Home » მთავარი » “სექტანტების მომრავლება ნიშანია…“- მამა ალექსანდრე

“სექტანტების მომრავლება ნიშანია…“- მამა ალექსანდრე

დავით დოლიძე

როგორ შევაღოთ სექტანტების გულები? – საინტერესო რჩევები სასულიერო პირისგან

ბოლო დროს საქართველოში სექტები მომრავლდნენ. ისინი, უმთავრესად, რელიგიურად გაუთვითცნობიერი ადამიანების გადაბირებაზე მუშაობენ. თუმცა, ხშირად ამა თუ იმ სექტაში გაერთიანების საფუძველი ანგარებაა.
სექტების საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ ქველმოქმედებას ენიჭება. ქველმოქმედება თავისთავად კარგია, მაგრამ სექტები ამას იყენებენ ადამიანში დადებითი ემოციური განცდების გამოსაწვევად, რათა მისი სულის იდუმალ შრეებში შეაღწიონ.

ფაქტობრივად, ქველმოქმედება მათს საქმიანობაში ერთადერთი დადებითი მომენტია, მაგრამ არცთუ უანგარო. მათი ქველმოქმედება იგივეა, რაც საწამლავიანი ჭურჭლისათვის ლამაზი და მიმზიდველი ეტიკეტი. სწორედ ამით ტყუვდება ხოლმე მშიერი, მწყურვალი, შიშველი და დაგლახავებული, რელიგიურად გაუნათლებელი ადამიანი.

ამ თემაზე მამა ალექსანდრე გალდავას გავესაუბრეთ და მისგან მოვისმინეთ თუ როგორ უნდა შევაღოთ სექტანტების გულები?

მამა ალექსანდრე (მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი):

“სექტანტების მომრავლება ნიშანია იმისა, რომ ხალხს სურვილი აქვს რელიგია შემოიყვანოს საკუთარ ცხოვრებაში.
ტოტალიტარულ რეჟიმში რელიგია აკრძალული იყო და ამიტომაც მოთხოვნაც ნაკლები იყო. ვინაიდან ადამიანებს თავისუფლება მიეცათ, რელიგიურად აქტიურობის სურვილი გაუჩნდათ.

პოსტკომუნისტურ პერიოდში ვინაიდან ადამიანების რელიგიური განათლების დონე ძალიან დაბალი იყო, სექტანტებისთვის ადვილი იყო მათი გადაბირება, თუმცა ეს პირველ ეტაპზე. დღეს იგივე სურათი არ გვაქვს.
სექტანტი ეძებს ყამირ მიწას, რელიგიურად გაუთვიცნობიერებელ ადამიანს, რომელსაც ხიბლავს სწავლებით და ხშირად ფინანსური მხარდაჭერითაც. ეს უკანასკნელია მათი წევრების ოდენობისთვის ძირითადი განმსაზღვრელი. სექტების უმრავლესობა ფინანსდება უცხოეთიდან, სადაც მათი სათაო ოფისებია.

თავდაპირველად დედაქალაქში მომრავლდნენ იაღოველები, შემდეგ მათ პერიფერიებში და რაიონებში გადაინაცვლეს, რადგან თბილისში მომძლავრდა სამღვდელოება და უკვე ღვთის სიტყვა იქადაგებოდა ყველგან. მიყრუებულ სოფლებში კი მათთვის გაიხსნა ასპარეზი, თუმცა, დღეს იქაც შევიდა ეკლესია და იაღოველები ნაკლებად პოპულარულები არიან.

ჩვენი მთავარი პრობლემა ადამიანთა რელიგიური სწავლება-განათლებაა. ის კი არადა, შეიძლება ადამიანი იყოს აკადემიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი და იყოს ამავე დროს მაზიარებელიც, მაგრამ ელემენტარულად არ იცოდეს, რამდენი მოციქული ჰყავდა ქრისტეს, არ იცოდეს, რატომ ეზიარება, რაში ეზიარება. ამ დროს შეიძლება დისერტაცია ჰქონდეს დაცული ფუნდამენტურ მეცნიერებებში. მისთვის რელიგია ფოლკლორის დონეზეა, ან კარგ შემთხვევაში, კარგი ტრადიციის დონეზე. მართლმადიდებლორი სწავლება, ეს არ არის უბრალოდ სწავლება, რომლის მიმდინარეობის მომხრე ხარ. ეს არის, როგორც ქრისტე ამბობდა: “მე ვარ გზა და ჭეშმარიტება”.

ამ უცოდინრობის გამო არის, რომ ადამიანი, რომელიც ქუჩაში ხვდება სექტანტს, ვერ სცემს ვერცერთ კითხვაზე პასუხს. ეს სამარცხვინოა. ძალიან კარგია, რომ მართლმადიდებლები ასე არიან შეწუხებულები სექტანტების მომრავლებით, იქნებ, ამან გამოაფხიზლოთ და დააფიქროთ, რომ სარწმუნოება მარტო გარეგანი ფორმებით (სანთლის დანთება, აღსარების თქმა, კვერცხის შეღებვა და ა.შ.) აღიარება არ არის.

მე მქონდა იაღოველებთან საუბარი და სხვათაშორის, ისინიც განიცდიან ინფორმაციულ ვაკუუმს – არ იციან რას ლაპარაკობენ. უბრალოდ, მათ იციან, რასელისგან დანახული სახარება და სხვა არაფერი. თუ ჩვენ სწორად დავანახებთ ჩვენ სწავლებას და თან სიყვარულით, ჩვენ აუცილებლად შევაღებთ მათ გულებს და გავიმარჯვებთ. ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, რომ გავიმარჯვოთ მასზე ჩვენი სწავლებით, რადგან ვიცით, რომ მართლმადიდებლობას რასელის სწავლება და საერთოდ, ყველაფერი ერთად აღებული, ვერ შეედრება, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, “დაკარგული ცხვარი” მოვიპოვოთ. იაღოველი მეკამათებოდა, რომ მსოფლიო კრებების გადაწყვეტილება არაფერია, მე კი ვუთხარი, რომ ის სწორედ მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას ასრულებდა, რადგან მათეს სახარებას აღიარებდა და მსოფლიო კრებების ერთ გადაწყვეტილებას აღიარებდა, ესე იგი სხვა გადაწყვეტილებასაც აღიარებდა. კანონიკური წიგნები, რომლებსაც იაღოველები იყენებენ, დადგინდა მეოთხე საუკუნეში, კონსტანტინე დიდის დროს, პირველ მსოფლიო კრებაზე. ეს ისტორიული ფაქტი იყო და მან არ იცოდა. როდესაც ავუხსენი, ის უკვე დაფიქრდა.

თუ ის იცოდნენ, რომ მათეს სახარებაა სწორი და არა, ვთქვათ, იუდასი, იაკობისი, ანდრეასი, თომასი, ბევრი სახარებები იყო და მათ ესენი ამოარჩიეს, რატომ არ შეიძლება კრების სხვა დადგენილებაც შესრულდეს? ანუ, თუ მათთან საუბარში ცოდნას, ლოგიკას, ინტელექტს და რაც მთავარია, სიმდაბლეს გამოვიყენებთ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და მათი რიცხვი შემცირდება”.

Facebook Comments
x

Check Also

ჩვენ, ექიმები მზად ვართ, რომ ჩავიდეთ და ვაჟა გაფრინდაშვილს ჩავენაცვლოთ“

​ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად – ...