Home » ბლოგი » შევაჯამოთ – წინასაარჩევნო კამპანია, დებატები, გამოკითხვები, მანიპულაციები, პროგრამები…

შევაჯამოთ – წინასაარჩევნო კამპანია, დებატები, გამოკითხვები, მანიპულაციები, პროგრამები…

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

აღარ ვაპირებდი არჩევნების შესახებ დაწერას, რადგან არანაირად არ მსურდა, ახლაც არ მსურს თუნდაც ერთი ადამიანის არჩევანზე მოვახდინო ზეგავლენა.
მაგრამ რამდენიმე კომენტარმა, მ.შ. ზოგიერთი ჩემი მეგობარია, ასევე გარკვეულმა განცხადებებმა და ბოლოს ერთმა სიუჟეტმა, ჯამში გადამაწყვეტინა გამოვხატო საკუთარი აზრი მთელ ამ წინასაარჩევნო ბატალიებზე.

1. წინასაარჩევნო კამპანია

მთლიანობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საკმაოდ აქტიური კამპანია იყო, რაც მიუთითებს, რომ თვითმმართველობის როლი მატულობს
რა თქმა უნდა მმართველი გუნდის შემოწირულობა საკმაოდ განსხვავდებოდა დანარჩენებისგან, თუმცა სატელევიზიო დებატების, თოქ-შოუების და საინფორმაციო გამოშვებების ხარჯზე, ყველას ჰქონდა საშუალება საკუთარი სათქმელი მიეტანა ამომრჩევლამდე.

ამავე დროს ტელევიზიების მხრიდამ იყო შერჩევითი მიწვევა სხვადასხვა გადაცემებში, რაც მიუღებელია. ასე მოიქცა ყველა ტელევიზია, ამიტომ ვის დავაბრალოთ ეს არასამართლიანობა? სხვათაშორის ეს ხარვეზი ყველა არჩევნებზე იყო და ალბათ დარჩება დიდხანს. მაგალითად ბოლო დებატებზე რუსთავი-2-ზე არ მიიწვიეს ირმა ინაშვილი, რომელსაც გარკვეული რეიტინგი გააჩნია, ასევე სხვა კანდიდატებიც. იგივე იყო იმედზე და სხვა არხებზე, წინა დღეებში. რუსთავი-2-ის დებატებს ცალკე შევეხები.

კანდიდატთა უმეტესობა საკმაოდ სუსტად იყენებდნენ სოციალურ ქსელებს, ფეისბუქს, ტვიტერს, ინსტაგრამს. არადა სოციალური ქსელების მეშვეობით რევოლუციებს ახდენენ და სულაც არ საჭიროებს დიდ დანახარჯებს. საკმარისია საკუთარი შტაბის და მომხრეების აქტიურობა. ძალიან ბევრმა ეს რესურსი წარმატებით ვერ გამოიყენა. კედელზე გაკრულ ფოტოებს კი არა მგონია სერიოზული ზეგავლენა ჰქონდეს ამომრჩევლის არჩევანზე.

წინასაარჩევნო სტრატეგიებიდან ორი რამ დამამახსოვრდა: ა) პარტიების გალაშქრება მერიაზე ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით, რამაც პირადად ჩემი გაღიზიანება გამოიწვია, რადგან წინასააღცევნო აჟიოტაჟის აშკარა კვალი ჰქონდა, თორემ ეს პრობლემა რომ ადარდებდეთ, დანარჩენ 26998 შემთხვევასაც გაასაჩივრებდნენ. რატომ ვეძახი ამ აქციებს სტრატეგიას? გათვლა წინასააღცევნო იყო და იმიტომ. ბ) დამამახსოვრდა პატრიოტთა ალიანსის აქციები და შიმშილობა. თუმცა, საკმაოდ ადრე დაიწყეს და არჩევნების ბოლო დღეებისკენ მივიწყებას მიეცა. თუ რაიმე გამომრჩა, შემახსენეთ.

2. დებატები

დებატებთან დაკავშირებით უკვე დავწერე, მაგრამ ბოლო დებატებს რუსთავი-2-ზე მოკლედ გამოვეხმაურები.

თიტქოს მრავალარჩევნებგამოვლილი კანდიდატები იყვნენ და რატომღაც იგივე შეცდომებს უშვებენ, რაც ყოველ აღცევნებზეა. კანდიდატებს ჰგონიათ, რომ თუ ყველა სახელისუფლებო კანდიდატს დაესევა, გაბრაზებული ხმებით კითხვებს დაუსვამენ, შეაწყვეტინებენ და დაუყვირებენ, ამით ქულებს წაართმევენ.

