Home » მთავარი » ქვეყანაში უიმედობის ერთგვარი „ინდიკატორია“-მიზეზები და დაძლევის ხერხები

ქვეყანაში უიმედობის ერთგვარი „ინდიკატორია“-მიზეზები და დაძლევის ხერხები

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

თანამედროვე გამოწვევების პირობებში, მთავრობა აქტიურად ცდილობს ქვეყნის განვითარებას, ახორციელებს რეფორმების 4 პუნქტიან  გეგმას: ეკონომიკური რეფორმა, საჯარო მმართველობის რეფორმა, სივრცითი მოწყობისა და განათლების რეფორმა. რეგულაციებით, საბანკო სექტორისათვის ინსტრუმენტების წარმოდგენითა და ლარით ფასდადებით ცდილობს ქვეყნის ეკონომიკაში ლარის პოზიციების განმტკიცებასა და ეკონომიკური აქტივობის წახალისებას.

ობიექტური იქნება აღინიშნოს, რომ დღევანდელი მთავრობა უფრო სოციალურია. მთავრობის მიდგომები და რესურსი მიმართულია (ბიუჯეტი, ჯანდაცვის პროგრამები)  საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაჯანსაღებისაკენ.

დამაკმაყოფილებელია და კრიტიკას არ ექვემდებარება მთავრობის მიზნები და საზოგადოების კეთილდღეობის მომტანი ღონისძიებების გატარება, რაც მთლიანობაში, მიმართულია გარკვეული პოზიტიური ძვრებისა და ერთგვარი განვითარების  დინამიკის შექმნისაკენ .

ერთია პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს ძალისხმევა და სურვილი, მეორეა ამ ძალისხმევის შედეგი. ფაქტია, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ძველი მმართველობითი მიდგომები და პოლიტიკური მეთოდები არათუ შედეგებს, ოპტიმიზმის ილუზიასაც კი ვეღარ ქმნის.

სამწუხაროდ უნდა ითქვას ისიც, რომ მმართველობითი გარემო დინამიურად ვერ ვითარდება, პოლიტიკური გარემო განიცდის ადამიანური კაპიტალის ეროზიას, ადმინისტრაციული რესურსის შედეგები თეორიულად უფრო იგრძნობა ვიდრე პრაქტიკულად, შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა იკლებს.

მმართველობითი და პოლიტიკური სივრცე განიცდის ძველი პოლიტიკის წნეხს, რაც  ბლოკავს რეფორმებს და ადმინისტრაციულ ცვლილებებს.

აღნიშნულ ფონზე, ქვეყანაში უიმედობა გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი. უიმედობით გაჯერდა სოციალური და  ეკონომიკური გარემო.

ქვეყანაში უიმედობის ერთგვარი „ინდიკატორია“:

  • მაღალი მიგრაცია, მაღალი დოლარიზაცია, დაბალი ეკონომიკური აქტივობა, არაპროგნოზირებადი სავალუტო კურსი, ახალგაზრდა ენერგიული კადრების უპერსპექტივო მომავალი, ახალგაზრდებისათვის უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის  შესაძლებლობის არქონა, პერმანენტული განვითარების დაბალი პირობები;
  • „უიმედობის სტატისტიკა“. ფაქტოლოგია აჩვენებს, რომ ერთ წელიწადში 49,7%-ით გაიზარდა უიმედო ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა. 2016 წლის დეკემბერში იანვართან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა (437 112 000 ლარი,); ამავე პერიოდში 30%-ით გაიზარდა მოვალეთა რაოდენობა (186 285 ჩანაწერია რეგისტრირებული.); ხოლო 16,8%-ით გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა (შეადგინა 476 084 ადამიანი) (წყარო : ge, 2017 წ.);
  • მნიშვნელოვან საკითხებზე უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. ამ ფონზე, სუსტია საზოგადოების კითხვებზე სათანადო რეაგირების, ინფორმირების, პოლიტიკური დარწმუნების ძალა. დაბალია პოლიტიკური ქარიზმა;
  • ადმინისტრაციული და პოლიტიკური მმართველობა ფორმირდება ისევ „გოსტის სტანდარტებით (Государственные стандарты (ГОСТ)“. ამ საკადრო პოლიტიკის ფონზე, თანამედროვე ქვეყნის მოწყობა ( რომელიც ეფუძნება ISO სტანდარტებს) რამდენიმე ათეული წელი შეუძლებელი იქნება. ქვეყანაში მხოლოდ ბიზნეს გარემო ფორმირდება ISO სტანდარტებით, შესაბამისად აქვს მოგებაც, ზრდა-განვითარებაც და გლობალური აღიარებაც. კვლევები ადასტურებს, რომ ბიზნეს გარემო თავს არიდებს „ГОСТ-ის სტანდარტების საკადრო პოლიტიკას“.

დღეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი ებრძვის „უიმედობას“, რომლის საფუძველიც გახდა: პრობლემების დაძლევის  არასათანადო მიდგომები, პროგრამებსა და სტრატეგიებს წერენ უცხოელები, მმართველობით რეფორმებზე მხოლოდ ფიქრობენ და აანონსებენ, ეროვნული მოდელების შექმნის ნაცვლად გადმოაქვთ  სხვადასხვა ქვეყნის მოდელები.

ამ ყველაფრის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ უცვლელია:

  • მართვის მეთოდები და პოლიტიკური ტექნოლოგიები. საჯარო მმართველობის „რეფორმა“ უფრო ადგილმონაცვლეობაა ვიდრე ცვლილება. შესაბამისად, პოლიტიკა „ჩრდილავს“ ეკონომიკას და მის გამოცოცხლებაზე ქმედით გავლენას ვერ ახდენს;
  • ადმინისტრაციული და პოლიტიკური გარემოს შედეგებზე პასუხისმგებლობა. სტრატეგიული გეგმები სრულდება თუ არ სრულდება პასუხისმგებლობა მაინც არავის ეკისრება;
  • სახელმწიფო მმართველობის მწარმოებლურობის ტემპი. იგივე რესურსს, იგივე შედეგები მოაქვს. ქვეყანაში არსებობს ქარიზმატული და ენერგიული ლიდერების დეფიციტი. ამიტომაც, ვერ ხერხდება სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა ფენას შორის კომუნიკაცია და ინტეგრაცია;
  • ეკონომიკური პოლიტიკის მიდგომები, რომელიც უიმედო სოციალურ-ეკონომიკური ფონს ქმნის. შესაბამისად, არაპროგნოზირებადია ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზები;
  • სახელმწიფო სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გარდაიქმნა ექსპერტებისა და მეცნიერ-მკვლევარებისპლატფორმად (ამიტომ, მიღებული გადაწყვეტილებები, არ ეყრდნობა კვლევასა და ანალიზს, ხოლო შედეგები ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია).

ამ ყველაფრის მიზეზს წარმოადგენს პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს არა სურვილის ან ძალისხმევის უქონლობა, არამედ:

  • გლობალური და ლოკალური გამოწვევების შესაბამისი მმართველობითი უნარ-ჩვევების დეფიციტი. გლობალური პოლიტიკოსების დეფიციტი;
  • სუსტი მმართველობითი შესაძლებლობები. საზოგადოებასთან კომუნიკაციის წარმოების არასათანადო მმართველობითი უნარი; ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილების არგუმენტირებისათვის მეცნიერული კვლევისა და  ანალიზის უნარ-ჩვევების უქონლობა; რადგანაც, ახალს ვერ ქმნიან, არც ახალ ძალას აძლევენ ამის შესაძლებლობას;
  • რეფორმის პროგრამების განხორციელების პრობლემა. ბოლო პერიოდში „განხორციელებულმა“ რეფორმებმა კონკრეტული სფეროს არსებითი გარდაქმნა ვერ მოახდინა;   
  • სახელმწიფოს სისტემაა, სადაც მართვის წესები უცვლელია, საკადრო პოლიტიკა უცვლელია, გეგმების შესრულება არ არსებობს, ვალდებულებების შესრულებაზე პასუხს არავინ აგებს. ჩვენ გვინდა „პირობითად“ 100 კმ/საათი სიჩქარით მოძრავი სახელმწიფო სისტემით  დავეწიოთ (გასწრებაზე საუბარი ნაადრევია) ევროპული ტიპის ეკონომიკას, რომელიც მოძრაობს 5000 კმ/საათით. თუმცა ყველამ იცის, რომ ვერ დავეწევით, მაგრამ საჯაროდ ამას არავინ აღიარებს. ეს თვითონ სისტემამაც იცის, იცის, რომ  საკითხის გადაჭრის უნარი, ძალა და ქარიზმა არ გააჩნია. თუმცა, სისტემა იმდენად დაჟანგულია, ის ახალი მექანიზმის შექმნასაც ხელს ვერ უწყობს.

