Home » მთავარი » საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები ომბუცმენის აპარატისადმი მიმართული დისკრედიტაციაა

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები ომბუცმენის აპარატისადმი მიმართული დისკრედიტაციაა

სახალხო დამცველი ეხმიანება თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს და აცხადებს, რომ სისტემური ხარვეზების მიღმა, ამ კონკრეტული საქმის განხილვისადმი სასამართლოს განსაკუთრებული მიდგომა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანი საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.

საქმე ეხება სახალხო დამცველის აპარატის  საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის და ამავე დროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირის ილია ჭანტურაიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

სამწუხაროა, რომ სასამართლოებში საქმის განხილვა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, რაც მინიმუმ ცალკეული მოსამართლეების მიუკერძოებლობის მიმართ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. ამასთან, ამ კონკრეტულ საქმეში არსებული დარღვევები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა ნათლად წარმოაჩენს იმ მანკიერ პრაქტიკასა და ხარვეზებს, რაც მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც არაერთი წელია საუბრობს სახალხო დამცველი, მათ შორის, საპარლამენტო ანგარიშებში.

მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი ყველა სახის გავლენისაგან და ემორჩილებოდეს მხოლოდ კანონს, თუმცა, მნიშვნელოვანია ეს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სასამართლო სისტემამ და მოსამართლეებმა თვითონ შექმნან, რათა მათი საქმიანობა არ უჩენდეს გარეშე დამკვირვებელს მათი მიკერძოების განცდას, რაც სამწუხაროდ დღეს ქართულ მართლმსაჯულებას აკლია და ეს არაერთი კონკრეტული საქმის განხილვის დროს გამოჩნდა.

ილია ჭანტურაის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მის მიერ, სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის,  მოქმედი კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ გამოყენება და სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამიდან რეგისტრირებული დოკუმენტის წაშლის, სხვა დოკუმენტით ჩანაცვლების დავალების გაცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის უმთავრესი ხარვეზი უკავშირდება რეგისტრირებული სარჩელის მოსამართლეებზე განაწილების წესს; მიუხედავად იმისა, რომ „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია თუ როგორ ნაწილდება საქმეები მოსამართლეებს შორის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველს აცნობა, რომ საქმეთა განაწილების შესახებ მონაცემებს არ ამუშავებს. რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ არავის შეუძლია გადაამოწმოს, კანონის მოთხოვნათა დაცვით გაანაწილა თუ არა სასამართლოს თავმჯდომარემ რეგისტრირებული საქმე, თუ ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი კანონდარღვევას. ასე კონკრეტულად, საქმის მასალების მიხედვით, ილია ჭანტურაიას სარჩელი სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ, ხოლო განიხილა ამავე კოლეგიის სხვა მოსამართლემ დავით წერეთელმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველს არ მიაწოდა ინფორმაცია, საქმეთა რიგითობის წესების დაცვით მოსამართლე დავით წერეთელზე ან/და დიანა ფარქოსაძეზე განაწილების შესახებ.

სწორედ ეს არის ხარვეზები რის გამოც უკვე არაერთი წელია ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნად სახალხო დამცველი სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღებას აყენებს; მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში ეს ცვლილებები კანონში აისახა, მისი სრულად ამოქმედების 2018 წლამდე გადადება უკვე დამაზიანებელია ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის. ამ ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრის დაწყებიდან დღემდე გავიდა საკმარისზე მეტი დრო, რომ ტექნიკური მხარე საქმისწარმოების ელექტრონული წესის ამოქმედებისათვის გამართული ყოფილიყო.

მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ სარჩელის მოსამართლეზე განაწილების დროს, დავით წერეთელი იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო შვებულებაში ყოფნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რატომ განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და ამასთან დაჩქარებული წესით. 2016 წლის 26 ივლისს რეგისტრირებული სარჩელის განხილვა ამავე მოსამართლემ, 2016 წლის 21 სექტემბერს ერთ მთავარ სხდომაზე დაასრულა, რომელიც 12.00 საათიდან – 19.00 საათამდე გრძელდებოდა.  ამავე დღეს, მოსამართლემ გადადო ყველა სხვა საქმის განხილვა, რომელიც მას დანიშნული ჰქონდა 12.00 საათის შემდეგ; და ეს იმ პირობებში, როცა სასამართლოში საქმის განხილვის ვადების დარღვევა დამკვიდრებული წესია.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი, რომელიც დღევანდელი გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. როგორც თბილისის საქალაქო ისე სააპელაციო სასამართლოებმა ილია ჭანტურაიას არც ერთი ქმედება არ დააკვალიფიცირეს, როგორც დისციპლინური გადაცდომა. უფრო მეტიც, სასამართლომ, სხვისი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი დაადგინოს პერსონალურ მონაცემთა დარღვევა დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში, თუკი საქმე არ აქვს განხილული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მაშინ, როდესაც  მოქმედი კანონმდებლობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენციას წარმოადგენს  სამართალდარღვევის საკითხის შესწავლა და არა საჯარო მოსამსახურის მიერ, უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების და შეგნებულად უგულებელყოფის, სამსახურებრივი დებულების და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტებით დადგენილი წესების დარღვევა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესწავლა.

ამასთან, სასამართლომ დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნია ილია ჭანტურაიას მიერ აპარატის ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამიდან რეგისტრირებული განცხადების წაშლის და სხვა შინაარსის განცხადებით ჩანაცვლების დავალების გაცემა მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირისათვის. სასამართლომ ფაქტიურად წაახალისა აღნიშნული ქმედება, არა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატისთვის, არამედ ყველა საჯარო სამსახურის სისტემისათვის, სადაც საქმისწარმოება ელექტრონული პროგრამების გამოყენებით მიმდინარეობს და ამით საჯარო მმართველობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის მიერ მიღებულ განჩინებას საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამასთან, სახალხო დამცველმა განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლეზე საქმის გადაცემის საკითხის კანონიერების შესწავლის მიზნით.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...