სინამდვილეში, კალაძეს მეტი დრო მიეცა სასაუბროდ, ვიდრე დანარჩენებს, რადგან ცალკე ჟურნალისტებს ჰქონდათ მის მიმართ მეტი კითხვა, ცალკე სხვა კაბდიდატების ხან თავს ესხმოდნენ, ხან კითხვებს უსვამდნენ, ეს გარემოება საკმაოდ კარგად გამოიყენა 41-მა ნომერმა, აუღელვებლად უპასუხა ყველას და თან ერთ საკითხს მეორეს აბამდა და რისი მიწოდებაც სურდა მაყურებლისთვის, მიაწოდა. ამ დროს სხვები იდგნენ და უსმენდნენ. შესაბამისად თავისი პროგრამა მგონი სრულად გააშუქა და ე.წ. 7 პოლიტიკაზე ყველაფერი მოყვა.

ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ პიარი ზოგს ჟურნალისტიკა ჰგონია. საერთოდ საარჩევნო კამპანიის როგანიზება ჩვენთან სუსტადაა განვითარებული, ისევე როგორ სოციოლოგიური გამოკითხვები, რაზეც ცალკე პარაგრაფში შევჩერდები.

ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, საუბრის მანერას, ჟესტიკულაციას, ტემბრს, მიმიკებს, გარეგან იერს და ა.შ. დასავლეთში სათიტაო პროგრამული ფრაზის ზემოქმედების გაზომვასაც კი ახდენენ. ჩვენ კი მივყვებით მამაპაპურად. ზოგიერთმა ერთი და იგივე თეზისი რამდენჯერმე გაიმეორა და დანარჩენი სათქმელი ვერ გააჟღერა. ზოგს ჩამოყალიბებულიც არ ჰქონდა სასაუბრო. ეძახეთ ფეხბურთელი და ავტოგოლი (რაზეც აკეთებდნენ მისი ოპონენტები აქცენტს), ჩემი აზრით გაცილებით დამაჯერებელი იყო, რაშიც, გარდა იმისა, რომ უკეთ იყო მომზადებული, ოპონენტებმაც შეუწყვეს ხელი, რადგან მთავარი სამიზნე იყო.

3. გამოკითხვები

გამოკითხვების მხრივ საერთოდ ტყემალზე ვართ და ბალს ვეპოტინებით. არცერთი გამოკითხვა ერთმანეთს არ ემთხვევა. ენდიაის გამოკითხვებით ელისაშვილი ოთხეულში მაინც იყო, იგივე იყო მეტრონომის გამოკითხვით, რუსთავი-2-ის 225 ათასი ზარიდან მან მხოლოდ 2% მოაგროვა (იხილეთ ფოტო). ევროპულ ქვეყნებში საფინიშო ეტაპზზე ლამის ყოველ დღე უნდა იდებოდეს რეიტინგები. ჩვენთან მიჩვენეთ თუნდაც ერთი ნორმალური კვლევა, სადაც გაწერილი იქნება შედეგები ეტაპების და საარჩევნო კამპანიის მსვლელობის, სათითაო კანდიდატის განცხადებების, პროგრამების წარდგენის ზეგავლენების მიხედვით. ასეთი კვლევა მე არ შემხვედრია.ყოველ წელს ერთსა და იმავე მეთოდოლოგიით ატარებენ, ჭრის და რატომ აიტკენენ თავს?!

4. მანიპულაციები

ძალიან არ მომეწონა პრეზიდენტის ბოლო ბრიფინგი. მან ფაქტობრივად კონსტიტუციის ხელმოწერა გამოიყენა მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტირებისთვის. როცა ხელისუფლებას უკრიტიკებ დემოკრატიას და შემდეგ წინადადებას ამბობ, ორ დრეში არჩევნები გვაქვს, იაქტიურეთ, შევქმნათ უკეთესი დემოკრატიაო, უფრო ღრმაო, აბა სხვა რა არის?

დღეს არ მომეწონა რუსთავი-2-ზე, კურიერში როცა წარმოადგინეს მერიის და საკრებულოს ხარჯები (იხილეთ ფოტოები). სიუჟეტის მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინათ, რომ 2011 წელს მერიაში ცოტა ხალხი მუშაობდა და ცოტა იხარჯებოდა, ხოლო შემდეგ დაიწყო მატება.

