You are here
ქართველი ჩოხოსანი ფერეიდანში და შაჰ-აბასისთვის გაცემული საკადრისი პასუხი ინტერვიუ კულტურა მთავარი ყველა სიახლე 

ქართველი ჩოხოსანი ფერეიდანში და შაჰ-აბასისთვის გაცემული საკადრისი პასუხი

დავით დოლიძე 

იგი პირველი ქართველია, ვინც ფერეიდანში ჩოხით ჩავიდა. ბავშვობიდან ოჯახში უყვებოდნენ ირანში იძულებით გადასახლებულ ქართველებზე, ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა სამშობლოსგან მათმა სიშორემ…
და როცა შეძლო ირანში ჩასვლა, აუღელვებლად უჭირს  იმ დიდი ემოციის გადმოცემა, რაც დახვდა ფერეიდანში. ამბობს, რომ მიდიოდნენ მასთან და საქართველოზე ეკითხებოდნენ, ყველაფერი აინტერესებდათ, იქნებ იმაზე მეტადაც უყვართ საქართველო, ვიდრე აქაურებსო… – გიორგი თორელის პერსონა.  

 – თორელი ფსევდონიმია…
– გელაშვილი ვარ გვარად. თორელი ფსევდონიმია, მაგრამ მალე ჩემი გვარი იქნება. თბილისში დავიბადე, მამაჩემი ბორჯომელია, სახლი  წაღვერში გვაქვს, იქ  ახლოს არის სოფელი თორი. ბაკურიანიდან ჩანს, ულამაზესი ბუნებით. თორელი ძველი ფეოდალური გვარია. ახლა თბილისში ვცხოვრობთ.
– ბავშვობა…
– ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ისტორია და დედაჩემიც მესაუბრებოდა ფერეიდნელ ქართველებზე. პირველად კახეთში 70-იან წლებში რომ ჩამოიყვანეს იქიდან ოჯახები, პაპაჩემი ხელმძღვანელობდა ვეჯინში მათ დაბინავებას. პაპამ მოუყვა დედაჩემს ფერეიდნელების ისტორია. დედაჩემმა კი მე მიამბო.
ამიტომ ბავშვობიდან მინდოდა ფერეიდანში წასვლა. რომ წამოვიზარდე, ისტორიის შესწავლა დავიწყე. მარტო ფერეიდნის არა, საქართველოს მოწყვეტილი ლაზების, ჰერების… მაგრამ ფერეიდანმა უფრო მეტად დამაინტერესა, რადგან შორს იყო. 400 წლის წინ ეს ხალხი ფეხით გაუყენეს ფერეიდნის გზას, ზოგი გზაში დაიხოცა…  ხრიოკ ქვიან  ადგილზე დაასახლეს. დიდი ძნელბედობა გადაიტანეს და ერთი დიდი რეგიონი მაინც შექმნეს.

– პირველი ქართველი ხართ, ვინც ფერეიდანში ჩოხით ჩავიდა…
– სამი წლის წინ შევედი ჩოხით ირანში. ძალიან ვღელავდი… მაინც ვფრთხილობდი ჩოხის გამო, ცოტა ჩაკეტილი ქვეყანაა და… თეირანიდან ტაქსი დამიქირავეს. ტაქსმა თეირანიდან მარტყოფში ჩამიყვანა. ზუსტად 6 საათის სავალია თეირანიდან მარტყოფამდე. ფილმი „ფესვები“ ხომ გახსოვთ? მატარებელს რომ ელოდება ხალხი, ასე დამხვდნენ ფერეიდანში. ღამის 11 საათი იყო, მაღლობიდან ღამე  მთელი მარტყოფი ხელისგულივით ჩანდა. ჩავწიე ფანჯარა და ვიგრძენი ქართული სული… რაღაცნაირად დამბურძგლა.
შევდივარ მარტყოფში, ქართული წარწერები მომხვდა თვალში, მერე დაასახლების შესასვლელში მოტოციკლეტიანი ბიჭებიც გამოჩნდნენ… ტაქსისტი ირანელი იყო, გაუკვირდა, ამდენი ხალხი რომ დაინახა… ვინ არის, ასეთს ვის ხვდებიანო?  „გიო, გურჯი, გურჯი, გაუმარჯოს საქართველოს“ – იძახოდნენ ბიჭები… შოკში ვიყავი. თავი სხვა სამყაროში მეგონა. არ ვიცი, რამდენი მოტოციკლი იყო, მათმა კოლონამ მიმაცილა სახლამდე… საიდ მულიანმა მითხრა, შენ  პირველი ქართველი ხარ, ვინც ჩოხით აქ ჩამოვიდა. ისტორიას არ ახსოვს, რომ ქართველი ჩოხით ფერეიდანში ჩამოსულიყოსო.
იქ მერე სულ ჩოხით დავდიოდი, იყო სიმღერები, ცეკვები, მოლხენა…. ცეკვის დროს ჩემთნ ბიჭი მოვიდა, მომესალმა, მე ქართველი ვარ, რაღაც მინდა გთხოვოო. დედაჩემი ძალიან ავად არის, დიდი ხანია ლოგინად არის ჩავარდნილიაო. სულ ტირის, საქართველოს მიწას ვერ მოვეფერეო. რომ გაიგო, ჩოხით ჩამოხვედი, უნდა, რომ გნახოსო. აქ ქალების შეხვედრა არ შეიძლება, სახლის კუთხეში დგას და გელოდებაო. მართლაც, იდგა ეს ავადმყოფი ქალი კუთხეში, მაკოცა ჩოხაზე, მხარზე…  ჩემი მიწის ნახვა არ მეღირსაო… ტიროდა.
იმ ღამეს ბათუაშვილების ოჯახში დავბინავდით. სუფრა გაიშალა. ემოციის მოთოკვა იოლი როდი იყო, როცა ქართველების გულისყური გამუდმებით შენკენ იყო მომართული… ღამე ვტიროდი, ძალიან განვიცადე, ვერ აღვწერ, იმ დიდი ემოციის გადმოცემაც კი მიჭირს, რაც დამხვდა ფერეიდანში. მოდიოდნენ და საქართველოზე მეკითხებოდნენ, ყველაფერი აინტერესებდათ, რა ხდება, რა ვითარებააო…

– რამდენი დღე დარჩით?
– სულ 10 დღე გავატარე ფერეიდანში. ფერედანშაჰრი ისპაჰანიდან 100 კილომეტრით მდებარე დიდი რეგიონია, პატარ-პატარა სოფლებად დაყოფილი. ბევრ სოფელში გველოდებოდნენ და ვერ მოვასწარი ყველგან მისვლა. ამ რეგიონში ცხოვრობენ: ონიკაშვილები, სეფიაშვილები, ბათუაშვილები, ფანიაშვილები, თათარაშვილები, ასევე იოსელიანები, სვანები, რომლებიც იქაც თავისებური ხისტი ხასიათით არიან ცნობილი. მაშინ, როცა აჰყარეს კახელები თავიანთი მიწა-წყლიდან, სვანები მესაზღვრეები ყოფილან და ისინიც ირანისკენ გაუყენეს გზას…
ფერეიდანშაჰრი დიდი ქართული დასახლებაა, სადაც მცირე რაოდენობით ირანელები, იეზიდები, სომხები… ცხოვრობენ. თითქმის ყველა ოჯახს 7-8 შვილი ჰყავს. ორი ან სამი იქ არ არსებობს…
თეირანი, ისპაჰანი, ფერეიდანი, თავრიზი, შირაზი… – ამ ქალაქებში ცხოვრობენ ქართველები, მაგრამ ქართული ენა მხოლოდ ფერეიდანში შეინარჩუნეს.
– ალბათ ძნელია იმ შთაბეჭდილებების დავიწყება…
– გამოვედი ქუჩებში, უბნებში გავედი, თბილად გიყურებენ, გურჯს გეძახიან. ყველა  ქუჩას  ქართული წარწერა აქვს. მანქანებს „საქართველო“, ან „სამშობლო“ აწერიათ, ზოგსაც – „საქართველო, მიყვარხარ“, „დედაენის დამვიწყებელს დამმარხველი არ ჰყავს“…
ქართულ წარწერებს ფოტოებს ვუღებდი. შემხვდა მაღაზია, დიდი ბანერით და კახა კალაძის სურათი. „მილანში“ რომ თამაშობდა, ეს ამდენი ქართველი  კალაძეს გულშემატკივრობდა.
ზოგს ჩოხა არც ენახა და პირველად ხედავდა. უხაროდათ. 400 წელი იქ არიან და დედა არ შეუგინებიათ ერთმანეთისთვის. იქ არ ყოფილა, რომ ქართველი ქართველს  მოეკლას. ისე არიან ერთ ოჯახად შეკრული, ქართველს რომ ვინმემ რამე დაუშავოს, იქვე მოკლავენ, არ გაახარებენ…
ერთი სუსტი კაცი მოვიდა, გამეცნო და მკითხა: წიგნი ჩამომიტანეო? რა წიგნი გინდა-მეთქი და „დედა ენა“ მინდა ძალიანო. ქართული ვიცი, მაგრამ „დედა ენაც“ მინდაო. კი ჩავიტანე წიგნები, მაგრამ ბევრს უნდოდა და ყველას ვერ გასწვდა…

