Home » მთავარი » უნდა მივხედოთ არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ – მთლიანად მედიას!

უნდა მივხედოთ არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ – მთლიანად მედიას!

ანდრო ბარნოვ

-“არ ვაპირებ, ზედმეტად მკაცრი პოზიცია დავიჭირო ვახო სანაიას მიმართ. მიმაჩნია, რომ მასაც მიძღვის თავის წვლილი თავისუფალი მედიის ჩამოყალიბებაში, ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანია და მასზე ხელების შეწმენდა ნამდვილად არ იქნებოდა სწორი. შეიძლება, მასაც მოუვიდეს შეცდომა, დაემორჩილოს სისტემის წესებს, რაღაც ვერ გათვალოს, სადღაც უპრინციპობაც გამოიჩინოს – როგორც ყველა ჩვენთაგანმა.

მაგრამ, სამაგიეროდ, ვახოს ჩათვლით, ყველას მიზანია, რომ გვქონდეს ნორმალური, ობიექტური, თავისუფალი, საინტერესო და ყურებადი ტელევიზიები და მთლიანად მედია სივრცე, რომელიც ძირითადი იარაღია პოლიტიკური და სხვა სოციალური ჯგუფების ხელში, რომ საზოგადოებასთან კონტაქტი შეინარჩუნონ. ჩვენი მიზანია, რომ ეს კონტაქტი იყოს სახელმიწოს, ან სხვა გავლენიანი ინსტიტუტის მიერ შეუზღუდავი.

ამავდროულად, საჭიროა ფართო საზოგადოებრივი შეთანხმება და გარკვეული საზოგადოებრივი მექანიზმები, რომელიც მედიის სტანდარტის გაზრდას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობის დიდი პოტენციალი არსებობს და გაუგებარია, როცა ეს ორგანიზაციები სათანადოდ არ აქტიურობენ.

მინდა შევეხო ბატონი ბადრი შუბლაძის და ტრისტან წითელაშვილის შემთხვევას. საზოგადოება იცნობს ბატონ ბადრის, როგორც სრულიად უანგარო პატრიოტს, ადამიანს, რომელსაც, ასაკის მიუხედავად, თავის პირად ვალად მიაჩნია, რომ როგორც მოქალაქემ, დაიცვას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება. ვიცნობთ, როგორც რადიკალურად პრინციპულ ადამიანს, რომელიც არ იზარებს იაროს ტელევიზიიდან ტელევიზიაში და დაუპირისპირდეს იმ პოზიციას, რაც მას ქვეყნისათვის დამღუპველად მიაჩნია.

მეორეს მხრივ, ვიცნობთ წითელაშვილს. ნომენკლატორულ პროვოკატორს, ადამიანს, რომელიც არაფრითაა საინტერესო იმის გარდა, რომ მის ირგვლივ მუდმივად არსებობს გაურკვეველი, ბნელი ინტერესები და მოტივაციები. ვიცით, რომ წითელაშვილის სახელი ასოცირდება მხოლოდ პროვოკაციებთან.

ამ ადამიანის სტუდიაში მიწვევა შეუძლებელია არ ასოცირდებოდეს პროვოკაციის სურვილთან, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის ფორმალური პასუხისმგებლობა აქ არ არსებობს. თუმცა არსებობს ჟურნალისტური ეთიკა და საზოგადოებამ არა მხოლოდ ამ, არამედ – ბევრ სხვა შემთხვევაში უნდა მოითხოვოს, რომ ეს ეთიკა იყოს დაცული. მე მიმაჩნია, რომ სანაიამ უნდა განმარტოს, რატომ მოიწვია წითელაშვილი. უნდა განმარტოს საზოგადოებისთვის გასაგებად, ხოლო ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

რაც შეეხება ბატონ ბადრის, რომელიც სამართალდამცავებს დაუბარებიათ დღეს, საზოგადოება აქაც უნდა ყურადღებით იყოს, რომ არ დაუშავს სახელმწიფოს გადაჭარბებული ზეწოლა წესიერ ადამიანზე, რომელმაც ვერ მოითმინა კრიმინალების პარპაში ქვეყანაში და გადაჭარბებული რეაქცია გამოავლინა ეთერში.

ჩვენ კი, როგორც საზოგადოებამ, უნდა მივხედოთ არა უბრალოდ რუსთავი 2-ს მაგალითად, არამედ – მთლიანად მედიას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა დღეს. უნდა დავისახოთ მიზანი და რეალურად უნდა მივხედოთ”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...