Home » მთავარი » ფრთხილად! მოსწავლეთა თვითდაზიანებები შესაძლოა „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდებოდეს…

ფრთხილად! მოსწავლეთა თვითდაზიანებები შესაძლოა „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდებოდეს…

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში შვიდმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა, რაც შესაძლოა ინტერნეტში გავრცელებულ საშიშ თამაშს “ლურჯ ვეშაპს” უკავშირდებოდეს.

ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის შვიდი მოსწავლე გამოკითხეს, რომელთა ასაკიც 13-14 წელია. გამოკითხვის მიზეზი მათ სხეულზე აღმოჩენილი ნაკაწრებია, რომლებიც 4-მა გოგომ და 3-მა ბიჭმა თვითონ მიაყენეს საკუთარ თავს.

დაზიანებები ბავშვების ხელებზე სკოლის მანდატურმა შენიშნა. სკოლის მასწავლების თქმით, ბავშვები თამაშში სავარაუდოდ, უფროსკლასელმა ბიჭმა ჩართო.

საქმეში ჩაერთო შს სამინისტრო და „ლურჯ ვეშაპთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყებამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

-სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.

დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“-ს ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.

თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.

მოსწავლეებში თვითდაზიანების ფაქტს ადასტურებს განათლების სამინისტრო.  

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სკოლაში ბავშვების მიერ თვითდაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. მისი განცხადებით, მოსწავლეები ინტერნეტთამაშ “ლურჯ ვეშაპში” მონაწილეობას უარყოფენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

“დღევანდელ შემთხვევაში მონაწილე ბავშვები არ ადასტურებენ ინტერნეტთამაშში ჩართვას – ეს გასაგებიცაა, მათი ასაკიდან და შიშებიდან გამომდინარე, რომ დაისჯებიან”, – განაცხადა გიგაურმა

“დღეს სკოლის მასწავლებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ ერთი მოსწავლე, რომელსაც ხელები ჰქონდა დასერილი, დაკავშირებული იყო რისკთან, ამიტომ, შეამოწმა სხვა მოსწავლეებიც და მაშინვე შეატყობინა მანდატურის სამსახურს, ასევე პოლიციას“, – განმარტავს ლია გიგაური და დასძენს, რომ ამ თამაშის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ 1 წლის წინ მიიღო და სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყო.

“ერთი თვის წინ, გარკვეული ტალღის აგორებასთან დაკავშირებით, ასევე, შემოსულ ინფორმაციას დავეყრდენით და ვთხოვეთ სკოლის მასწავლებლებს და დირექტორებს, რომ გააფრთხილონ მშობლები, დაკვირვებით იყვნენ, მაქსიმალურად გათვალონ რისკები და დააკვირდნენ შვილების ქცევას. ასევე, მასწავლებლებს აქვთ დავალება, რომ დაკვირვებით იყვნენ, მოსწავლეს თუ აღმოაჩნდება რაიმე ისეთი ნიშანი – როგორიცაა ხელების დასერვა, სწრაფად მოახდინონ რეაგირება”, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

გიგაურის თქმით, მათ დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილეს სკოლები, მშობლებთან კომუნიკაცია განაგრძონ.

“დღეს, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ, განმეორებით გავაფრთხილეთ სკოლები, რომ კვლავ გააგრძელონ მშობლებთან კომუნიკაცია. თითოეულმა დამრიგებელმა აუხსნას მისი კლასის მშობლებს, თუ რა რისკებთანაა დაკავშირებული მათი შვილების ამ თამაშში ჩართვა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ თამაშში ჩართვა და კომუნიკაცია საღამოს პერიოდში ხდება და ამიტომ, ოჯახის წევრების მხრიდან ნამდვილად სჭირდება დაკვირვება და მონიტორინგი, რას თამაშობს ბავშვი, რომელ საიტებზე შედის და რა რისკებთან არის დაკავშირებული იმ კონკრეტულ თამაშში ჩართვა“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს საქართველოში, 12 წლის გოგო ე. წ. კურატორის დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში წევს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...