აყვირებით მოდიოდნენ მანქანები… ქუჩაში სურათებს მიღებდნენ და ეს ძალიან დიდი სიხარული იყო. გავჩერდით დიდ მაღაზიასთან, სადაც ტანადი მოხეული კაცი იდგა კართან. მოჭიდავე ყოფილა. რომ დამინახა, თვალები გაუბრწყინდა: ქართველი ხარ, შენ გენეცვალეო. დამარტყა მხარზე, ჩემი ბიჭი ხარო. ჩემი მეგობარია ლევან თედიაშვილიო. მერე მიამბო, ერთი ბავშვობის ოცნება მქონდა და მაინც ავისრულეო. თურმე ამ კაცს შეუკვეთავს ბანერი, რომელაზეც დიდი ასოებით „საქართველო“ ეწერა… მერე გაანათებინა და მაღლა მთაზე აუტანია. „გავანათე „საქართველოო“… ერთი დღე იყო ეს წარწერა, მერე ჩამოხსნეს და  ამის გამო დამაჯარიმეს, მაგრამ არ ვდარდობ, ხომ ავისრულე ოცნებაო“…
მესამე დღეს უკვე ჩოხით აღარ გავედი ქუჩებში… დამაინტერესა, მარტო ჩემთან ხომ არ საუბრობენ ქართულად-მეთქი. კეპი დავიხურე, სახე დავიმალე და მაღაზიებში შევედი. შევედი რამდენიმე მაღაზიაში. გამიხარდა, რომ ერთმანეთშიც ქართულად საუბრობდნენ. კიდევ, ვნახე ყრუ-მუნჯ ოჯახში გაზრდილი ბიჭი, რომელიც უკრავს გიტარაზე. მას დედა  ქართველი ჰყავს და ბიჭი ქართველობს. ქართულად საოცრად მღერის, იტირებ, რომ მოუსმინო…
– თქვენს  ჩასვლას ფერეიდნული ქორწილი დაემთხვა…
– ჩემი ჩასვლიდან მესამე დღეს იყო ქორწილი ბათუაშვილების ოჯახში. მაყრიონის წინ ჩოხით  ვიჯექი. ქართული მუსიკა და  ნინო ჩხეიძის სიმღერები გაჟღერდა. პატარძლის ოჯახში რომ მივედით მანქანით, ყველას ყურადღება ჩემკენ იყო მოქცეული. ვხედავ დგას გოგოს მამა – მოხეული ჯმუხი კაცი. მიყურებს ჩუმად, მერე დამიძახა,  აქ მოდიო.  შენ გენაცვალეო, – მაგრად ჩამეხვია.
იმდენი ყურადღება არ იყო სიძე-პატარძლისკენ, რამდენიც ჩემკენ.