გათვლა რაზე გაკეთდა. უცქერის მაყურებელი და ხედავს, რომ 2012-ში, 2013-ში მკვეთრად იმატებს ხარჯებიც და პერსონალიც. მოსახლეობისთვის 2012 წელი აღიქმება, როგორც ოცნების პერიოდი. ამ დროს ვის ახსოვს, რომ მერის წინა არჩევნები 2013 წელს იყო. შესაბამისად 2013 წლის გაზრდილი პერსონალი და ხარჯები გიგი უგულავას მერობაზე მოდის. ნარმანია კი აირჩიეს 2013-ის ბოლოს, მაგრამ გააგრძელა ძველი ბიუჯეტით და საშტატო განრიგით მუშაობა, ვერც შეცვლიდა. 2014 წელს რიცხოვნობა იგივე დარჩა, შეაბამისად ხარჯებიც. აბა თუ 600 კაციდან წინა მერმა 1200-ზე აიყვანა რიცხოვნობა, ხელფასებმაც იმატა იმდენჯერვე. ვინმე სხვა ფოკუსს ჩაატარებდა? შემდეგ ბევრი მიმართულებით კლებაა. ნახეთ საწვავის ხარჯი, 2011-ში 294 ათასი, ხოლო 2016-ში 194 ათასი, 100 ათასით ნაკლები. ასევე კლებაა სხვა მიმართულებითაც.

რა საჭიროა ასეთი მანიპულაციები? ბევრჯერ დავწერე, – ნუ გვთვლით ბრბოდ

5. პროგრამები

ერთი კვირის წინ დავწერე, რომ ხმას მივცემდი ვინც უკეთეს პროგრამას წარმოადგენდა და სითი პარკზე გააკეტებდა მკაფიო განცხადებას. სითი პარკის გაშვებას ყველა გეგმავს, როგორც ვატყობ.

რაც შეეხება პროგრამებს, იმ ფორმით, როგორც მსურდა რომ მეხილა, ვერავინ წარმოადგინა. თუმცა ზოგს უფრო ვრცელი პწოგრამა ჰქონდა, ზოგს პრეზენტაციის დონეზე.

პროგრამის წარდგენას პერიოდულად აკეთებდნენ სხვადასხვა კანდიდატები, მეტწილად კალაძე, ხოშტარია, უდუმაშვილი. თუმცა ამ მარათონზე უკეთ გაანაწილა დრო კალაძემ. ყოველ მოხსენებაზე, ჯერ გვახსენებდა წინა პოლიტიკების შინაარსს და შემდეგ გადადიოდა ახალ თემაზე. კლასიკაა. ისე, კალაძის განათლებაზე ცუდი წარმოდგენა აქვს მოსახლეობას, რადგან ინფორმაცია არ აქვთ. არ მინდა ზედმეტი ქება გამომივიდეს, არავის რეკლამირებას არ ვაპირებ, არ შედის ჩემს ინტერესებში. მაგრამ ფაქტია, რომ კალაძე ისე ემზადებოდა სათითაო პრეზენტაციისთვის, როგორც გამოცდისთვის და ეს პატივისცემას იმსახურებს. არ შეიძლება მოიწვიო პრესა, ხალხი და წინასწარ არ გქონდეს რამდენჯერმე გავლილი რეპეტიცია. ეს არჩევნებია.

თუმცა, ხაზს ვუსვამ, მე მინდოდა მეხილა პროგრამა ფინანსური გათვლებით, დასაბუთებით, ბიუჯეტზე დაყრდნობით, რაც ვერ ვიხილე და შინაგანად მიჭირს პრინციპულობის გადალახვა, რომ დანაპირები დავარღვიო. არჩევნებზე კი წავალ აუცილებლად. ზემოთ ის შეფასება დავდე, რაც სახეზე იყო, როგორც მე დავინაზე. აგერაა ყველა კანდიდატის გამოსვლა, დებატები და გადაავლეთ თვალი, სანამ მე გამაკრიტიკებთ.

6. სამუშაო გამოცდილება

სამუშაო გამოცდილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. იქედან გამომდინარე, რომ ამ მხრივ საკმაო უპირატესობა აქვთ რამდენიმე კანდიდატს (ყოფილი ვიცე-პრემიერი, შემდეგ მოდის ყოფ. მინისტრის მოადგილე, შემდეგ ყოფ. ტელევიზიის დირექტორის მოადგილე. დანარჩენები უფრო მოკრძალებულაფ.თუ ვინმე გამოვტოვე, რეიტინგი მაინც არ აქვთ), ამ თემას არ ჩავუღრმავდები
მხოლოდ ორ მომენტს დავაფიქსირებ:

ა) პოლიტიკურ პარტიებს ვურჩევ ქალაქის მერად, რომელიც მმართველია, უზარმაზარი მეურნეობის ხელმძღვანელია, ისეთი პირები შეარჩიონ, რომლებსაც უმუშავიათ ხელმღვანელ თანამდებობაზე. ამისათვის პარტიებში სათანადო კადრები დროულად უნდა მოიზიდოთ და წინასწარ მოამზადოთ პარტიული საკადრო პოლიტიკის მიხედვით

