Home » ბლოგი » “საუბედუროდ, დამკვიდრებისათვის თავმომწონე პოლიტიკოსებთან ლაქიობა, მონობა და მეხოტბეობა გჭირდება!..”

“საუბედუროდ, დამკვიდრებისათვის თავმომწონე პოლიტიკოსებთან ლაქიობა, მონობა და მეხოტბეობა გჭირდება!..”

გიორგი ტიგინაშვილი

(ივრისპირელი)

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ღვთის შეწევნით არასდროს შევგუებივარ არც ავტორიტარიზმისა და პლუტოკრატიის ცხრა წლიან ბოგინს, არც უღირსი სასულიერო პირების პარპაშსა და ზნედაცემული ბომონდისა თუ სნობების სარკაზმს, არც ულტრა ლიბერალების რიტორიკასა და მკაცრი კონსერვატორების ფანატიზმს.

მიტინგებსა და მანიფესტაციებზეც მივლია და იმის გამო, რომ მოძალადე პოლიტიკურ რეჟიმს არ ვეგუებოდი და “ნაციონალური მოძრაობის” ყრილილობებზე თანამშრომლებს პროტესტის ნიშნად არ დავყვებოდი, სამსახურიდანაც კი გავუთავისუფლებივარ უფროსს. რის გამოც წყენაზე მეტად სიხარულის გრძნობა დამუფლებია. ამაში არის რაღაც რომანტიზმის, მითუმეტეს, როცა ნატურა ხარ თავისუფლების მოყვარე.

22 წლის ასაკიდან დავიწყე ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობა, პუბლიცისტური წერილების წერა და სატელევიზიო სივრცეში გამოსვლა. სამწუხაროდ, დღემდე მიწევს იმ მავნებლობასა თუ უსამართლობაზე, რაც ირგვლივ არსებობს, ჩემი მოკრძალებული და მოქალაქეობრივი პოზიციების წუხილით გაჟღერება. მერწმუნეთ, ეს სულაც არ არის კომფორტული ამპლუა, რადგან მუდმივად ზღვარზე ხარ განკითხვასა და მხილებას შორის.

საუბედუროდ, ამ ქვეყანაში, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ დამკვიდრებისათვის თავმომწონე და ყალბ პოლიტიკოსებთან ლაქიობა, მონობა და მეხოტბეობა გჭირდება.

ხშირ შემთხვევაში იგივეა ხოლმე ამჯამინდელ სასულიერო სფეროშიც: თუ ხარ იდეოლოგიზირებული, სულით დაჩიავებული და მედროვე გაიძვერა, დაგაფასებენ და აღგაზევებენ. როცა გამოჩენილი ამერიკელი ორატორის, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერის – მარტინ ლუთერ კინგის შესახებ წავიკითხე (მისი ვიდეო გამოსვლებიც მოვისმინე), მახსოვს, რომ იმთავითვე დიდი შთაბეჭდილება მოახინა მან ჩემზე. მას ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: “ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულება, როგორიც სიკეთისათვის ხელშეწყობა, რადგან ჩვენი ცხოვრების დასასრული დაიწყება მაშინ, როცა გავჩუმდებით იმ საკითხების მიმართ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სიცოცხლის მუდმივი დ აგადაუდებელი შეკითხვაა: რას აკეთებ სხვებისთვის?” – ეს ტექსტი ზეპირად ვიცი, რადგან შეუძლებელია ამ ფრაზებმა არ აღგაფრთოვანოს და არ შეგახსენოს ცხოვრების საზრისი.

ეს ყოველივე იმიტომ გიამბეთ, რომ ჩემი ამჟამინდელი ბრძოლის მოტივაციის შესახებ მინდოდა მეთქვა, რომელიც მიმართულია თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის მოძალადე რექტორის – პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის მიმართ და აგრეთვე იმ ფაშებად ქცეული, უწიგნური, კონფორმისტი და მატერიალისტი მღვდელმთავრების მიმართ (ცხადია, არ ვგულისხმობ ყველას), რომელთაც დაივიწყეს თავიანთი პასუხისმგებლობა, კაცობა, სინდისიერება და უპოვარება და სინედრიონის პირქუშ წარმომადგენლებს დაემსგავსნენ.

დიახ, ისინი დევნიან პატიოსნებას, წესიერებასა და განათლებას. სამაგიეროდ ფსევდოსულიერებას ცოდნის ჯალათად ადგენენ! ამიტომ, ღიად ვაცხადებ: არ გავჩერდები! ვერ დამაშინებთ, ვერც მომისყიდით და ვერც გადამიბირებთ! გიპირისპირდებით სუფთა ხელებით და წრფელი სინდისით. არარევანშისტულად, არამედ სულიერ პრინციპებსა და ინტელექტუალურ მზაობაზე დაფუძნებული სიმართლით, რომელიც თქვენს რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს და ჩემს (ჩვენს) გადარჩენასაც.

P.S. ვისაც დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედია” წაგიკითხავთ, იქ ალბათ წააწყდებოდით ასეთ საინტერესო ფრაზას: “ჯოჯოხეთში, ყველაზე ცხელი ადგილი შემონახულია მათთვის, ვინც მორალური კრიზისის დროს ნეიტრალური რჩება!” – ეს ფრაზა ეძღვნება ყველა კონფორმისტს, კარიერისტსა და მხდალს ჩვენს სინოდსა თუ სამღვდელო დასში, ვინც პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ფლიდობასა და ძალმომრეობას დუმილით პასუხობს, ვინც მღვდელმთავართა უმრავლესობის გაზლუქებას არ იმჩნევს და ვინც ჰომოსექსუალთა ლობის შემწყნარებელია.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...