Home » ექსკლუზივი » რუსეთსა და ჭყოიძეს შორის შავმა კატამ გაირბინაო-„კეთილი ძია ვოვას“ ხატი დაიმსხვრა?

რუსეთსა და ჭყოიძეს შორის შავმა კატამ გაირბინაო-„კეთილი ძია ვოვას“ ხატი დაიმსხვრა?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ევროპულ გზაზე სიარული სურს, ბოლო ხანებში მაინც გაჩნდნენ ძალები, რომლებიც აშკარა სიმპატიას გამოხატავენ რუსეთის მიმართ, მეტიც, ზოგიერთი მათგანი საქართველოს ტერიტორიული მთიანობის აღდგენის გასაღებს მხოლოდ კრემლის ხელში ხედავს, ზოგი სსრკ-ს აღდგენაზე ოცნებობს და მომავალი თაობის წარმომადგენლებს პიონერის ყელსახვევს ახვევს, ზოგი პუტინის „კაიკაცობას“ გვიმტკიცებს და იმასაც ამბობს, რომ ყინულის გალღვობა მხოლოდ მათ ძალას შეუძლია…პრორუსული ძალა ანუ „მესუთე კოლონა“ თავის დამკვიდრებას ცდილობს, უშედეგოდ, მაგრამ მაინც ახერხებს „სალხინეთში აურზაურის“ შეტანას და რაც ყველაზე სავალალოა, ცდილობს „მოწამლოს“ მომავალი თაობა!

როცა პრორუსულ ძალაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გვახსენდება არჩილ ჭყოიძე. ის დღეს აქტიურ პოლიტიკაში აღარ არის, როგორც სხვადასხვა ინტერვიუებიდან ჩანს, რუსეთსა და მის შორის შავმა კატამაც გაირბინა, შესაძლოა სწორედ ამიტომ გააკრიტიკა სოციალისტური  საქართველოს ყრილობის  ჩატარება ბათუმში,  ყრილობის  მონაწილეები  კი  ქვეყნის  საწინაამდეგო  მოქმედებებში დაადანაშაულა.

ჩვენთან პრორუს ჭყოიძეს ჯერ კიდევ 2014 წელს რუსეთის გარკვეულ წრეებში „ცერეუს“ აგენტად ნათლავდნენ და მოუწოდებდნენ ქვეყნის ხელისუფლებას არ ეთანამშრომლა მასთან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჭყოიძე 2003 წელს ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ კომიტეტში მუშაობდა და როგორც ამბობენ, დღესაც მშვენიერი დამოკიდებულება აქვს როგორც მერაბიშვილთან, ასევე გიგი წერეთელთან და ხათუნა გოგორიშვილთან, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სახლში დღემდე აქვს სააკაშვილის დედამისისადმი მიძღვნილი მადლობის ორი სიგელი, ადვილი დასაჯერებელი გახდება, რომ ჭყოიძე-რუსეთის ტანდემს, შავი ბურუსუ გადაეფარა. ამ ფონზე შესაძლოა „კარტებიც გახსნას“ და ბევრ აქამდე უცნობ მოვლენას ახადოს ფარდა. მეორე ვერსიით, ჭყოიძემ უბრალოდ ვერ გაამართლა რუსეთის იმედები, რის გამოც შეუწყდა დაფინანსება და განაწყენებულმა მკვეთრი განცხადებების გაკეთება დაიწყო. სავარაუდოა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო რუსეთმა არჩილ ჭყოიძესთან ყველა სახის ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა, დასაყრდენს კი ახალ ძალებში ეძებს და ალბათ სწორედ ამიტომ გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე „რუსეთის მაქებარი“ ახალი ძალები, რომლებსაც ჯერ სჯერათ „კეთილი პუტინის არსებობის“, მაგრამ როდემდე გასტანს ეს ცრუ ილუზია?

გამომდინარე იქიდან, რომ არჩილ ჭყოიძემ პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“ და კოალიცია „ევრაზიული არჩევანი“ დატოვა და ახლა არაპოლიტიკოსია, ჩვენ მას სასაუბროდ დავუკავშირდით.

   -არჩილ, დღეს, როდესაც აღარ ხართ აქტიურ პოლიტიკაში და ყველა მონაცემებით რუსეთსა და თქვენს შორის შავმა კატამაც გაირბინა, ახლა რას იტყვით, რამდენად სანდოა რუსეთი და რას ეტყვით იმ ახალ პრორუსულ ძალებს, რომლებიც კრემლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ?

