Home » ბლოგი » “საქართველოში უკვე მე-4 წელია კონტროლის მექანიზმიც მოშლილია…”

“საქართველოში უკვე მე-4 წელია კონტროლის მექანიზმიც მოშლილია…”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი

აგვის ურნებს თბილისში რატომ აწერია „თბილისის მერია“?

„რაკი ხელისუფლება ჩაგაბარეს, ნუ იყოლიებ თანამდებობებზე ცბიერ ადამიანებს თორემ მათი ცოდვები შენ დაგბრალდება, როგორც უფროსს“.
სოლონი

„ამ სამყაროში გარდაუვალია მხოლოდ სიკვდილი და გადასახადები“.
ბ. ფრანკლინი

„კანონი რა შავ ქვად გინდათ,  როცა ქვეყნის სათავეში არამზადები სხედან“?
ჰერაკლიტე

„ნაგავი-მონაცოცხი“. სიტყვა „ნაგვის“ მნიშვნელობა ასეა განმარტებული უკვდავი სულხან-საბა ობელიანის „სიტყვის კონა“-ში, რომელიც არის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი დაწერილი მე-18 საუკუნეში. ხოლო მე-20 საუკუნეში გამოცემულ „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ წერია:
„ნაგავი“ – უვარგისი ნარჩენები, ჭუჭყი, მტვერი.
„ნაგვის ურნა“ – ერთგვარი ყუთი პაპიროსის ნამწვავების და მისთანების ჩასაყრელად.
ნაგვის ურნებში მოქალაქეები და სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლები ყრიან ყოველგვარ უვარგის ნარჩენებს, უვარგის საგნებს, ნივთებს და ა.შ.
ქალაქში, სოფელში, ქუჩებში, ტრასებზე ათასნაირ წარწერებს ნახავთ: ზოგს აწერია „23-ე საჯარო სკოლა“, „თელასი“, რესტორანი „იმერული ეზო“, „სახაჭაპურე“, „ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალი“, „ცემენტის ქარხანა“, „ქობულეთის წყალსადენი“ და ა.შ.

ძალიან მაინტერესებს, რატომ აწერიათ თბილისში ნაგვის ურნებს – „თბილისის მერია“?
საინტერესოა ვინც ეს მოიფიქრა მერი იყო? ვიცე-მერი თუ დასუფთავების სამსახურის უფროსი? ეტყობა ბოლო სამი წელია რაც თბილისის ყველა უბანი გაივსო დიდი რაოდენობით ნაგვით, ყველგან აკრძალული გარევაჭრობაა გაჩაღებული და თბილისის მერია ხალხს აიძულებს ივაჭრონ გარეთ სიცხეში, ქარში, წვიმაში, ნაგავში, ქუჩებში, ტროტუარებზე, სკვერებში. ცენტრშიც და გარეუბნებში რათა იქვე გაყიდოს ხორციც, ქათამიც, თევზიც, ყველიც, კარტოფილიც, ხილიც, ტანსაცმელიც, ფეხსაცმელიც, წიგნიც, რვეულიც და ტუფლიც.
ბოლო 3 წელიწადში, თუმცა უკვე მე-4 წელია გარევაჭრობის გამო ტრასებზე, გზებზე გახსნილი ვაჭრობის გამო ხალხის დიდი ნაწილი აღარ შედის მარკეტებში, სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებში და სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველდღიურად აკლდება მილიონობით ლარი. იმის მაგივრად რომ მთავრობამ ერთ თვეში მოაწესრიგოს ყველაფერი უუნარო, უაზრო და უსაქმური თანამდებობის პირების მეშვეობით დრო უაზროდ მიდის და მთავრობა იძულებული ხდება ბიუჯეტში თამხების შეუსვლელობის გამო რამდენჯერმე მოახდინოს ფასების გახრდა ჯერჯერობით სიგარეტზე, ლუდზე, ალკოჰოლურ სასმელებზე.

