Home » მთავარი » საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომები

საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა კომიტეტს „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე სარატიფიკაციო დოკუმენტი გააცნო. მისი ინფორმაციით, კონვენცია 1986 წელს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ კონფერენციაზე იქნა მიღებული და იგი უკვე 112 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული. კონვენციის მიზანს ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში საერთაშორისო დახმარების და მხარდაჭერის საკითხების მოწესრიგება წარმოადგენს. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სარატიფიკაციოდ მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომიტეტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა საქართველოში რადიაციული ნარჩენების მართვის თაობაზე დახურულ რეჟიმში კომიტეტის სპეციალური სხდომის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომიტეტისთვის საინტერესო იქნება კრიზისების მართვის სააგენტოს, გარემოს დაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოსაზრებების გაცნობა. კობა ნარჩემაშვილის ინიციატივას კომიტეტის წევრებიც დაეთანხმნენ.

სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ შეთანხმებაც განიხილეს. მომხსენებლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნანა ბერიძის ინფორმაციით, მთავრობათაშორისი ხელშეკრულება 2017 წლის 9 მაისს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტისას გაფორმდა და იგი თავისი შინაარსით ჩარჩო ხელშეკრულებას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, ანალოგიური შეთანხმება საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირის და რეგიონის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება.

სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ კომიტეტის წევრებს ვეტერანთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მის მიერ მომზადებული პროექტის სამუშაო ვერსიაზე რეკომენდაციების და მოსაზრებების გამოთქმა და აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაზე თანამშრომლობა შესთავაზა.

 

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...