– რამდენიმე წლის წინ ფერეიდანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც მოინახულა…
– ფერეიდანში ძალიან უყვართ ჩვენი პატრიარქი. პატრიარქის ფოტო მრავალ ოჯახშია… წმინდა კაცს ეძახიან.  2001 წელს პატრიარქი ირანში რომ იყო ჩასული, მოინახულა ფერეიდნელი ქართველებიც. ამბობენ, რომ დაცვა მოხსნა პატრიარქმა და ისე შევიდა დასახლებაში… არსებობს ვიდეო, როგორ ტირის პატრიარქი. ხელზე კოცნიან პატრიარქს და ეფერებიან…
– ქართული ტელეგადაცემების ნახვა შეუძლიათ, ხომ?
– ქართულ ტელეარხებს უყურებენ. გული სწყდებათ, რომ ზოგიერთ შოუში მათთვის მიუღებელი პერსონები გამოჰყავთ. ირანელი იმ დროს შესწრებია გადაცემას,  ჰომოსექსუალი რომ გამოჰყავდათ, ეს ქართველიაო? – ირანელს უკითხავს. ჩვენ აქ ვტრაბახობთ, რომ ვაჟკაცები ვართ და ამ დროს ტელევიზიით რაებს აჩვენებენო… მითხრეს გულდაწყვეტილებმა.
– ამბობენ, რომ ფერეიდანში უკვე მე-17 თაობაა, რომელმაც  ქართველობა, მეობა შეინარჩუნა…
– მთებს ქართულ სახელებს არქმევენ, რომ არ დაავიწყდეთ ქართული. მარტყოფში არის ქართველებისთვის ძალიან ძვირფასი მთა. შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ ქერიმ-ხანს გადაუწყვეტია, ხარკის აკრეფა და შემდეგ ისე გართულდა ვითარება, ისტორიიდან ცნობილია, რა ბრძოლა გაიმართა მის ლაშქარსა და ფერეიდნელ ქართველებს შორის. კაცებმა ცოლ-შვილი მთაში გახიზნეს. მას ციხემთას ეძახიან. ის შემდეგ მათთვის წმინდა ადგილი გახდა. უთანასწორო ბრძოლები გაიმართა ციხემთასთან… ვინც ვერ გაიხიზნა, ამოხოცეს… იქ ქართველების სისხლია დაღვრილი… ამ ბრძოლაში მრავალი გვარი ამოწყდა… მაინც მოიტანეს ქართველობა დარჩენილებმა…
წიგნები, ყველაფერი ქართული აინტერესებთ. პირველად რომ მივდიოდი, ჩოხა არ მქონდა, პირველი ადამიანი, ვინც დამეხმარა,  მეუფე სერაფიმე ჯოჯუა იყო, ბორჯომის ეპარქიაში. დიდი მხარდაჭერა მქონდა მეუფისგან, მეუფეს უნდოდა, ბორჯომში ეჩუქებინათ ფერეიდნელებისთვის ერთი კორპუსი და უარი უთხრეს. დიდი მადლობა ბატონ ზაზა აბაშიძეს. რომ მივდიოდი ფერეიდანში, დამაბარა, აბა შენ იცი, ჩემს ქართველებს მოკითხვა გადაეციო, წიგნები გამატანა იქაურებთან.
ასევე, რამდენიმე ვიდეომიმართვა ჩავიტანე – ჩემი ოჯახის, მეგობრების, მეუფე სერაფიმეს მიმართვა, მეუფის სიტყვებზე, – ჩვენ გვიყვარხართ, ქართველებოო, – იტირეს ბიჭებმა. მეც ამეტირა.
იქ ყველა შრომობს, ძალიან მშრომელი ხალხია. ქართული ვაზი ჩაიტანეს და გაახარეს.  ვინც პირველად ვენახი გააშენა, გადაუწვეს ქართული ვენახი, მაგრამ დღემდე ვერ გაიგო, ვინ… კახელების ოჯახში ვიყავი, ნაღდი კახელები ვნახე. კახური კილო ჰქონდათ. ვიხუმრეთ, გავიხსენეთ ბევრი რამ, იცი, აქ იოსელიანები გვყავსო. აქაც სვანობენ, ცოტა რთული ხალხიაო. რაღაცას ვეტყვი და ბრაზდებიანო. იცინოდა…
ისინი ძველ ქართულად, სულხან-საბას დროინდელი ენით საუბრობენ. ცეკვას  დღესაც შუშპრობას ეძახიან…
