Home » მთავარი » “უკვე კარგად ვიცით, რომ ამ ქორწილში ,,დაპატიჟებული,, ხალხი ფეხებზე ჰკიდია! ,,გილოცავთ,, ხალხო!”

“უკვე კარგად ვიცით, რომ ამ ქორწილში ,,დაპატიჟებული,, ხალხი ფეხებზე ჰკიდია! ,,გილოცავთ,, ხალხო!”

ბლოგი

ელზა ჯმუხაძე

-“გავიღვიძე და პირველი ფინჯანი ყავის თანხლებით გავაცნობიერე: პირადად მე, როგორც ერთი ადამიანი და პროფესიონალი, სუბიექტურად ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ფაქტია – ჩემი შეთავაზების მიუხედავად, არ დამავალა ხალხმა, დამეტოვებინა ჩემი საყვარელი კი არა, უსაყვარლესი საქმე და საკეთებელი; მოკლედ, პირველ რიგში უფალმა, მერე კი ხალხმა გადაწყვიტა, რომ მე ამ ქვეყანას ადვოკატად და უფლებადამცველად უფრო ვჭირდები – იქნებ, სწორედ ამას ჰქვია ,,ხმა ღვთისა და ხმა ერისა,,? რაც შეეხება თავად ხალხს: ჭეშმარიტად – ,,ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს,,: ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა უახლოეს მომავალში უტრიალონ ძველი ,,პლასტინკა,, რომელიც არც კი გადაუბრუნეს: ეს ,,პლასტინკა უკრავდა და კვლავაც დაუკრავს უნიჭო სიმღერას ქოც-ნაც-კაც-დიაც-მაცუნების უაზრო კინკლაობის შესახებ; ამ გაცვეთილი ,,პლასტინკის,, გაუთავებლად ტრიალის ფონზე ხალხს აღარ ექნება C ჰეპატიტი, სამაგიეროდ მუდმივად ექნება შიმშილი და კიდევ რაღაც, რაც ამ შიმშილსაც კი დაავიწყებს; ჩვენმა ხალხმა ტოტალურად დაიმსახურა, რომ ვერ იშოვოს სამსახური და თუ იშოვა, იმუშაოს მონურ პირობებში – სადმე სამსახურში თავშეყოფილმა და ამითაც ბედნიერმა თავისი მონური ხელფასით ან გარევაჭრობით (სულ ეგაა!!!) ნაშოვნი თეთრებით სდიოს და ვერასოდეს დაეწიოს გაქცეულ დოლარს, თუ პრეტენზია გამოთქვა გაქსუებულ დამსაქმებელთან კი – სულაც უმუშევარი დარჩეს; ხმის ამოღების სამაგიეროდ სამსახურიდან გამოგდებულმა, თავისი უფლებების დასაცავად წლობით იაროს სასამართლოში; უყუროს, რა ,,ტემპით,, გამოიძიებენ არათუ ძველ, ახალ საქმეებსაც და რა ყოჩაღად აღადგენენ სამართლიანობას; თუ ძალიან გულს შემოეყრება, ამ ხალხს კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ თავისუფლად შეუძლია ატრიალოს თავისი ,,პლასტინკაც,, – გადაახვიოს, უყუროს, უყუროს და უყუროს ახლადშექმნილ მრავალსერიან ფილმს ქვეყნის გამაუპატიურებელი პოლიტიკური ძალის მიმართ სამართლიანობის აღგენის ნაოცნებარი სიუჟეტით; ამავე ხალხს შეუძლია, მშიერ კუჭზე პერიოდულად ,,გახალისდეს,, პარლამენტში გამართული მოჩვენებითი დაპირისპირებით, ,,იბიარდული,, ხასიათის სისულელეებით ან ბინძური ფარული ჩანაწერებით, რადგან სხვა ვერც პური და ვერც სანახაობა ამ ქვეყანაში უბრალოდ, ვერ იქნება! ფაქტია, რომ პარლამენტში ხალხმა არ შეუშვა არც მრავალი პოლიტიკური ძალა და არც ბევრი ცალკეული ისეთი ადამიანი, რომელიც მოსვენებას დაუკარგავდა და იდილიას დაურღვევდა იმ შეხმატკბილებულ-შეკურკურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2016 წლის 8 ოქტომბრამდე ერთად თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთი ისე მოიწონეს, უკვე ოფიციალური ქორწინებაც გააფორმეს და მალე ქორწილსაც გადაიხდიან და რომლებსაც, უკვე კარგად ვიცით, რომ ამ ქორწილში ,,დაპატიჟებული,, ხალხი ფეხებზე ჰკიდია! ,,გილოცავთ,, ხალხო! ზუსტად ვიცი, რომ თქვენ კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობით ყოველგვარი დაუცველობის და ტოტალური უსამართლობის ჭაობში და როდესაც მომადგებით მე, როგორც ადვოკატს იმის დასაჩივლებლად, თუ როგორ დაუნდობლად, როგორი ცინიზმით გადათელეს ამ ქვეყანაში თქვენი უფლებები, რა თქმა უნდა, ისევ დაგიცავთ ჩემი კომპეტანციის, უფლებამოსილების და ფიზიკური შესაძლებლობის ფარგლებში. ამ დილიდან ერთი რამ ზუსტად ვიცი – ბევრი საქმე მექნება…მოკლედ, გილოცავთ, ხალხო – ზუსტად თქვენ და სხვამ არავინ ამჯობინეთ სწორედ ისეთი მომავალი, როგორიც აირჩიეთ. ამის შემდეგ, რეალურად, უფლება აღარ გაქვთ, პრეტენზია გქონდეთ შეუსრულებელ დაპირებებზე, რადგან თქვენი გამოცდილებით კარგად იცოდით, რომ დაპირებები, რაც თქვენ თავზე დაგაყარეს, იყო ცრუ, მაგრამ თქვენ ეს კიდევ მერამდენედ ოფიციალურად ,,გაატარეთ,, მოკლედ, ცრუ დაპირებების გამო ვინმესთვის პასუხის მოთოვნის უფლება საკუთარ თავს თვითონ წაართვით – ამიტომ თქვენ დაიმსახურეთ, რომ დარჩეთ მოტყუებულნი და დაზარალებულნი, როგორც პოლიტიკური თაღლითობის მსხვერპლნი. რადგან აირჩიეთ, ეს გდომებიათ და სწორედ ამიტომ გილოცავთ, რომ მიიღეთ ზუსტად ის, რაც გინდოდათ! მე კი, როგორც ერთი ადვოკატი, ორშაბათიდან განახლებული ენერგიით დავბრუნდები სასამართლოს დარბაზებში, ციხეებში და ისევ მაქსიმალურად შევეცდები თქვენი ფეხქვეშ გათელილი უფლებების აღდგენას – საქმე და საომარი ვეჭვობ, რომ კიდევ უფრო ბევრი მექნება!”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...