Home » ემიგრანტები » ტკივილიანი თაობა სახელად „ოჯახი“

ტკივილიანი თაობა სახელად „ოჯახი“

ემიგრანტი მშობლების შვილის ტკივილიანი წერილი

     თათული ჭვალაძე

   არაოფიციალური მონაცემებით,დღეს საქართველოდან 1,5 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ არის გასული. ოფიციალური სტატისტიკის დადგენა დღემდე ვერ ხერხდება იმის გამო,  რომ მათი ძირითადი ნაწილი არალეგალური სტატუსით იმყოფება უცხო ქვეყნებში. მე არ ვარ ემიგრანტი,მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია ჩემთვისაც ეს თემა, რადგანაც  ბევრი მეგობარი მყავს, ვინც მშობლის სიყვარულის გარეშე გაიზარდა.ერთ-ერთი მათგანი ვარ მეც. რვა წლის ვხდებოდი, როდესაც განვიცადე პირველი მონატრება და გულის ტკივილი სახელად „მამა“. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რადგან მეგონა ეს დიდი ხნით არ გაგრძელდებოდა.პატარა ბავშვისთვის ყველაფერი ადვილი დასაჯერებელია,მეგონა მამა იქიდან გამომიგზავნიდა ყველაფერს,რაც ჩემს გულს გაახარებდა,უფრო სწორად იმედი მქონდა, რომ ჩამომიტანდა და თვითონაც დაბრუნდებოდა საქართველოში.სამწუხაროდ,  ეს პატარა გოგონას ფიქრები და ოცნებები იყო,რომელიც თავის თავს არწმუნებდა მხოლოდ იმიტომ,რომ მას ეს ამბავი გულს უხარებდა. ოცნება არ მტოვებდა თვეები,შემდეგ კი წლები.მეც ვიზრდებოდი დედასთან და ჩემი ტკივილის გარდა,მოზრდილ გულში იმკვიდრებდა ადგილს დედის წუხილი.ვუყურებდი ყოველღამე მის სევდიან სახეს,ცრემლითავსებულ შავ თვალებს,სადაც მამის ანარეკლს ვხედავდი,იმ პერიოდთან ერთად როდესაც სამივე ერთად ვცხოვრობდით.დედაჩემს გახარებულს ძალიან იშვიათად ვხედავდი,მაშინ როდესაც ტელეფონი დარეკავდა,იმის იმედით რომ მისი მეუღლე იქნებოდა,მაგრამ ეს სიხარულიც წამიერი თუ იქნებოდა.მისი ხმის გაგონებაზე მონატრება მატულობდა,ცრემლის ბუშტი ყელში ეჩხირებოდა და ამ ბუშტს ჩემი მოციმციმე თვალები ხელს უშლიდა გახეთქვაში,რადგან დედას არ უნდოდა ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა ამ ცრემლებით.ვხვდებოდი,წლების გარბენის გარდა,მონატრებაც როგორ მატულობდა,უკვე ყველაფერს ნათლად ვხედავდი. მაშინ როდესაც მე და დედას ყველაფრის იმედი გადაწურული გვქონდა მამის ნახვასთან დაკავშირებით,მისი წასვლიდან ხუთი წლისთავზე გავიგე, რომ დედაც მამასთან მიდიოდა…

 ღმერთის წყალობით მან ყველაფერი გააკეთა და გამოუვიდა კიდეც.თან მიხაროდა,თან მიჭირდა დედის ალერსთან განშორება.დედის სუნი შვილისთვის ხომ ყველაფერია,მისი ერთი დამამშვიდებელი სიტყვა და გგონია ირგვლივ ყველაფერი კარგად იქნება.როგორც აღვნიშნე ხუთი წლის შემდეგ ,ცამეტი წლის ასაკში,კვლავ მივიღე მეორე ტკივილი…

 წასვლისას  დედამ  მითხრა: „შენი მომავლისთვის მივდივარ, დე, მე და მამა ყველაფერს გავაკეთებთ შენი მომავლის და ბედნიერებისთვის“.