ფოტოგრაფი, ვინც ჩოხაში გადამიღო ფოტო, მოხსენამ, მითხრა, პაპაჩემი ძალიან ლამაზი, ცისფერთვალება,  წარმოსადეგი კაცია, უნდა გაგაცნოო. მანქანით წავედით მის სანახავად. ვხედავ, გორაზე ორსართულიანი სახლი დგას მოვლილი ბაღით… პაპა, სტუმარი მოგიყვანეო. ვინ არიო? – იკითხა. ის ბიჭია, ჩოხით რომ ჩამოვიდაო…
მომიყვანე აქაო… რომ შევხედე, ნამდვილი ქართველი იდგა ჩემ წინ – თეთრი, ცისფერთვალება, ცოტა ხუჭუჭა. შენ გენაცვალე, ქართველიოო და ჩამეხვია.
მერე მითხრა, ადრე აქ ბიჭი მოვიდა და სპარსულად დამიწყო ლაპარაკი, გავარტყიო, შენ ქართველი ხარ თუ სპარსიო. მე ვუთხარი: აქ ვინც მოვა, ყველამ ქართულად უნდა ილაპარაკოს. მე ვარ ქართველი, შოთა რუსთაველის ქვეყნიდანო. აქ ქართველმა ქართულად უნდა ილაპარაკოს. ვიდეო მაქვს, როგორ ტირის ეს კაცი – ჩემი საქართველო მენატრებაო… ზოგს არც უნახავს საქართველო, ისე ბერდებიან…
ყველა ოჯახში აქვთ საქართველოს რუკა. პასპორტში ვერ წერენ, მაგრამ სახელებს ქართულს არქმევენ.
ასევე აღმოვაჩინე, რომ ავღანეთის სოფლებშიც ყოფილან ქართველები.
მიამბეს, ავღანეთში გადასულან ფერეიდნელი ქართველები. ავტობუსში მსხდარან. ამ დროს ქართველ ჯარისკაცებს გაუჩერებიათ ავტობუსი, აუყუდებიათ ერთი მათგანი მანქანაზე, გასაჩხრეკად… ამ ბიჭს თურმე ეცინება. რა გაცინებს, ტერორისტი ხომ არ ხარ და მიტყუება ხომ არ გინდაო?.. მე ქართველი ვარ, არ მესროლოთო. დაუძახია სხვა ბიჭებისთვის, ძალიან ბევრნი ვისხედითო. ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ავტირდითო… ფოტოები გადავიღეთო და მერე საზღვრამდე  მიაცილეს ჩვენი ავტობუსიო…
– ისპაჰანში რა დაგამახსოვრდათ?…
– პირველი ფერეიდნელები იყვნენ ისპაჰანელები, ალავერდი-ხანი უნდილაძე იყო ყველაზე გავლენიანი კაცი, რომელმაც ისპაჰანში ააშენა 33-თაღიანი ხიდი და ქართველები გააძლიერა. შემდეგ შაჰ-აბასმა მოწამლა ვერაგულად და მოიშორა თავიდან.
მეორედ ძმასთან ერთად ჩავედი ირანში, ისპაჰანში ჩემი მეგობარი და მეგზური იყო როჰი რეზვანა, ბათუაშვილი. მამამისი ისპაჰანის გუბერნატორი იყო და დღემდე ძალიან ავტორიტეტული პიროვნებაა.  შვილებიც ქართულად გაზარდა.  სხვა ქალაქებს რომ შევადარე, ისპაჰანი ყველაზე ლამაზი ქალაქია ირანში. როგორც რომი, ძალიან ძველი ფილაქნიანი ქუჩებია. ირანის ოქროს ეძახიან. უძველესი დედაქალაქია.. მოვინახულე იქაური ქუჩები, ის 33-თაღიანი ხიდიც და უნდილაძის ძეგლიც ვნახე…
– შაჰ-აბასის საფლავზეც იყავით ჩოხით…
– შაჰ-აბასის მოედანი ძალიან დიდი, ლამაზი მოედანია. უნდა ვაღიარო, რომ სპარსული კულტურა მართლა ძალიან მდიდარია… ვნახე ის ადგილიც, სადაც პაატას თავი მოჰკვეთეს. იქ დღესაც საქართველოდან ჩატანილი ხეები ხარობს…  მივედი შაჰ-აბასის საფლავზე ჩოხით. ემოციური წუთები იყო…
– რა უთხარით?
–  ისე განვიცადე, ბურთი მომაწვა ყელში, ამხელა უბედურება საქართველოს, კახეთს არ ახსოვს. მივედი და ვუთხარი: შენ ააოხრე ამდენი ქართველი, მაგრამ ვერ გადააშენე, მე ჩამოვედი, ჩოხით, ვდგავარ აქ და გეუბნები, რომ საქართველო  არ გადაშენდება. ხალხს საქართველოს სიყვარულს ვერასოდეს ვერ ჩაუქრობ-მეთქი.