თბილისის მერიამ ამ ყველაფერზე განსაკუთრებით გარევაჭრობის ყველგან მოწყობაზე, სიბინძურეზე, შემოსავლების დიდად შემცირებაზე და მთელ პრობლემაზე თავის გადარჩენის მიზნით გამოსავალს მიაგნო. თბილისის მერიამ თბილისში განლაგებულ ნაგვის ურნებს მიაწერა დიდი ასოებით „თბილისის მერია“. მერიამ ეს წარწერა არა ერთ ან 17 ნაგვის ურნას მიაწერა, არამედ თბილისში არსებულ 1871 ნაგვის ურნას.
რომელ მერიას გინდა შეედავო?

თბილისის მერიას გამკონტროლებელი და პასუხის მომთხოვი არავინ არ ჰყავს… პრემიერ-მინისტრებს ივანიშვილს და ღარიბაშვილს ატყუებდნენ „გარე ვაჭრობა კანონით აკრძალულიაო“. როგორ ფიქრობთ ახალ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ვერ მოატყუებენ?

საქართველოში ვინმე ვინმეს პასუხს თხოვს? ვინმე ვინმეს აკონტროლებს? საქართველოში უკვე მე-4 წელია კონტროლის მექანიზმიც მოშლილია. საქართველოში არცერთი გუბერნატორი, მერი, გამგებელი ან მინისტრი არ ფიქრობს ძველი საწარმოების აღდგენაზე ან ახლების გახსნაზე არ ფიქრობს ყველა რაიონში მეცხოველეობის დიდი და მცირე თანამედროვე ფერმების მშენებლობაზე, საკონსერვო ქარხნების მშენებლობაზე, ახალი მინერალური წყლების ქარხნების მშენებლობაზე და ა.შ. და ამ ყველაფრის მაგივრად ამას წინათ დიდ დონეზე დააყენეს საკითხი თბილისის ზღვაზე ახალი დიდი საქალაქო დასახლების შექმნაზე.

არავინ არ უნდა აკონტროლებდეს ვინმეს დიდს თუ პატარას ასეთი უაზრო აზრების გამოთქმაზე და სისულელეების განხორციელებაზე? თუ თბილისში გინდათ ახალი თანამედროვე შენობებით საუკეთესო დასახლების აშენება, თბილისში დასანგრევი უბნების, კვარტლების მეტი რა გვაქვს? ხომ შეიძლება ან დღე ან ღამე დაათვალიერო თბილისის უბნები 2-3 ნორმალურ მოაზროვნე ადამიანთან ერთად?
დაანგრიე „აფრიკის“ დასახლება, დაანგრიე უბნები და კვარტლები რომლებიც აშენებულია „ხრუშოვკებით“! ახალ ასაშენებელ ადგილებს ვერ მოძებნი სამგორში, ყოფილ ნავთლუღში?
__ ადგილს ვერ მოძებნი ცოტნე დადიანის ქუჩაზე და მის ირგვლივ?
__ ადგილს ვერ მოძებნი გურამიშვილის გამზირზე და მის ირგვლივ?
__ ადგილს ვერ მოძებნი ქეთევან წამებულის გამზირზე და მის ირგვლივ?
დააპროექტე და ააშენე ქალაქი გარდაბანი ან ახალქალაქი ისეთი რომ კონკურსი გამოცხადდეს იქ ცხოვრებაზე, მარნეული ან სამტრედია, ქუთაისის ავტოქარხნის დასახლება ისეთი იყოს, რომ ვერელებს და ვაკელებს უნდოდეთ ის ბინების გადაცვლა.
მე რატომღაც იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი სრულიად შეცვლის მუშაობისა და კონტროლის სტილს ქვეყანაში. იგი ვისაც რაიმე დაავალებს გააკონტროლებს და პასუხსაც მოსთხოვს.
ბოლო 30 წელია ასეთი დონის მომზადებული პრემიერ-მინისტრი არ გვყოლია! მთავარია შეძლებს იგი თუ ვერ შეძლებს ორგანიზატორობას?

P.S. ამას წინათ ბატონმა კახა კახიშვილმა განაცხადა ციხე-კოლონიებში ავაშენებ ქარხნებს და ფაბრიკებს, პატიმრები იმუშავებენ და ხელფასიც ექნებათო.
ბატონო კახა, სასჯელის ვადა რომ გაუთავდებათ გარეთ გამოსვლაზე აღარ იფიქრებენ, რადგან ჯერ გარეთ არც ქარხნებია, არც ფაბრიკები და არც ფერმერული მეურნეობები.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...