Home » მთავარი » სახალხო დამცველი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გამშვები პუნქტების შესაძლო გაუქმებას ეხმაურება

სახალხო დამცველი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გამშვები პუნქტების შესაძლო გაუქმებას ეხმაურება

2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს გამყოფ ხაზზე არსებული გამშვები პუნქტების გაუქმებას, მდინარე ენგურის გამშვები პუნქტის გარდა. 5 გამშვები პუნქტიდან, ერთი – შამგონა-თაგილონის გამშვები პუნქტი 2016 წლის აპრილში გაუქმდა. 29 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი, ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტები გაუქმდება. სანაცვლოდ, დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის მკვიდრთ ენგურის ხიდამდე ავტობუსით მომსახურებას სთავაზობს.

სახალხო დამცველის შეფასებით ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების პატივისცემისა და დაცვის კუთხით. გამშვები პუნქტების დახურვა ზღუდავს გალის რაიონის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას, უქმნის მათ გაუმართლებელ დაბრკოლებებს ჯანდაცვის,  განათლების, ვაჭრობის, ოჯახური კავშირების შენარჩუნებისა თუ სხვა მიმართულებით.

გარდა იმისა, რომ გალის ე.წ. ქვედა და ზედა ზონის სოფლები ენგურის ხიდიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დამატებით პრობლემას შექმნის ხიდამდე მისასვლელად. შესაბამისად, მხოლოდ ენგურის ხიდით სარგებლობის იძულება ნიშნავს მეტი დროისა და ფინანსების ხარჯვას და გალის მოსახლეობის იზოლაციას. ხაზგასასმელია, რომ ენგურის გამშვები პუნქტი გადატვირთულია და მოსახლეობას საათობით რიგში დგომა უწევს გამყოფი ხაზის გადასაკვეთად. სავარაუდოა, რომ სხვა გამშვები პუნქტების გაუქმება კიდევ უფრო გადატვირთავს  ენგურის გამშვებ პუნქტს.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ გამშვები პუნქტებით სარგებლობენ სკოლის მოსწავლეები და პაციენტები და მიღებული გადაწყვეტილებით მოხდება მათთვის განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების შელახვა. ასევე სავარაუდოა, რომ გაიზრდება უკანონო დაკავებებიც, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივები გააგრძელებენ ახლომდებარე პუნქტებით თუ შემოვლითი გზებით სარგებლობას.

ამ პრობლემას ემატება რაიონის შიგნით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაც. გალის რაიონის სოფლებში, ახლად დამატებულ პოსტებზე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები დეტალურად ამოწმებენ ადგილობრივთა საბუთებს (ფორმა N 9 ან აფხაზური პასპორტი), რომლებიც ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადაადგილდებიან. მაგალითისათვის, გალის რაიონის ე.წ. ზედა ზონის სოფლის მაცხოვრებელი სპეციალური საშვის გარეშე ვერ გადაადგილდება გალის ე.წ. ქვედა ზონაში. იგივე წესი ვრცელდება ქვედა ზონის მაცხოვრებლებზეც. რაც შეეხება აფხაზეთის დანარჩენ მოსახლეობას, სპეციალური საშვის გარეშე ისინი ე.წ. სასაზღვრო ზონაში ანუ გალის რაიონის სოფლებში ვეღარ შევლენ. კონტროლის ასეთი რეჟიმი განსაკუთრებულ პრობლემებს შეუქმნის იმ მოსახლეობას, რომელსაც საბუთები მოწესრიგებული არ აქვს.

სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში, ასევე საჯარო განცხადებებსა და ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში, მუდმივად აყენებდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პრობლემას. ომბუდსმენმა არაერთხელ მიმართა მხარეებს შეთანხმდნენ გადაადგილების ისეთ რეჟიმზე, რომელიც არ შელახავს ადამიანის ღირსებასა და უფლებებს. სამწუხაროა, რომ გადაადგილების თავისუფლება არა ჰუმანიტარულ, არამედ პოლიტიზირებულ ჭრილში განიხილება.

ზოგადად კი, გალის მოსახლეობის უფლებების შეზღუდვას წლებია რეგულარული ხასიათი აქვს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ისე რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას.

სახალხო დამცველი მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე მხარეებს გადახედონ თავიანთ პოზიციებს და ნუ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო დაამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას და უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობებს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...