– ირანში მართლმადიდებლებისთვის ქართული ეკლესია  არსებობს?
– 
ისპაჰანში ერთი ეკლესიაა ქართველებისთვის, მაგრამ სომხებმა დაიჩემეს, სომეხს უფლება აქვს ირანში, რომ თავის ეკლესიას ჰქონდეს ჯვარი გამოსახული. ქართველს უფლება არ აქვს.  ქართველებს უკრძალავენ, თორემ სომხები ბედნიერად ცხოვრობენ. ყველაზე მეტი მეჩეთი დგას იქ, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ვიდრე სხვა რეგიონებში. არც  ქართული ისწავლება ოფიციალურად. ამის მიუხედავად, ახალგაზრდებს მკლავზე დანით ჯვრები აქვთ ამოტვიფრული. ქვევრები აქვთ ეზოებში, ჯვრებს სახავენ დედას პურებზეც…  ვინც საქართველოში ჩამოვიდა, ყველა მოინათლა.
მიამბეს, დიდი მეჩეთი აუშენებიათ ქართულ რეგიონში, იქ ჩასულა მოლა სალოცავად… მოუხედავს უკან და ცარიელია მეჩეთი… ხალხი – არც მოხუცი, არც პატარა არ დადის. ჩუმად ქრისტიანობენ, კითხულობენ წიგნებს, უფრო მეტი იციან საქართველოზე და მის ისტორიაზე, ვიდრე ჩვენ.
– მაშინ ძალიან გახმაურდა ჩოხით ჩასული ქართველის ამბავი. რა შედეგი მოჰყვა თქვენს ჩასვლას?
– დიდი გამომეხმაურება მოჰყვა. ამ სტატიის მერე დაიწყო ძვრები, ჩემმა მეგობრებმა წიგნების შეგროვება დაიწყეს. ჩემმა ინტერვიუებმა ჩააღწია ამერიკის ქართულ ემიგრაციაში, მირეკავდნენ, რომ ფერეიდნელებთან ხშირად ჩავიდეთო. ერთ-ერთი ფერეიდნელის დაბადების დღეზე მოვიდა ცოლ-ქმარი და მიცნეს, შენ ის გიორგი არ ხარ, ფერეიდანში რომ ჩახვედი პირველი ჩოხოსანიო? სწორედ შენმა ინტერვიუმ ერთ ჩვენს მეგობარ მომღერალ ბიჭს გადააწყვეტინა ირანში ჩასვლა და იქაურ ქართველებს ახლა ქართულს ასწავლისო. ასევე, ჩემთან საუბარი ჟურნალისტმა ირლანდიაში გამოაქვეყნა და  ფერეიდნელი ქართველები იქაც გაიცნეს. მიხარია, რომ ამ თემას დიდი დაინტერესება მოჰყვა.
– რა შეიძლება გაკეთდეს ფერეიდნისთვის?
– ამას წინათ, დათო კენჭიაშვილმა ძალიან დიდი კონცერტი გამართა ფერეიდანში. იქ უყვართ დათო. მის სიმღერებს ხშირად უსმენენ. რომ დავბრუნდი, დათოს მივწერე, ძალიან უყვარხარ ფერეიდნელ ქართველებს და შენი ჩასვლა გაუხარდებათ-მეთქი. აუცილებელია, ფერეიდანში მწერლებისა და ისტორიკოსების ხშირი სტუმრობა. მათი დავიწყება ღალატის ტოლფასია. ისედაც გული სწყდებათ, არ ჩამოდიან ქართველები, რაც ჩვენთვის ტრაგედიააო. მართალია, ცოტა რთულია კონცერტების ჩატარება, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ, რომ მუდამ გრძნობდნენ ჩვენს თანადგომას.  ვისაც მართლა საშუალება აქვს, უნდა ჩავიდნენ და ნახონ ფერეიდანი.
სამი წლის წინ ვიყავი მე, ახლა უფრო დაიწყეს ქართველებმა სიარული.უკვე  ტურებიც ხშირად იმართება.  ბედნიერი ვიქნები, თუ ამ ხალხს ვიღაც დაეხმარება. უკან წამოსვლა არ მინდოდა, ნამდვილ სამოთხეში ვიყავი… ყველა ნაღვლიანი იყო… რას დამაბარებთ-მეთქი. საქართველო მოგვიკითხეო, ასე გადაეცი ქართველებს, რომ არ დაგვივიწყონ. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს საქართველოო. ეს მიწა არ არის ჩვენი, ჩვენი მიწა საქართველოს მიწააო.
