Home » ექსკლუზივი » ყველაფერი 1961 წლის გაზაფხულზე დაიწყო…- რეპორტაჟი ჩარგალიდან

ყველაფერი 1961 წლის გაზაფხულზე დაიწყო…- რეპორტაჟი ჩარგალიდან

დავით დოლიძე

ჩარგალში „ვაჟაობა 2017“ აღინიშნა 

ყველაფერი  1961 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი სახალხო დღესასწაულს სახელწოდებით „ვაჟაობა“, რომელიც შემდეგ ტრადიციად და ხალხისთვის საყვარელ დღესასწაულად იქცა.

სოფელ ჩარგალში მდებარე  პატარა სახლი, ლამაზ ეზოში ჩადგმულ ერთ უბრალო სახლად დარჩებოდა, რომ არა პოეტი და მწერალი, რომელსაც საქართველოში თითქმის ყოველი გენიოსად თვლის. სახლი, რომელშიც გენიალური პოემები, ლექსები, მოთხრობები და პუბლიცისტური წერილები იქმნებოდა წლევანდელ „ვაჟაობაზე“ ასობით სტუმარს მასპინძლობდა.

მათ შორის იყვნენ ცნობილი მწერლები, მსახიობები, მომღერლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და უბრალოდ ვაჟას შემოქმედების თაყვანისმცემლები.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვაჟას არა ზედაპირული კითხვა, არამედ სიღრმისეული კითხვა, ფესვებიდან უნდა ვისწავლოთ ვაჟას შემოქმედება. ვაჟამ სამყაროს აზროვნების შეცვლა შეძლო. ადამიანს გაუმარტივა წუთისოფელში ცხოვრება.“ – განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა.

ვაჟაობა ჩარგალში წინა წლებთან შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციად ქცეულ სახალხო დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ სტუმრებს ვაჟას შთამომავლები და ადგილობრივი მცხოვრებლები მასპინძლობდნენ. საღამოს წამყვანი ცნობილი ქართველი მწერალი ერეკლე საღლიანი იყო.

„ეს არის ვაჟას შემოქმედების კიდევ ერთხელ დაფასება ქართველი ხალხის მიერ. ამ გარემოში, ამ ბუნებაში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის უნიკალური ადგილი. მართლაც, რომ ვაჟას სამყაროა და დღევანდელი დღე ულამაზესია ყოველი აქ მყოფისთვის.“ – აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა.

ფოტოები, ჩანაწერები, ჩანახატები, ფურცლებზე გადატანილი მოგონებები და ლიტერატურის მუზეუმში დაცული ვაჟა-ფშაველას პირადი ნივთები, მხოლოდ ერთი დღით „ვაჟაობის“ სახალხო დღესასწაულზე, მწერლის სახლში გამოიფინა. აქ წარმოდგენილ ექსპონანტებზე, ვაჟას ცხოვრების და შემოქმედების ყველა უცნობ და ნაცნობ მოვლენას ნახავთ.

დღესასწაულზე გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული დოღი, კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

ანსამბლი ალილო და ცირა კობიაშვილი

წელს პირველად, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყო თავად პოეტის, მისი ძმებისა და ოჯახის წევრების უნიკალური ფოტოების გამოფენა. პოეტებმა და მწერლებმა სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ლექსები და ისაუბრეს მის შემოქმედებაზე.

ჩარგალს წლევანდელ „ვაჟაობაზეც“ ბევრი სტუმარი ჰყავდა.

 

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...