულეში მოიყვანო. არ არის კარგი ერთი და იგივე დეკლარირებული მიზნებისა და ქცევის ათასი პარტიის ყოლა ქვეყანაში, რადგან ეს პოლიტიკური პროცესისა და თავად პარტიების შიდა-სტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს. თუ პროცესი გახსნილია და ადამიანებს თავისუფლად, საკუთრი გადაწყვეტილებისა და უნარების შესაბამისად შეუძლიათ მასში მონაწილეობა, თუ კლანები არ ცდილობენ მათთვის არალეგიტიმურად არასასურველი პირების დაბლოკვას პარტიულ თანამდებობებზე, მედიის უზურპაციას, ბიუჯეტის გაუმჭვირვალობას, სამართლიანი კონკურენციის წესების უგულვებელყოფას, მაშინ ერთი მიზნის ხალხი ერთ გუნდად ერთიანდება, მეტია ერთმანეთის პატივისცემა, მეტია ერთმანეთის უფლებამოსილებებში შეუჭრელობის კულტურა, მეტია ანგარიშგების მექანიზმები და, საბოლოოდ, მეტად სამართლიანი და ერთიანია საზოგადოება. ამიტომ, კლანებს უნდა ვებრძოლოთ ყველგან და ყველა დონეზე. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერდა ან უჭერს გირჩს, სწორედ ამ მოლოდინების გამო აკეთებდა ან აკეთებს ამას. ჰოდა, რა შუაშია ბურჭულაძე? რისი სიმბოლოა ეს კაცი? ეს მართლა თეატრი ხომ არაა, რომ ვიღაცის პრანჭიაობას ვუყუროთ მთელმა საზოგადოებამ? ჩვენ გვჭირდება რეალური ლიდერი, ვისაც ვენდობით და ვიცით, რომ საქმეს გააკეთებს, ხალხს უკეთესი ცხოვრების პირობებს შეუქმნის, ფულსაც აშოვნინებს და ვისზე დახარჯული ფულიც არ დაგვენანება. რითი გააძლიერა ბურჭულაძემ გირჩი? მეტი საეკლესიო პირი და მრევლი მისცემს ხმას პარლამენტში შესასვლელად? და მერე მორტიალდება გირჩი და პარლამენტის ტრიბუნიდან აღზრდის ერს, და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბურჭულაძე ივანიშვილი ან ნაც. მოძრაობა ეთერს დაუთმობს? ესაა გონივრული სცენარი? განა უფრო გონივრული არ არის, რომ როცა ცვლილება გინდა, ჯერ საზოგადოებაში მოიპოვო ნდობა და მხოლოდ ამის შემდეგ სცადო ხელისუფლებაში მოსვლა, იმ მიზნით, რომ საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი იდეები განახორციელო? როგორც მე ვიცი, სწორედ ასეა. ძალიან გამაღიზიანებელია, როცა ადამიანები იოლად თმობენ ამ ამბიციებს, მხოლოდ სკამების მიღების იმედით. ძალიან გამაღიზიანებელია, როცა საეკრანო ლიდერები კულუარებში რეჟისორის მორჩილ მსახიობებად იქცევიან. გამაღიზიანებელია, როცა ადამიანები ღალატობენ საკუთარ საზოგადოებრივ ფუნქციას, ატყუებენ საზოგადოებას, ბოლომდე არ იხარჯებიან იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ხალხი ფულს უხდის. ამას უკვე ქვია კორუფცია და იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკოსები სპექტაკლში როლისთვის ხოცავდნენ ერთმანეთს, საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა ფიქრობდნენ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე. ტყუილია, რომ ხალხს წინსვლა არ უნდა. სინამდვილეში ხალხი დაბნეულია და ეძებენ რამე სიახლეს; ხალხი უკეთესი ცხოვრების, უკეთესი მშვიდობის იმედით ცოცხლობს. ვისაც ხალხისთვის სიკეთე უნდა, ხალხთან კომუნიკაციის დამყარებისთვის უნდა იბრძოდეს. ადვილი არ არის, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი კორუფციაა. პოლიტიკოსის მიზანია, რომ ეძებდეს კომუნიკაციის ფორმებს, ისმენდეს ხალხის აზრს და მიჰქონდეს საკუთარი იდეა, მოიპოვებდეს მხარდაჭერას და შემდეგ ხალხისავე მხარდაჭერით ახორციელებდეს ამ იდეებს. არ გამოვა, საქართველოა?“ – მართლა? აბა რა გამოვა? პარლამენტში და მთავრობაში სკამების მიღება? და რა ქვია ამას ქართულად? ამაშია საქმე. სიმართლეა, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრების წესი არ არის სამაგალითო, ფაქტია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებია აზროვნება, რაციონალიზმი, გაბედულება და სიახლისაკენ სწრაფვა, ბევრია უსაქმურობა, ტყუილი, იოლი მდარე გამოსავლის ძიება და ღალატი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რაციონალური საზოგადოებები არსად გაჩენილა თავისით, ამბიციური ლიდერებისა განმანათლებლობის გარეშე. ცვლილებები კი არსად მომხდარა პრინციპების ურყევობის და ლიდერების გარეშე. ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მეტ გაბედულებას მისცემს ცვლილებების მოსურნე ლიდერებს. ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი ლიდერები, რომლებიც ოფიციალურ თანამდებობებს მხოლოდ მაშინ იკავებენ, როცა ამას ხალხი და საქმე ითხოვს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოება, რომელიც იოლი მდარე გამოსავლის ძიებით კი არ არის დაკავებული, არამედ – ერთ ორგანიზმადაა შეკავშირებული და მუდმივ წინსვლას ცდილობს. ჩვენ გვჭირდება მეტი, ბევრად მეტი, ბევრზე ბევრად მეტი მუშაობა საზოგადოებასთან, განათლების მკაფიო პრიორიტეტი, ეკონომიკის ძალიან სწრაფი განვითარება და საუკეთესო შესაძლებელი უსაფრთხოების სისტემა, რომ განვითარება შევძლოთ. ზოგადად, გამოთქმა საუკეთესო შესაძლებელი მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების განმსაზღვრელ მოტივატორად უნდა ვაქციოთ, უნდა დავიწყოთ ნამდვილი სამოქალაქო რეფორმაცია, რომელიც ნელ-ნელა ამ ჩქარ-ჩქარა განსაზღვრავს როგორც პოლიტიკურ პროცესს, ასევე – საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ასპექტს.

მოკლედ, მე მიმაჩნია, რომ გირჩმა ცალკე უნდა იყაროს კენჭი. დააკომპლექტონ ლიდერებით რეგიონები, მკაფიო მესიჯი მიიტანონ ხალხამდე, გააცნობიერონ, სად დგანან და ბურჭულაძე დააბრუნონ ოპერაში. არ შეიძლება, სერიოზული პოლიტიკოსი მონაწილეობდე კონკურენტი პარტიისთვის ხმების წართმევის მიზნით ოლიგარქის მიერ დადგმულ სპექტაკლში. ჯობია, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რა არის სინამდვილეში პოლიტიკისა და ხალხისადმი სერიოზული დამოკიდებულება. ასე ჯობია ჩვენთვის ყველასთვის.

რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ დავიწყოთ ნამდვილი სამოქალაქო რეფორმაცია. შემოგვირთდით Civic.Reformation

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...