Home » მთავარი » საქართველო-რუმინეთის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადადის

საქართველო-რუმინეთის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადადის

საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე- სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხში გადავიდა,- ამგვარად შეაჯამეს საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული მოლაპარაკებები.

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რუმინელ კოლეგასთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასეს და გამოთქვეს მზაობა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც სტრატეგიული ურთიერთობების ეტაპზე გადავიდა.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, სადაც ასახულია სამომავლო პრიორიტეტები- ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებისა და ბიზნესსაზოგადოებების დაახლოების მიზნით.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი აქ ყოფნა ადასტურებს, რომ ჩვენს შორის არსებული პარტნიორობა იზრდება. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა მომავალში ხელს შეუწყობს ამ რეგიონის კეთილდღეობას, მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენ უკვე განვიხილეთ დღეს, რომ ეს ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე უნდა გადავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ამ ძალიან ამბიციურ მიზანს მივაღწევთ,”-განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა სორინ გრინდეანუმ სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რუმინეთმა, რომელმაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, მზად არის, იყოს საქართველოს პარტნიორი ორმხრივი და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყანის ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ იდენტობას.

“25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის დამყარდა ორმხრივი ურთიერთობები. 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიმდინარეობს ჩვენი განსაკუთრებული შერკინება რაგბის მოედანზე, თავისი უკომპრომისო შერკინებებით და წარმატებული დამიწებებით. როგორც იცით, რაგბი უნიკალური სპორტი სახეობაა, რომელიც, ერთი შეხედვით, საკმაოდ აგრესიულია, მაგრამ სინამდვილეში, არსებითად ჯენტლმენური თამაშია. როგორც გამარჯვებულნი, ისე დამარცხებულნი ღირსეულად ხვდებიან თამაშის შედეგს, რომელსაც ერთად აღნიშნავენ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით. საქართველო-რუმინეთის რაგბის შეჯიბრება კი იმით გამოირჩევა, რომ 2002 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვიბრძვით ანთიმოზ ივერიელის თასისთვის,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და რუმინეთს ბევრი აქვს საერთო, თუმცა ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენს გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე, ვლახეთის მიტროპოლიტი, ფილოსოფოსი ანთიმოზ ივერიელი, რომელიც დაიბადა საქართველოში და მოღვაწეობდა რუმინეთში.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფარგლებში, დასავლეთისკენ, ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი სამი მარშრუტიდან ორის გაყოლებაზე მდებარე ცენტრია. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და რუმინეთი გამოიყენებს არსებულ შესაძლებლობებს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გასავითარებლად და გასაღრმავებლად.

“შავი ზღვის მიღმა ჩვენ ვხედავთ რუმინეთს, ჩვენს პარტნიორს, რომელიც დააკავშირებს ევროპას ახალ ბაზრებთან. ჩვენი ქვეყნები წარმოადგენენ რეგიონებისკენ, ბაზრებისა და კულტურებისკენ მიმავალ კარს. სწორედ ეს არის ჩვენი როლი, ჩვენი იდენტობა, ჩვენი სტრატეგია და ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ასე რომ, ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა ხელი შევუწყოთ ამ ორი სამყაროს დაახლოებას,”-აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, რომელიც ბუქარესტში, დიპლომატთა კლუბში გაიმართა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები და დიპლომატები დაესწრნენ.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...