-მე არასდროს გამიკეთების განცხადება, რომ პრორუსი ვარ, მეტიც, ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ყოველთვი ხაზს ვუსვამდი და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ დიალოგი აუცილებელია და ალტერნატივა არ აქვს. რაც შეეხება „ფარდის ახდას“, ყველაფერს თავისი დრო აქვს, მალე გავაკეთებ ბრიფინგს და ბევრ აქამდე უცნობ ისტორიებს გავაჟღერებ. ახლა არ მინდა ამაზე საუბარი.

-კარგი, რადგან რუსეთზე საუბარი არ გსურთ, თემა შევცვალოთ. ვიცით, რომ დედათქვენს ბუშის მადლობის სიგელი აქვს მიღებული, 2-ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტის და რამოდენიმე კიდევ ნატოსი, ვიცით ისიც, რომ თქვენი ახლო ნათესავები დღესაც ამერიკის საელჩოში მუშაობენ, მეორე მხრივ, როგორც გავიგეთ საკმაოდ კარგი დამოკიდებულება გაქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და მერაბიშვილთან ერთ კომიტეტშიც მუშაობდით. ამის პარალელურად, რაც არ უნდა ამტკოცოთ არ ვარო, ხართ პრორუსული ძალის წარმომადგენელი. შემთხვევით არაფერი ხდება. იქნებ ახლა მაინც გვითხრათ სიმართლე-ვინ ხართ და რა თამაშს თამაშობთ?

-ჩემსა და რუსეთს შორის არანაირ შავ ან თეთრ კატას არ გადაუვლია, რაც შეეხება ჩემს განცხადებებს, მე გაცილებით მწვავე განცხადებები მაქვს გაკეთებული რუსეთში 2008-2009 წლებში, მაშინ როდესაც რუსეთში ჩასული პოლიტიკოსები ან საზოგადო მოღვაწეები ხმას ვერ იღებდნენ ოკუპაციაზე მე მათ საქართველოს 2-ტერიტორიის ოკუპაციაში ვდებდი ბრალს და ამას პირში ვეუბნებოდი დუგინს, ჟირინოვსკის, ზიუგანოვს და ასევე „იდინაია რასიიას“ წარმომადგენლებსაც.

-და მაინც იყავით პრო-რუსი.

-ჩვენი ორგანიზაცია პრო-რუსული არასდროს არ ყოფილა, „ერეკლე მეორეს საზოგადოება“ ყოველთვის იყო ქართული ორგანიზაცია და ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესები იყო მთავარი. ჩვენ უბრალოდ ვიყავით იმ უაზრო ვითომ ანტი რუსული ისტერიის მოწინააღმდეგეები.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიახ, ვმუშაობდი აგრალურ საკითხთა კომიტეტში 2001-2003 წლამდე და ამ კომიტეტში იყო ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მასთან რაიმე განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები არ გამაჩნდა მარტივი მიზეზის გამო, სულ რამოდენიმეჯერ მოგვიწია შეხვედრა კომიტეტის სხდომაზე, კარგი ურთიერთობა რომ მქონოდა, ხომ დავრჩებოდი სამუშაოდ პარლამენტში 2003 წლის შემდეგაც…

რაც შეეხება დასავლეთს, დიახ, ჩემი ნათესავები მართლაც მუშაობენ ამერიკის საელჩოში და კიდევ სხვა ევროპულ ორგანიზაციებში, რაშიც დანაშაულებრივს ვერაფერს ვერ ვხედავ, აქვე მინდა გითხრათ, რომ „ერეკლე მეორეს საზოგადოებაზე“ იყო სერიოზული შავი პიარი აგორებული, თითქოს ჩვენ დასავლეთის და დასავლური ფასეულობების წინააღმდეგ გამოვდიოდით, არადა პირიქით, ჩვენ უბრალოდ უკანალით დასავლეთში შესვლის მოწინაარმდეგეები ვართ!

ჩვენი თვალსაზრისით დასავლეთი და მისი ფასეულობები პირველ რიგში არის მოსახლეობის სიციალური უზრუნველყოფა- ღირსეული ხელფასები, პენსიები, ადამიანის უფლებები, ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და კიდევ მრავალი ისეთი ფასეულობები, რომლებიც სერიოზულად წაადგება ჩვენს ქვეყანას, თუმცა საქართველოში დასავლური ფასეულობები მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური უმცირესობების დაცვით შემოვიდა.

-და რა, რუსეთში არ ხდება მსგავსი რამ?