შენი ჩამოსვლა ჩვენთვის დღესასწაულია და რომ მიდიხარ, ჩვენი გულებიც მიგაქვსო.
საქართველოში ყოფით პრობლემებზე გადართული ხარ… ხედავ ხალხს, რომელსაც არაფერი აინტერესებს, არაფერი ადარდებს, ფიქრობს, დღეს რა ვალი გადაიხადოს, ხვალ რა ჭამოს… აქ გაუცხოვდა ყველაფერი. მესმის, რომ ეკონომიკური სიძნელეებია, მაგრამ ამან ნამდვილი განცდა არ უნდა დაჩრდილოს… და ამ დროს იქ, შორს ტოვებ ხალხს, რომელსაც ძალიან უყვარხარ და მზად არიან, დღესასწაული მოგიწყონ, დაგანახვონ,  რომ საქართველო არსებობს.  ნამდვილი საქართველო მე იქ დავინახე.
დღეს უცხოეთში  ბავშვმა ორი წელიწადში უკვე ქართული აღარ იცის. იქ კი 400 წლის განმავლობაში ენა შეინარჩუნეს. ყველაფერი დათმეს, ენა და გენი კი გადაარჩინეს. მათი ოცნებაა, რომ ყველა – დიდი და პატარა დაბრუნდეს საქართველოში.  5 წლის ბავშვი მოვიდა და მითხრა, მე ქართველი ვარო. ხომ ვიღაც ასწავლის მას? ანუ აგრძელებს მომავალს. მას უყვებიან, რომ ქართველია. იქაურებს უფრო მეტად უყვართ საქართველო,  მე ვიტყოდი, აქაურებზე მეტადაც კი.
2008 წლის ომის დროს ფერეიდნელი ბიჭები შეგროვდნენ და მოდიოდნენ საქართველოს დასახმარებლად… ომში შევუერთდებით ქართველებსო… მარტყოფში ანბანის ძეგლი რომ დაიდგა, ძალიან დაძაბული  დღეები იყო, ხალხი არ თმობდა… რამხელა გმირობაა, დიდი ირანული გავლენის პირობებში ძეგლის დადგმა?
მე რომ ვიყო ამ ხელისუფლებაში, ვისაც მართლა ენატრება საქართველო, გულით უნდა ნახვა და  გულწრფელად უყვარს, იმათ – ყველას დავაბრუნებდი საქართველოში. და რაღაც კონპენსაციას მივცემდი, რომ ეარსებათ.  სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ იჩენს მათდამი –  ზოგს დაბინავება უნდა, ზოგს მოქალაქეობა არ აქვს. თუმცა ამ ბოლო დროს მოქალაქეობის საკითხი დადებითად გადაწყდა.
შეიძლება სპეციალური ტურების მოწყობა. ის ადამიანები, ვისაც ენატრება სამშობლო, თუნდაც ორი დღით ჩამოიყვანო, დაათვალიერებინო.
უახლოეს პერიოდში ვგეგმავ, რომ ჩემი ტურისტული კომპანიის მეშვეობით ფერეიდანში  ჩავიყვანო ფერეიდნის ნახვის მსურველთა ჯგუფი.
– ფარმაცევტულ ბიზნესსაც მისდევთ… და, საერთოდ, ახალი გეგმებიც გაქვთ…
– ირანში მალე საქართველოდან პირველად ქართული წამალი შევა. ფარმაცევტული კომპანია „კავკზაუს თრეველი“ უკვე დავაარსეთ.
მალე ვიწყებ ძალიან საინტერესო პროექტს, საქართველოში უცნაური მისტიკური  ადგილების გამოკვლევას. ჩემთვის ყველაზე იდუმალი ადგილი ხვამლის მთაა, ვოცნებობ, ხვამლის მთაზე ექსპედიციის მოწყობას. უამრავი მისტიკური ადგილია საქართველოში, რომლის შესახებ დღემდე კაციშვილმა არ იცის.   მინდა ყველაფერი გავაცნო ხალხს. ტურისტებს თბილისით ვერ გააკვირვებ, მათ  სწორედ ის მისტიკური ადგილები აინტერესებთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და  ძალიან ბევრი საიდუმლო აქვს.

 

 

Comments

comments

Related posts