Home » ეკონომიკა » ქვეყანა საჭიროებს ძლიერ ხელისუფლებას, რომელიც შეძლებს რეფორმების გატარებას „საძირკვლიდან”

ქვეყანა საჭიროებს ძლიერ ხელისუფლებას, რომელიც შეძლებს რეფორმების გატარებას „საძირკვლიდან”

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

უკანასკნელ პერიოდში, მთავრობის მიერ ეკონომიკურმა პროგრამებმა ქმედითი გავლენა იქონია ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, ხელი შეუწყო გლობალური გამოწვევებისადმი საქართველოს ეკონომიკის იმუნიტეტის გაძლიერებას.

იმედის მომცემია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდის ტემპი, რომელმაც 5% შეადგინა; საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რომელიც 18.4%-ს შეადგენს (2284,6 მლნ აშშ დოლარს); ექსპორტის მოცულობის ზრდა 30%-ით (სამწუხაროდ გაიზარდა იმპორტის მაჩვენებლები 14.9%-ით), ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ზრდა (მხოლოდ მარტში 3.4%-ით გაიზარდა) (საქსტატი).

ხაზგასასმელია პოლიტიკური ნება და საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებაზე, რომელიც მოიცავს: ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, საგადასახადო დავალიანებებს, დაუსრულებელ მშენებლობებს, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევის განთავისფულებას დღგ-საგან, შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტის გათავისუფლებას დღგ-სგან და აქციზისგან, ენერგოეფექტურობის წახალისებას და მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიით მიღებული სარგებლის განთავისუფლებას საშემოსავლო გადასახადით.

დღეს, საქართველოში „მოგების გადასახადის რეფორმით” ხელისუფლება გეგმავს 2 მილიარდ ლარზე მეტი თავისუფალი ფულადი რესურსის მიწოდებას ბაზრისათვის (4 წლის განმავლობაში), რაც ბუნებრივია პოზიტიურად აიახება სამუშაო ადგილების შექმნაზე, პროდუქციის წარმოებაზე, ბიზნეს აქტივობაზე. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროცესი შესაბამისობაშია თანამედროვე ბაზრის ტენდენციებთან.

აღნიშნული მოცემულობის პოზიტიური შეფასების მიუხდავად, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს შემდეგი:

-„მოგების გადასახადის რეფორმით” ბაზრისათვის ფულადი რესურსის მიწოდების სიდიდე (2 მლრდ) და მისგან მიღებული სარგებლის ოდენობა, რომლის მოსალოდნელი შედეგები გაურკვეველია. მთავრობა ვალდებულია სრული სიზუსტით წარმოადგინოს 2 მლრდ-ის მოსალოდნელი შედეგი ციფრებში (რამდენი იქნება დასაქმების ზრდა, ბიზნეს აქტივობის ზრდა, ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, და სხვა);

– საგადასახადო პოლიტიკის შერბილება მსოფლიო ტენდენციაა და ბაზრისათვის 2 მლრდ ფულადი რესურსის მიწოდება ქვეყნისათვის სწორ და ეფექტიან მმართველობით გადაწყვეტილებას წარმოადგენს ცალკეული ქვეყნისათვის. თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ მეცნიერებასა და განათლებაში ჩადებული თითოეული მილიარდი, გაცილებით მეტ ეკონომიკასა და მეტ სამუშაო ადგილის ქმნის, ვიდრე მოგების გადასახადის რეფორმით ბიზნესისათვის დატოვებული თოთოეული მილიარდი;

-ბოლო 2 წლის შემდეგ (ზრდა იყო მხოლოდ 2.9%-მდე), საქართველოს ეკონომიკის ზრდის 5%-იან (პირველი კვარტლის) შეფასებას განვიხილავთ, როგორც „პოზიტიურ პულსს”, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაზე გარემო რეაგირებს. ხოლო თუ დინამიკაში (გრძელვადიან პერიოდში) გვექნება ზრდადი ეკონომიკური მაჩვენებლები, მაშინ ტენდენციას ვუწოდებთ შთამბეჭდავს. თუმცა, იმისათვის, რომ ტენდენციამ გავლენა არ იქონიოს მხოლოდ ვიწრო სეგმენტზე და მოიცვას მოსახლეობის ფართო ფენების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა და შემოსავლების ზრდა, ეკონომიკის ზრდის ტემპი უნდა გაორმაგდეს;

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა პოტენციალის ათვისება, რეფორმის წარმატება და ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ძლიერ სახელმწიფო სისტემის მართველობით პროფილზე (ან ძლიერ პოლიტიკურ სისტემაზე). ქვეყანაში დღეს არც ძლიერი პოლიტიკური სისტემა გვაქვს და არც მმართველობითი. შესაბამისად, ქვეყანა საჭიროებს ძლიერ ხელისუფლებას, რომელიც შეძლებს:

-რეფორმების გატარებას „საძირკვლიდან”. დღეს, ძველ პოლიტიკურ საძირკველზე აშენებული სისტემა დროს ვერ უძლებს და სივრცესთან ვერ ინტეგრირდება. ხოლო „საძირკვლის” ეფექტიანობა და ზრდის ტემპი დაბალია. შესაბამისად, საზოგადოება საჯარო მმართველობითი გარემოს გარდაქმნის მოლოდინშია, რომლის განხორციელებასაც არსებული პოლიტიკურ გარემო ჯერ კიდევ „არ ჩქარობს”;

-ინვესტიციების ზრდას ადამიანურ კაპიტალში, მეცნიერებასა და განათლებაში. აღიარებულია, რომ ქვეყნის სწრაფი ზრდა-განვითარების ძირითადი საფუძველი ადამიანურ კაპიტალი, მეცნიერება და განათლებაა;
ჯამში აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ ახალი პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს ფორმირების პირობებში იქნება მიღწეული მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნა, ეფექტიანი მმართველობის ფორმირება, ბიზნეს აქტივობისა და საქმიანი კლიმატის გაუმჯობესება, საზოგადოების აქტივიზება და ეკონომიკური გამოცოცხლება.

 

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...