Home » მთავარი » საზღვრისპირა სოფლები და ბავშვები სევდიანი თვალებით…

საზღვრისპირა სოფლები და ბავშვები სევდიანი თვალებით…

   რეპორტაჟი

საზღვრისპირა სოფლებში ბავშვებს ნაღვლიანი თვალები აქვთ, იმდენად სერიოზულები არიან, ხვდები, როგორ ნაადრევად დააკარგვინა ბავშვობა ომის გამოძახილმა.

   ყოველთვის, როცა საზღვრისპირა სოფლებში გავდივართ, თითოეულ ჩვენთაგანს განსაკუთებული განცდა გვეუფლება, გზაშივე ვფიქრობთ რას ვეტყვით იქ ჩასულები მოსახლეობას, ხან ის კითხვები გვაფიქრებს, იქაურები რომ დაგვისვამენ…

დღეს ყველაზე მეტად ახალგაზრდა ელჩი ამერიკაში ანუკი ლეჟავა ნერვიულობდა. კარგა ხანია საქართველოში არ ყოფილა და ყველაფერს ხარბად აკვირდებოდა. თემო მინდორაშვილი კი აქაურობის ხშირი სტუმარია, ცდილობს მეგობრებთან ერთად გაამხნევოს ეს ადამიანები და ისინიც თავისიანად თვლიან.

20160813_173133 20160813_184942 20160813_184945

სოფელ კარბთან ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაგვაჩერეს, გვკითხეს რა მისიით შევდიოდით სოფელში. ჩვენთან ერთად ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწე მარინა კობალაძე და შიდა ქართლის სამაშველო სამსახურის სპეციალისტი ილია ლაფაჩი იყვნენ. გუშაგებმა იცნეს, მაგრამ-კანონი კანონიაო და საგუშაგოზე შეგვაჩერეს. 10 წუთის შემდეგ კი ღიმილით გვითხრეს-შეგიძლიათ გზა გააგრძელოთო. სოფელში რომ შევედით, საპატრულო პოლიციის მანქანა მოვიდა და ბოლო წუთამდე ჩვენთან ერთად დადიოდა მოსახლეობაში, პოლიციელები ჩვენს უსაფრთხოებას იცავდნენ.

კარბში აღარც ისე ბევრი ოჯახი დარჩა, როგორც გვითხრეს, არც სამუშაოა, არც სიმშვიდე და ხალხი ტოვებს სოფელს. იცით კიდევ რა მომხვდა თვალში-ბავშვები უცხო მანქანის დანახვისთანავე ეზოებში შერბიან და ოდნავ შეღებული კარებიდან შეშინებული თვალებით იყურებიან. საერთოდ, საზღვრისპირა სოფლებში ბავშვებს ნაღვლიანი თვალები აქვთ, იმდენად სერიოზულები არიან, ხვდები, როგორ ნაადრევად დააკარგინა ბავშვობა ომის გამოძახილმა.

6 სოფელში ვიყავით, ბევრი შეჭირვებული ოჯახი ვნახეთ, ზოგს შეშა არ აქვს, ზოგი სხვის სახლში ცხოვრობს, ზოგს სამშენებო მასალა სჭიდება, ზოგს წამალი და ზოგს იურისტის კონსულტაცია. ვესაუბრებოდით ამ ადამიანებს და ყველა უყურადღებობას უჩიოდა, ჩვენც ადამიანები ვართ და ოდნავი ყურადღებაც კი მილიონს უდრის ჩვენთვისო.

ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო ახალი პროექტისთვის ასეთ ოჯახებზე ინფორმაციების მოძიება, რომელსაც შემდეგ საზღვარგარეთ მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს გადავცემთ. პროექტზე უფრო მოგვიანებით მოგიყვებით, ახლა მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ პროექტის იდეა ნინო ლეჟავას ეკუთვნის.

კარბში ბევრი პრობლემაა, ამბობენ, რომ ელემენტარული პირობები არ აქვთ, უმეტესი სახლები ომის მერე დაზიანებულია და უსახსრობის გამო შეკეთებას მისი მაცხოვრებლები ვერ ახერხებენ, წუხან კარბში-ბავშვები გვეჩაგრება, არაფერი მათთვის არ არისო.

მერე სოფელი კოშკი მოვინახულეთ.

-“3 წლის წინ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები და მას მერე თვალით არ გვინახავს, ლამაზად ისაუბრეს, იმდენი რამ დაგვპირდნენ, მაგრამ-კრება დარჩა მხიარული… სოფელს ერთი პატარა ამბულატორია არ გვაქვს, გზებს თავად ხედავთ როგორია…

20160813_151404 20160813_163829

წყლის პრობლემაც გვაქვს, ბავშვები სკოლასა და ბაღში მერეთში დადიან, ხან ისე ხდება, წვიმაშიც კი ფეხით მიდიან, რადგან ავტობუსს ვერ უსწრებენ, სკოლის მიკროავტობუსი კი დადის, მაგრამ ბაღის ბავშვებს ისე ტრანსპორტით უწევთ სიარული. ახალგაზრდები მასიურად ტოვებენ აქაურობას, თუ ასე გაგრძელდა, მალე ეს სოფელიც დაცარიელდება“-გვითხრეს სოფლის მაცხოვრებლებმა.