-მსგავსი რამ ხდება ყველგან, თუმცა არის ქვეყნები, სადაც მამათმავლობის და გარყვნილების პროპაგანდა აკრძალულია, მაგრამ თუ ევროპა გვინდა, რატომ მხოლოდ სექსუალური უმცირესობები? პირველ რიგში ავიღოთ ის, რაც საუკეთესოა ევროპაში.

ხშირად ვსაუბრობთ, რომ ევროპისკენ მივისწრაფით, არადა პოლონეთში, რომლის მოსახლეობაც 40-მილიონს აღემატება, იმდენივე საჯარო მოხელე ჰყავს, რამდენიც საქართველოს, სადაც 4-მილიონიც კი არ არის მოსახლეობა. რატომ ამაში არ ვბაძავთ ევროპას?კარგი და დადებითი ყველასგან უნდა ავიღოთ, ხოლო ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, აუცილებლად უნდა შევეწინააღმდეგოთ, არ აქვს მნიშვნელობა ჩრდილოეთიდან იქნება, დასავლეთიდან თუ აღოსავლეთიდან მოსული უბედურება.

– ფაქტი ერთია-საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სურს ევროინტეგრაცია. როგორც ჩანს, არის რაღაცეები, რაც თქვენც მოგწონთ დასავლეთის. მოდით ამ თემაზე აქ დავსვათ წერტილი-ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა – უმრავლესობას ევროპისკენ სიარული სურს. ჩვენ სხვა საკითხზე ვსაუბრობდი, თუმცა თქვენი ნათქვამი კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას-მაინც ვისი კაცია არჩილ ჭყოიძე?

-მე ერთხელ თქვენ გიპასუხეთ ამ კითხვაზე, ბევრი ცდილობს კრემლის აგენტობა დამწამოს, ზოგიც „ცერეუს“ აგენტობას მწამებს, მე კიდევ გავიმეორებ- მე ჩემი ქვეყნის აგენტი ვარ!

-წეღან თქვით, ბევრ რამეს ვიტყიო ბრიფინგზე. როდის აპირებთ?

-უახლოეს მომავალში.

-ვატყობ საუბარი არც იმდენად გსურთ. იმედია ეს უახლოესი მომავალი არ გაიჭიმება. როგორ ფიქრობთ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულ პრორუსულ ძალას იცნობენ რუსეთში? თქვენ ხშირად დადიოდით მოსკოვში და იქ თუ გქონიათ მათთან კავშირი და ხომ არ აპირებთ რომელიმეს პარტიაში შესვლას?

-პრო- რუსული ძალებიდან ერთადერთს, რომელსაც იცნობენ რუსეთში, ეს ბურჯანაძეა, რაც შეეხება დანარჩენებს, მათივე ქმედებებიდან ჩანს, რომ ისინი საერთოდ არანაირ ძალას არ წარმოადგენენ და 1% გადალახვის შანსიც კი არ აქვთ.

რაც შეეხება რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას ან პოლიტიკურ მოღვაწეობას, მანამ, სანამ საქართველოს მოსახლეობა ვერ გაიაზრებს, რომ თავად უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და არ უნდა ელოდოს ჩრდილოეთიდან თუ კიდევ სხვა ქვეყნებიდან ოლიგარქებს, რომლებიც მათ მაგიერ ააშენებენ ქვეყანას, პოლიტიკაში მოსვლის ან რაიმე მოძრაობის აზრს ვერ ვხედავ.

-და ბოლოს, ოღონდ გულახდილად გვითხარი, დღეის გადასახედიდან “კეთილი ძია ვოვას” არსებობის გჯერათ?

-საკმაოდ იუმორისტული კითხვაა-საერთოდ ჩვენ ჩვენი ქვეყანა ვინმეს სიკეთე ბოროტებაზე არ უნდა ავაწყოთ, უნდა ვეცადოთ მტერი მოყვარედ ვაქციოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი შოთას სიბრძნე- „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი“ და როგორც ნაპოლეონი ამბობდა, მხოლოდ ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს.

P.S. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა, ფაქტია, „შავი კატა“ მაინც არსებობს, რადგან არჩილ ჭყოიძემ სათქმელი სურათებითაც გაამჟღავნა.

ადრე

10399932_1049083581799975_6591402500022259374_n 10441276_1054683857906614_4974413337662265234_n

და ახლა

13178529_1087972341244432_9071651103997380575_n

აი, ვინ იგულისხმა „გველში“, ამას ალბათ დაანონსებულ ბრიფინგზე გაამჟღავნებს….ეს ისე, მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სჯერათ „კეთილი პუტინის არსებობის“….

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...