Home » მთავარი » სისხლიანი 9 მარტი – საბჭოთა რუსეთის ბარბაროსობა

სისხლიანი 9 მარტი – საბჭოთა რუსეთის ბარბაროსობა

1956 წლის მარტის სისხლიანი დღეები, პირველი პროტესტი საბჭოეთში და ქართველთათვის თავს დატეხილი მორიგი უბედურება.

1956 წლის 3 მარტს  თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში საბჭოთა სინამდვილისათვის გაუგონარი, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 4, 5, 6 რიცხვში გამოსვლების მასშტაბი სულ უფრო მეტად იზრდებოდა, ხოლო 7-ში სტალინის ძეგლთან და ლენინის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) გამართულ მიტინგებზე 70-80 ათასამდე ადამიანი იდგა. მათ შორის უმეტესობას თბილისში მცხოვრები და რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტები შეადგენდნენ.

9-ში ღამეს მომიტინგეთა გადაწყვეტილებით ხუთი ახალგაზრდა რუსთაველის პრისპექტზე მდებარე კავშირგაბმულობის სახლში გაგზავნეს, რათა დეპეშა  გაეგზავნათ მოლოტოვისთვის სტალინის რეაბილიტაციის მოთხოვნით. ნახევარ საათში უკან მხოლოდ ერთი დაბრუნდა და დანარჩენების დაკავების ამბავი მოიტანა. შეიძლება 4-ის დაკავება და ერთის გამოშვება  სპეციალურად იყო მოწყობილი მთავრობის მიერ ხალხის პროვოცირების მიზნით. ფაქტია, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ ხალხმა იხუვლა და კავშირგაბმულობის შენობისკენ დაიძრა, რომლის წინ და გვერდითა ქუჩებში ავტომატიანი ჯარისკაცები და ჯავშანმანქანები იდგნენ. როგორც კი ხალხმა შენობის კიბეებზე დაიწყო ასვლა, რამდენიმე მწკრივად ჩამდგარმა ჯარისკაცებმა ავტომატის ჯერით მოწინავეები მოცელეს. ხალხმა უკან დაიხია, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ სცადა შენობაშის კიბეებზე ასვლა, რასაც კვლავ მოჰყვა სროლა და მოწინავეთა ხოცვა. ეს გაგრძელდა ღამის სამ საათამდე.  დაფანტულმა ხალხმა კვლავ ძეგლთან დაიწყო შეგროვება, იქნებოდა ასე 1000-1500 კაცი. როდესაც მიმოფანტული ხალხი შეგროვდა და მიტინგი განახლდა, ჯარისკაცებმა ადამიანების ძეგლის კვარცხლბეგიდან ჩამოყრა დაიწყეს. მათ დაუნდობლად აგებდნენ ხიშტებზე. საშინელი მოთქმა და გოდება იდგა. ბოლოს ხიშტიანმა ჯარისკაცებმა სამკუთხედი შეკრეს და ხალხს მიაწვნენ. ხალხი სანაპიროზე და მის მიმდებარე ქუჩებსა და ჩიხებში გაიფანტა. ზოგიერთი სიცოცხლის გადასარჩენად მტკვარშიც ცვიოდა. მათ აღმოსაჩენად მეავტომატეების ჯგუფები დადიოდნენ და დაუნდობლად ცხრილავდნენ.

9 მარტს ღამით საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი… დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 100-დან 1000 ადამიანამდე მერყეობს.

Facebook Comments
x

Check Also

გლობალური ეკონომიკური აპოკალიფსი – როგორ უნდა მოემზადოს საქართველო…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი -თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციებია: მსოფლიო წესრიგის ცვლილება.  ტრანსნაციონალური საფრთხეების ზრდა, ლტოლვილების კრიზისი, ...