Home » მთავარი » სიტყვის თავისუფლება დასაცავია, ოღონდ ცალკეულ პირთა ისტერიკით ეს არ გამოვა

სიტყვის თავისუფლება დასაცავია, ოღონდ ცალკეულ პირთა ისტერიკით ეს არ გამოვა

ანდრო ბარნოვი

აშკარაა, რომ სიტყვის თავსუფლების მიზნით საზოგადოების აქტიურობამ დაიგვიანა. სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია და მას უკან არავინ წაიღებს. მიზეზი ისაა, რომ სიტყვის თავისუფლების დასაცავად დადგა არა ჟურნალისტების ფართო წრე, არამედ – პოლიტიკოსები, რომელთაც, სამწუხაროდ, არ აქვთ დიდი ნდობა საზოგადოებაში. არადა, პროფესიული სივრცის დასაცავად პროფესიული სოლიდარობაა საჭირო.

რევოლუციის მოლოდინი არარეალისტურია, საამისო მუხტი და გამაერთიანებელი ძალა არ არსებობს. ამიტომ, თუ ახლა მაინც არიან გულწრფელნი ისინი, ვინც სიტყვის თავისუფლების დაცვის განცხადებებით გამოდის (აქამდე რომ დუმდნენ), და თუ რაციონალური სტრატეგიით მოქმედების უნარი აქვს ვინმეს, მაშინ უნდა მოხდეს იმის გაცნობიერება, რომ ახლა გამოსავალი და რეალისტური მიზანი რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვაა.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ დიდი ჟურნალისტური გაერთიანება ყველაზე ეფექტური მექანიზმი იქნებოდა დღეს. რ2-ის და ყველა სხვა მედიასაშუალების სარედაქციო თავისუფლება სწორედ ასეთი გაერთიანების უწყვეტი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. ეს შესაძლებელს გახდის საზოგადოების სტაბილური მხარდაჭერის უზრუნველყოფას არა პოსტ ფაქტუმ, როდესაც უკვე გვიანია, არამედ – პრევენციულად, რომ აზრის თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვა არ დავუშვათ.

მინდა, იმედი მქონდეს, რომ პროცესის სადავეებს თავად ჟურნალისტები აიღებენ. გაწიეთ პოლიტიკოსები გვერდზე და დაიცავით პროფესიული ღირსება. მაშინ ყველას მხარდაჭერა გარანტირებული გექნებათ – პოლიტიკოსებისაც, სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისაც და უბრალო მოქალაქეებისაც,

სიტყვის თავისუფლება დასაცავია, ოღონდ ცალკეულ პირთა ისტერიკით ეს არ გამოვა. სიტყვის თავისუფლება დასაცავია დღესაც და მომავალშიც. ამისათვის კი საჭიროა გონიერ ადამიანთა გონივრული ქმედებები. საჭიროა საერთო მიზნით მოტივირებული მუდმივი საკომუნიკაციო პლატფორმა. ამიტომ, ცნობილო და ნაკლებ ცნობილო ჟურნალისტებო, ვისაც გესმით საკუთარი პროფესიის მნიშვნელობა, ვინც არ ეკუთვნით პოლიტიკოსებს და ვისაც პროფესიული ღირსებისათვის ბრძოლა გინდათ, ძალიან გთხოვთ, სერიოზულად იფიქრეთ ამ მიმართულებით. ქარტია უნდა დაიხვეწოს და გაძლიერდეს. მთელი საზოგადოება გვერდში დაგიდგებით დიდი პროფესიული გამარჯვების მოსაპოვებლად.

პროცესი აუცილებლად ჩიხში შევა, თუ არ იქნება თავად ჟურნალისტების სოლიდარობა. ეს იქნება საკმაოდ მძიმე ჩიხი, რომელიც კიდევ მრავალ სხვა ჩიხს წარმოშობს. რ2 ჯერ კიდევ ეთერშია იმ ფორმით, როგორიც ის არის. მოსწონს ის ვინმეს, თუ არ მოსწონს, მისი შენარჩუნება ყველასათვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაერთიანდით პროფესიული ნიშნით, პროფესიული ხელშეუხებლობის მიზნით და დღეს, კონკრეტულად და პირველ რიგში, რუსთავი 2-ის კოლექტივის დაცვის ამოცანით. გამარჯვება თქვენი იქნება, ანუ სინამდვილეში ეს მათი გამარჯვებაც იქნება, ვინც გებრძვით და თავის დროზე ამას ყველა გააცნობიერებს, მაგრამ დღეს თქვენი სოლიდარობის ჯერია.

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...