მერე თავიანთი გასაჭირიც გაგვიზიარეს და წამოსვლა რომ დავაპირეთ-ცოტა ხანს კიდევ დარჩით, ჩვენ ხომ ადამიანების და დამლაპარაკებლების ნატრულნი ვართო.

20160813_141951

ადგილობრივმა  ლია მიქელაძემ კი ერთი კვირის წინ სოფელში მომხდარი ინციდენტიც მოგვიყვა:

-„ერთი კვირის წინ სანახიროზე ოსები გადმოვიდნენ, ავტომატებით შეიარაღებულნი, ეს ტერიტორია ჩვენიაო-განაცხადეს. არავინ დააკავეს, წადითო უთრეს კაცებს. ისინი გადმოდიან, მაგრამ ჩვენ ჩვენსავე ბაღში რომ გადავიდეთ დაგვაკავებენ, არც საზღვარია გამოყოფილი, აქ არც მავთულხლართია და არც ტრაფარეტი, შეიძლება უცებ მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდე და დაგაკავონ. გზა გადის მხოლოდ, გზის იქით ისინი არიან, გზის აქეთ ჩვენ“.

კოშკში ერთი მოხუცი ოსი ქალბატონი ცხოვრობს-ელენე ბოლოთაევა. 77 წლის ქალბატონი ამბობს, რომ ქართველების ღვიძლი შვილია და ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთობა უნდა აღდგეს-ჩვენი ვალია მომავალ თაობას ერთიანი საქართველო დავუტოვოთო. მისი სახლიდან სულ რამდენიმე მეტრში საგუშაგოებია.

-„აი, აქედან იწყება საქართველო დღეს, იქით ოსები და რუსები არიან“-გვითხრა დანანებით ჩვენმა მეგზურმა ილიამ. ანუკის ძალიან უნდოდა უფრო ახლოს ენახა სად წყდება კავშირი და სად გაჩნდა უფსკრული, დაადგა კიდეც მიმავალ გზას, მაგრამ უკან მოაბრუნეს…საგუშაგოდან კი ჯარისკაცები გამოვიდნენ…

20160813_163829

მერე იყო გუგუტიანთკარი, ზედაანთკარი, მერეთი, ზარდიაანთკარი…ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა, მოსახლეობა სამუშაო ადგილების არ ქონას, მედიკამენტების სიძვირეს, უქონლობას და უყურადღებობას უჩივის, რაიმე საკითხი რომ გაინტერესებდეს, პასუხს ვერ მიიღებ, სამაგიეროდ შეურაცხყოფას და უფლებების შელახვას რამდენსაც გინდაო-გვითხრეს.

ბავშვები ყველა სოფელში სერიოზულები იყვნენ, ცოტა ვეთამაშეთ, გავუღიმეთ, დაველაპარაკეთ და გული გვაჩვენეს. ზარდიაანთკარელმა 4 წლის საბა ქარელმა ლექსიც გვითხრა და მისი ერთადერთი სათამაშო დამტვრეული ველოსიპედიც გვაჩვენა. მერე მისი სურვილიც გაგვიმხილა-უნდა ახალი ველოსიპედი და 20160813_165023

სათამაშო მანქანა ჰქონდეს, გამოგვაცილა და კიდევ ხომ ჩამოხვალთო-მოგვაძახა.

სოფლებში დარჩენილი ახალგაზრდები რაიმე პროფესიის დაუფლებას ითხოვენ, უნდათ სოფელში პატარა საწარმობი მაინც გაიხსნას და დასაქმდნენ. თითოეულ სოფელზე, ოჯახზე კიდევ მოგიყვებით, ფოტოებსაც განახებთ და მათ დანაბარებსაც გადმოგცემთ, ვეცდებით მათი პრობლემები თქვენამდე მოვიტანოთ და იქნებ გაერთიანებაც შევძლოთ მათ დასახმარებლად. არადა, არც ისე რთული მოსაგვარებელა იქ არსებული პრობლემები, უბრალოდ კეთილი ნება უნდა არსებობდეს და გული! გული კი იმდენნაირია ამ ქვეყნად, გაოცდები ადამიანი…

თბილისისკენ რომ მოვდიოდით, ყველანი ჩუმად ვიყავით, ვხვდებოდი ყველა ნანახს აანალიზებდა და გონებაში ამ ადამიანების დახმარების გზებს ეძებდა. წამოვედით და თან გამოგვყვა ბავშვების სერიოზული სახეები და ნაღვლიანი თვალები…

20160813_164832 20160813_141538 20160813_133335

ისევ გამოვიარეთ საგუშაგო, სადაც ამაყად ფრიალებდა საქართველოს დროშა…

  ქეთი მიქაძე

 

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...