Home » მთავარი » საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები

საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

-“მინდა, მოწვევისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს უფროს მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს.
ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ თურქეთთან ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათისაა. საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, ერთიანი ძალისხმევით ავითარებენ თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით.

მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, აგრეთვე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

მოხარული ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო „ევრაზიის გვირაბის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. ის ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას და ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს ქმნის. თურქეთისა და საქართველოს მიზანია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.

საქართველო ძალიან ძლიერად არის დაინტერესებული, კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები თურქეთთან პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

ჩვენ გვაკავშირებს წარმატებული ურთიერთობა ერთობლივი სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ამ კუთხით, ჩემს უფროს მეგობართან, ბატონ ბინალი ილდირიმთან მაკავშირებს ოთხწლიანი თანამშრომლობა სხვადასხვა პოზიციებიდან და ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ერთად. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო დიდი პროგრესი ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის საქმეში. ეს პროექტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მან უახლოეს მომავალში დაიწყოს ფუნქციონირება. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანი განსახიერება გახლავთ იმ სამმხრივი თანამშრომლობისა, აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის, რომელსაც ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად საქართველოს გავლით.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის საფუძველზე.

თურქეთის როლი, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ, საქართველო, მივესალმებით და მადლობელი ვართ თურქეთის თანმიმდევრული პოზიციის გამო, ამ საკითხებთან მიმართებაში. როდესაც ჩვენ აქ მოვდიოდით, გზად გავიარეთ ადგილი, სადაც მოხდა 10 დეკემბრის საზარელი ტერორისტული აქტი და პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას. სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთადერთი ინციდენტი, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ჩვენ, საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობთ მომხდარ ტერორისტულ აქტებს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ელჩის გუშინ მომხდარ საზარელ მკვლელობას და სამძიმარს ვუცხადებთ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა, დაშავებულთა ოჯახებს და, რა თქმა უნდა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას. მაგრამ, ამ ყველაფრის წინააღმდეგ არის ერთადერთი წამალი – მეტი კონსოლიდაცია და უფრო მეტი ისეთი ერთობლივი პროექტები, როგორის გახსნასაც დღეს ვესწრებით; მეტი თანამშრომლობა და ერთად დგომა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გაგვაჩნია. გვინდა, ვუსურვოთ ჩვენს მეგობარ, მოძმე თურქეთის რესპუბლიკას და თურქ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, რათა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ, მთლიანად, რეგიონში იყოს სტაბილური განვითარების საშუალება და ადამიანებმა დაივიწყონ ის დარდი, რომელიც მათ დღეს გააჩნიათ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასე იქნება”.

თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი

-“მოხარული ვარ, რომ თურქეთში ვმასპინძლობთ ჩვენს ძვირფას ძმას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს.
საუბრის დასაწყისში, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო რუსეთის ელჩის – ბატონი კარლოვის მკვლელობის საზარელ ფაქტს და მივუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებს, რუს ხალხს.
მინდა აღვნიშნო, რომ 15 ივლისის მუხანათური გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 19 ივლისს ჩემი ძვირფასი კოლეგა გვეწვია თურქეთში. მომხდარის მიუხედავად, მან არ შეცვალა პროგრამა, ჩამოვიდა თურქეთში, რითაც ჩვენი ქვეყნისა და მთავრობისადმი ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა და მინდა, მას ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.
დღეს ბატონი პრემიერი ჩვენს ქვეყანაში იმყოფება, რათა დაესწროს “ევრაზიის გვირაბის” გახსნას. ეს არის დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს ორ კონტინენტს და გადის ზღვის ქვეშ, 106 მეტრის სიღრმეზე. ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და შეხვედრისას განვიხილეთ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთგაგება მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. თურქეთი განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას, ნატო-ში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მომავალშიც ასე განაგრძობს. გვჯერა, რომ არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
2007 წლიდან, თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ სამომავლოდ ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ. ჩვენი სურვილია, ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო განმტკიცდეს, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებზე არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრის გზით. საქართველო და თურქეთი საინვესტიციო სფეროშიც თანამშრომლობენ. ჩემი ტრანსპორტის მინისტრობისას დაიწყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელსაც თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ის უკვე დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, 2017 წლის პირველ მეოთხედში ეს პროექტი დასრულდება და ჩვენ შევძლებთ, სატრანსპორტო დერეფნის გაზრდას და ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...