 ახლა ვხვდები, რომ ჩემთვის ბედნიერება მათთან ახლოს ყოფნა იქნებოდა, მაგრამ… დედის სიტყვები დღემდე ჩამესმის ყურებში,სიტყვები, რომელშიც დიდი სიმართლეა დამარხული,მშობლები თმობენ შვილების უსაზღვრო სიყვარულს,მათთან გატარებულ წლებს და მომავალს იმის გამო, რომ მათი ცხოვრება უზრუნველყონ. ჩემნაირი ისტორია ბევრ ბავშვს აქვს საქართველოში, ერთ-ერთი იყო ჩემი კლასელი და მეგობარი თიკო,რომელსაც ასევე მშობლები საზღვარგარეთ ჰყავდა.სკოლაში დედა-შვილობანას ვთამაშობდით სულ,თითქოს ამით ერთმანეთს მშობლებისგან გამოწვეულ მონატრებას ვუმსუბუქებდით. .მშობელთა კრებაზე ჩვენი მეურვეები,კერძოდ ბებიები მოდიოდნენ ხოლმე.ისიც ძალიან გწყინს,რომ თითქმის ყველა შენი მეგობრების დედა მოდის კრებაზე,ხედავ როგორ აქებენ თავიანთ შვილებს,ზოგი კი ეჩხუბება ნიშნების გამო,მაგრამ მაშინ ვხვდებოდი, რომ დედის ჩხუბიც ტკბილი ყოფილა,ოღონდ ის ყოფილიყო ჩემს გვერდით.დროდადრო უკვე ყველაფერთან გიწევს შეგუება გინდა ეს თუ არა. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს,სიზმარს, რომელიც გაღვიძებისთანავე ბუნდოვნად გახსოვს.ბავშვობაში ვიქექები და ვეძებ მათთან გატარებულ წუთებს გასახსენებლად,სამწუხაროდ წლებთან ერთად გავიწყდება იმ ბედნიერი წუთების გახსენება.კოშმარს ჰგავს ყოველივე,რომელიც გრძელდება დიდი ხანი,გითრევს შიგნით და ძნელია ამ კოშმარის დროს გაღვიძება.მამაჩემს ისევ ის რვა წლის გოგონა ვგონივარ,რომელიც მას თვალცრემლიანი აეროპორტში აცილებდა,დედა კი მძინარეს გამომემშვიდობა,რაც სამწუხაროდ მე არ მახსოვს,წავიდა და დამტოვა ბებიების და ბაბუების ამარა. აღარ მინდა იმაზე ფიქრი რას გრძნობენ დედა და მამა,მათაც ხომ ელოდებიან თავიანთი მშობლები.დედაჩემს აქ ქვრივი დედა ელოდება,მაგრამ მისთვის დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ მამა გარდაეცვალა,რადგან მას არ შეეძლო მამის ცხედართან ახლოს ყოფილიყო და ახლობლებისგან სამძიმარი მიეღო,რადგან იგი არალეგალი ემიგრანტია. ჩემი ბებიები და ბაბუა უკვე ასაკში არიან და თავიანთი შვილების ხსენებაზე ღმერთს  ევედრებიან: „ღმერთო ნუ მოგვკლავ ისე რომ ისინი ვერ ვნახოთ“. ამის მოსმენა მიცარიელებს სულიერს ყველაფერს,ვხვდები რომ ამ ცხოვრების მსხვერპლია ადამიანი.ვერ გრძნობ მშობლის ჩახუტებას,ვეღარ გრძნობ ხორციელ სითბოს და ამ უგრძნობლობის ნიადაგზე პატარაობიდანვე სევდა პატრონობს გულში,რომელიც მონატრებისგან დაღლილი და გასიებული აგრძელებს ფეთქვას.იქ წითლად წვიმს.წლების განმავლობაში ვერ ვხედავდი მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი როგორ იღვრებოდა სიმწრის ცრემლები და ივსებოდა შიგვე.გულთან ერთად მეც ვტიროდი,უფერული მაგრამ აზრიანი ცრემლებით.

 რა არის ჩემთვის ცხოვრება?! ცხოვრება შავ-თეთრია,ხან უფრო მუქ ფერად გვეჩვენება,ხან ალაგ-ალაგ ჭრელი,ნათელი ფერის ბუშტიც გამოანათებს,ბუშტი, რომელსაც პატარა ბავშვი ბერავს თავისი მხიარული აზრებით,ფიქრებით და იმედებით,მაგრამ დროთა განმავლობაში აცნობიერებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ბუშტი გასკდება და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება. ეს არის ცხოვრებისეული ბრძოლა და ტანჯვა.მშობელი საკუთარ პრინციპებს და სურვილებს თმობს იმის გამო, რომ ჩვენ, შვილებს მომავალი მოგვიწყონ,მომავალი, რომელიც ლამაზ ფერებში იქნება გაფერადებული,სადაც მზის სხივივით იკაშკაშებს თვალებიდან გამოჭვრეტილი სინათლე,სადაც ყოველი დღის გათენება იმიტომ გახარებს, რომ ერთმანეთს ჩახედოთ თვალებში, გულში და გონებაში კი ფიქრობდე წმინდა სიტყვას სახელად „ოჯახი“.

   08.07.2016 წელი

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...