უიმედობის დაძლევის მიზნით საჭიროა სტრატეგიული ღონისძიებების გატარება, მათ შორის შეიძლება აღვნიშნოთ შემდეგი:

  • წესების დადგენა და პასუხისმგებლობის გამკაცრება, რომლითაც ადმინისტრაციული და პოლიტიკური პირი პასუხს აგებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს განვითარებასა და გეგმების შესრულებაზე. კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგში არსებულ შედეგებზე მმართველობითი პასუხისმგებლობის გამკაცრებით, ხელფასის გამო თანამდებობაზე ყოფნის სურვილი აღარავის ექნება;
  • ქართული ეკონომიკური მოდელების შექმნა, ნაციონალური ბიზნესის თავისებურებების გათვალისწინებით, კვლევასა და შედეგებზე დაფუძნებული მოდელი. სხვა ქვეყნის მოდელს მაშინ იღებ, როცა შენ მისი შექმნა არ შეგიძლია. სხვა ქვეყნის პროგრამას იმიტომ იღებ, შენ მისი შექმნისა და დამტკიცების უნარი არ გაქვს.
  • სისტემის შეცვლა. ეკონომიკის არსებული ტემპით, არსებული ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსით, არსებული მექანიზმებით (როდესაც უცვლელია სისტემა, ხდება მხოლოდ გადაადგილება და იცვლება როლები) და მიდგომებით, შეუძლებელია არსებითი გავლენის მოხდენა. იგივე მეთოდებითა და მიდგომებით, უკეთეს შემთხვევაში იგივე ტემპი იქნება შენარჩუნებული;
  • მმართველობითი გარემოს რევოლუციური ცვლილებები. ევოლუციით ქვეყანა ნელა მოძრაობს, ჩამორჩა განვითარებული ქვეყნების ფერხულს. რევოლუციური ცვლილებების გამტარებლისათვის გარემოს ფორმირება, მხოლოდ ეროვნული სულისკვეთების აქტორების იმედზეა. საჭიროა ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება;
  • ქვეყანამ უნდა აითვისოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საექსპორტო პოტენციალი, სამხედრო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი,  უმაღლესი განათლების საექსპორტო პოტენციალი, ქართული სათვისტომოს რესურსის საიმპორტო პოტენციალი. სწორედ, აღნიშნული ექსპორტი-იმპორტის პრაგმატიზმის პრიზმაში გაერთიანება შეუძლია ახალგაზრდა მეცნიერებს, ენერგიულ და  ქარიზმატულ ლიდერებს;
  • დასასრულს დავძენთ, რომ შედეგები, რომლის მიღებაც გვსურს (ევროპული ტიპის ეკონომიკა), მიღწევადია ლიდერების, ენერგიული, ქარიზმატული და ძლიერი ახალგაზრდების დახმარებით. პირებს, რომელთაც შეუძლიათ საზოგადოების ეკონომიკური აქტივობის დაჩქარება, ყველა კლასის, მსოფლმხედველობის, განსხვავებული პოლიტიკური ინტერესებისა და საზოგადოების ყოველი აქტიური წევრის ჩართვა სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. და რომლებსაც ასევე, შეუძლია გლობალური პოლიტიკის წარმოება და გააჩნიათ ცვლილებების ენერგია.
Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...