ბ) რა არის თბილისი? თბილისი არის 1200-კაციანი მერია, 1,5 მლნ მოსახლეობა, მ.შ. ბევრი რაიონიდან ჩამოსული, რომლებიც მოძრაობენ მშობლიურ რაიონსა და დედაქალაქს შორის, გზები, ეზოები, კორპუსები, ავტობუსები, მიკროავტობუსები, კანალიზაცია, წყალი, გაზი, მეტრო თავისი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით, რომელიც გასაახლებელი და გასაფართოებელია, საავადმყოფოები, სოციალური ობიექტები, სასწავლო დაწესებულებები, წარმოებები, ნაგავი, ჰაერი, ბუნება,ხეები, განათებები და ა.შ. კარგად დავამძიმე თემა? ჯარიდან ასობით გამოცდილი ოფიცერი რომ გამოგვყარეს, მერე მომდიოდა ანეგდოტები რა შინაარსის რეზოლუციების ადებდნენ დოკუმენტებს. ერთს შეუტანეს „ფოსტა“, დაიდო რაღაც დოკუმენტი და კითხულობს. მერე ეკითხება ოფისის თანამშრომელს, ამას რა ვუყოო, იმან რეზოლუცია დააწერეთო. ამანაც აიღო და დააწერა „რეზოლუცია“. ჰოდა ასე, კანდიდატები სწორად უნდა შეარჩიოთ ასეთ პოსტებზე.

.7. დაპირებები.

კატეგორიულად მიუღებელია პოპულიზმი ფინანსური დაპირებების კუთხით. ერთი კვირის წინ დავწერე 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომ პენსიები უნდა გაიზარდოს, რადგან დაეცა ლარი, მოიმატა ფასებმა და ა.შ. ფაქტობრივად გავაკრიტიკე ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და ბიუჯეტის პროექტი. არაფერი მაქვს მოსარიდებელი.

მაგრამ ყველა ქალაქში თავისი საპენსიო დანამატის განსაზღვრა მიუღებელია. არ გჯერათ ჩემი? ჰკითხეთ ფინანსისტებს. ამიტომ ეს 50, 70 თუ 100-ლარიანი დაპირებები არასწორია. ამასთან მინდა ხაზი გავუსვა, რომ თბილისში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, რომლებიც რაიონებიდან არიან ჩამოსულები. ისინი ქმნიან თბილისის ეკონომიკას. ამ დროს პენსიებს მიიღებენ ისინი, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულნი და არა იმათი მშობლები ან პაპა-ბებიები, რომლებიც აქ მუშაობენ, ხოლო უფროსი თაობა რაიონებში ჰყავთ. რა ლოგიკაა? თან რატომ უნდა იყოს თბილისში დახმარება ან პენსია უფრო მეტი, ვიდრე რაიონებში? იცით, რომ რაიონებში უფრო სიძვირეა? თუნდაც ერთნაირი ფასები იყოს, არასამართლიანობაა.

____________________________

მოკლედ, მთლიანობაში კარგიოა რომ მთლიანობაში მშვიდად ტარდება. მაგრამ პოლიტიკოსთა დაპირისპირებების გამო მოსახლეობა პოლარიზებულია, დაპირისპირებულია, ჭარბობს ზიზღის ენა, ერთმანეთის მიუღებლობა. ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებთ, რომ არჩევნები ზეიმად ვაქციოთ და ყოველ ჯერზე არ ვიყოთ მწისძვრის მოლოდინში. ახლა დაიწყო პრევენცია და 1,5%-იანი პარტიები წინასწარ აცხადებენ, რომ ხელისუფლება გააყალბებს, ან აფრთხილებენ, რომ არ გააყალბონ. გააყალბებენ თუ არა, მაგ 1,5%-დან ხომ მაინც ვერ ამოხყტებით. შემდეგ წააგებენ და დაიწყება ერთი ამბავი, რომ გაყალბდაო.

მოდით,ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არჩევნების მიმართ განწყობები შევცვალოთ. ამისათვის სიცრუე, ზიზღი, მიუღებლობა უნდა დავივიწყოთწინასაარჩევნო პაექრობისას.

თქვენ ახლა გძინავთ, მე ვასრულებ წერას, დილით წახვალთ არჩევნებზე და საღამოს იქნებ მოიცალოთ ჩემი სტატიისთვის. კარგია, უყკვე შედეგები ცნობილი იქნება და შესაძლოა წაკითხვას აზრიც აღარ ჰქონდეს თქვენთვის.

თქვენი რჩეულის გამარჯვებას გისურვებთ და მშვიდობიან არჩევნებს!

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...