Home » ბლოგი » “საპატრიარქოში ყველანაირად ეცდებიან, რომ პატრიარქის მოსაყდრედ ვინმე პრორუსული, კრემლიდან მართული დაინიშნოს”

“საპატრიარქოში ყველანაირად ეცდებიან, რომ პატრიარქის მოსაყდრედ ვინმე პრორუსული, კრემლიდან მართული დაინიშნოს”

გიორგი ტიგინაშვილი

(ივრისპირელი)

საპატრიარქოს ადმინისტრაციაში ყველანაირად ეცდებიან, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ვინმე პრორუსული, კრემლიდან მართული დაინიშნოს.

თუკი ილია II-ის სიცოცხლეშივე მის თანამოსაყდრეს დაასახელებენ, ის აუცილებლად რუსეთისათვის მისაღები და სიმპათიური კადრი იქნება.

ეს მოხდება იმისათვის, რომ წინამორბედის პოლიტიკური პლათფორმა, სასულიერო კურსი და მსოფლმხედველობრივი ვექტორი არ დაირღვეს. ამჟამად, მავანნი გამალებით ცდილობენ, რომ ბუტაფორიული და იდეოლოგიზირებული მღვდელმთავრების როლი როგორღაც გაზარდონ და მათი პოპულარიზება თუ PR გასწიონ საზოგადოებაში.

კანდიდატად აუცილებლად შეარჩევენ რუსეთში განათლება მიღებულ (ან ნაცხოვრებ-ნამუშევარ) პიროვნებას, წარმოსადეგი გარეგნობით გამორჩეულს, გალანტურსა და ვიზუალურად მედიდურს, რომელსაც თავის ეპარქიაში ორ მონასტერზე მეტიც კი ვერ გაუხსნია, ცხოვრებაში ნორმალურად არც უქადაგია სახარება, ვერც საკუთარი სამღვდელოებისათვის მიუხედავს და ვერც გლობალურ თუ ადგილობრივ გამოწვევებს ვერ შესჭიდებია.

ასეთი მეუფეები მხოლოდ ნომინალურად “მართავენ” თავიანთ სამწყსოს და რეალურად კი თბილისისა და მოსკოვის ყოველდღიური მკვიდრი თუ სტუმრები არიან. დაიმახსოვრეთ ჩემი მოკრძალებული მოსაზრება და ვერსია – ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ლატენტურ ძერჟავნიკებს აუცილებლად უნისონში უნდა ჰყავდეთ უწმიდეს კირილესთან, მის იმპერიალისტურ და კოლონიალისტურ იდეებთან! ამასთან, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ემისრები და აგენტები საწადელის მიღწევის შემთხვევაში, ჩვენში არსებულ ნეიტრალურ, განათლებულ, პროგრესულ და ცივილიზებულ სასულიერო პირებს არ გაახარებენ!

ამიერიდან, კიდევ უფრო გაძლიერდება რეპრესიული მანქანა წესიერი, მოაზროვნე და პატიოსანი მღვდლების მიმართ. მზაკვართა სურვილია, რომ სრული სიბნელე, ფანატიზმი, იზოლაციონიზმი, ობსკურანტიზმი და აბსოლუტური პროვინციალიზმი ჩამოწვეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თავზე, რისთვისაც ისინი უზარმაზარი ფინანსური რესურსის გამოყენებასაც ეცდებიან. სამწუხაროდ, ეკლესიაში დიდი განხეთქილება გარდაუვალი ხდება, რაც წლების მანძილზე წარმოებულმა არაჯანსაღმა, წარმართულმა და დექრისტოცენტრულმა ქმედებებმა გამოიწვია.

Facebook Comments
x

Check Also

აფრიკის მხოლოდ სამ ქვეყანაში არ დადასტურებულა “კოვიდ 19”

აფრიკის კონტინენტზე კოროვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვი 10 075-მდე ს გაიზარდა, დაიღუპა 487 ადამიანი. აფრიკის კონტინენტზე ...