Home » მთავარი » “ტერორისტებს ნაკლები ჭკუა არ აქვთ. ისინი თვალყურს ადევნებენ, სად რა ვითარებაა…”

“ტერორისტებს ნაკლები ჭკუა არ აქვთ. ისინი თვალყურს ადევნებენ, სად რა ვითარებაა…”

საჭიროა, ადამიანის უფლებებიც დავიცვათ და უსაფრთხო გარემოც შევქმნათ. ერთი მეორეს არ გამორიცხავს, პირიქით, ეს ორი საკითხი ერთმანეთს ავსებს, მაგრამ ოქროს შუალედი რომ ვიპოვოთ, სიტუაცია დროსა და სივრცეში უნდა გავაანალიზოთ, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„როცა ქვეყანაში მშვიდობა იქნება, შეიძლება, მთელი რიგი მიმართულებებით ლიბერალური მიდგომები გაიზარდოს, მაგრამ თუ ტერორიზმის მაღალი რისკები და საფრთხეები იქნება, შეიძლება, ადამიანის უფლებათა გარკვეული მიმართულებები რაღაც სახით შეიზღუდოს. მესმის კეთილი მიზნები, მაგრამ არსებული რეჟიმი უფრო კეთილ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, კონტრდაზვერვა ძალიან სპეციფიკური საქმიანობაა, რაც სპეციალურ ოპერატიულ ღონისძიებებს უკავშირდება და, რაც ძალიან მგრძნობიარე თემაა, რადგან სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების გატარებისას შესაძლოა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მთელი რიგი მეთოდოლოგიები გამოიყენონ.

„ეს ძალიან რთული საქმეა. მოსარჩელეები, რომლებიც თვლიან, რომ რაღაც ნორმები ადამიანის უფლებებს არღვევს, ამ სპეციფიკაში ვერ ერკვევიან და ალბათ, არც უნდა ერკვეოდნენ იმდენად, რამდენადაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ერთ-ერთია, ვინც ქვეყანაში გასაიდუმლოებულ ღონისძიებებს ახორციელებს. მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხო გარემოა, რითაც ვამაყობთ, რადგან ამას მეტი სტაბილურობა, ინვესტიცია და ქვეყნის მიმართ ინტერესის ზრდა მოაქვს. ვიზალიბერალიზაციის უკან, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია –  მაგალითად ის, რომ ქვეყანა უსაფრთხო და სტაბილურია“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა,  ეს მონაპოვარი მხოლოდ კანონის ჩანაწერის ფარგლებში მოპოვებული არ არის.

„ამის უკან დგანან ჩვენი სპეცსამსახურები, რომლებიც დღედაღამ მუშაობენ, რომ ტერორიზმის პრევენცია-ნეიტრალიზაცია და სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტული გამოწვევების დაძლევა მოახდინონ. ეს ძალზე სპეციფიკური და რუტინული სამუშაოა და არ შეიძლება,  მათ ყველა ინსტრუმენტი გამოვაცალოთ. მითუმეტეს, როცა ურთულეს რეგიონში ვიმყოფებით. არ შეიძლება, სპეცსამსახურებს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოსთხოვო და თან უთხრა, რომ არც იარაღი ჰქონდეს, არც თვალთვალის საშუალება და არც სხვა რამ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით,  საქართველომ ბეწვის ხიდზე გაიარა და ხელისუფლებამ სტაბილურობის უზრუნველყოფა შეძლო მაშინ, როცა სირიიდან ევროპაში ლტოლვილთა მნიშვნელოვანი ნაკადი, „ისლამურ სახელმწიფოში“ კი ძალიან ბევრი ადამიანის რეკრუტირება მიდიოდა და ძალიან ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობდა, ჩვენი ქვეყანა ტრანზიტად გამოეყენებინა.

„მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კონტრდაზვერვითი საქმიანობის რეგულაციები შეიცვალა და მათ მეტი უფლებამოსილება მიენიჭათ, რასაც საზოგადოება გონივრულად შეხვდა. ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ქვეყანაში რამე უბედურება მოხდეს, თორემ მერე, ექსპერტით დაწყებული, არასამთავრობო ორგანიზაციით გაგრძელებული და პოლიტიკური ძალებით დამთავრებული, ყველა იტყვის, სად იყავითო. სად ვიყავით და, როცა დაცვის მექანიზმები არსებობს, ის არ უნდა გავაუქმოთ და გავაფუჭოთ, რადგან რასაც გავაფუჭებთ, ყველაფერი თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოებას დაემუქრება. დემოკრატიულ ქვეყანაში, პოლონეთში კანონმდებლობა შეცვალეს, რომლის მიხედვითაც, 3 თვის განმავლობაში, კონტრდაზვერვის სამსახურს შეუძლია, ყოველგვარი სასმართლო გადაწყვეტილების გარეშე, ნებისმიერ პირს მოუსმინოს და თვალთვალი აწარმოოს. ნატო-სა და ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში პოლიციას უფლება მისცეს, 4 საათის განმავლობაში პირი ადვოკატის გარეშე დაკითხონ. ეს აუცილებლობამ მოიტანა”, – განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ მოქმედი კანონმდებლობა შეიცვლება, საქართველო მაშინვე მოწყვლადი ქვეყანა გახდება.

“ტერორისტებს ნაკლები ჭკუა არ აქვთ. ისინი თვალყურს ადევნებენ, სად რა ვითარებაა და როგორც კი დაინახავენ, რომ რომელიმე ქვეყანაში ადეკვატური კონტროლის საშუალება არ არის და გასაძრომია, რა თქმა უნდა, სვლას ამ მიმართულებით დაიწყებენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

2030

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...