Home » მთავარი » ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გვესმის ყველაზე უკეთ…

ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გვესმის ყველაზე უკეთ…

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

   -“მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხოთ, თუ რა გეგმები გვაქვს, რა მიზნებზეა ორიენტირებული ეს ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ და შევეხო იმ სამზობლო გეოგრაფიულ არეალში მიმდინარე პროცესებს, რომელშიც ვიმყოფებით.

  პირველ რიგში, ლარის დევალვაციაზე, მის გაუფასურებაზე მინდა ვთქვა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად ყველა  ვალუტა ჩვენი სავაჭრო– პარტნიორი ქვეყნებისა გაუფასურებულია.  თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, 100%–ზე მეტად  გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%–ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი (90%–ის ფარგლებში), აზერბაიჯანული მანათი (100%–ს ზევით). 2012 წელზე იყო საუბარი, რომლის შემდეგ ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60–65%–მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ საქართველო, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და იმ სოციალური ფონისა, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობაა,  გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ მომავალ ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე.

ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის ორიენტირებული იმისკენ, რომ გვქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე ეს ჩვენს გარშემო არსებულ სამეზობლო ქვეყნებშია. ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია– საქართველო იმყოფება კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი იმისთვის, რომ რეგიონში წამოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი მოხვდეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება აქცენტის გაკეთება იმ მიმართულებებზე, რომლებსაც შეუძლიათ მეტი სავალუტო საშუალებების გენერირება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის სწორედ აქეთკენ მიმართული.

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ის ფინანსური რესურსი, რომელიც ყოველწლიურად მთავრობას აქვს და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე მივმართოთ ბიუჯეტის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს დაბალანსებული  მიდგომა. ჩვენი ბიუჯეტი მიმართულია იქეთკენ, რომ ქვეყნის ის პრობლემები, რომლებშიც ჩვენ, სხვათა შორის, ათწლეულების განმავლობაში ვიმყოფებით და ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ წრიდან და ერთხელ და სამუდამოდ წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში გადაიჭრას ეკონომიკური პრობლემები.  ეს არის ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და გაჯანსაღება; ეს არის იმ მიმართულებების განვითარება, როგორიც არის ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება; ეს არის იმ სერვისების განვითარება, რომელიც ასევე უცხოური ვალუტის გენერირებაზე იქნება ორიენტირებული–უპირველეს ყოვლისა ტურიზმი. ტურისტულ  ინფრასტრუქტურაში იხარჯება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი და ყოველივე ამის შედეგად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი სხვა პროცესებისგან, მაგრამ ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ: თუ ჩვენს გეოგრაფიულ არეალში იქნება მაღალი განვითარების დინამიკა, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მაღალი განვითარების მაჩვენებლები. თუ ჩვენს რეგიონში იქნება არასახარბიელო  ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები, გამომდინარე ყველა იმ ნაბიჯიდან, რომელსაც ვდგამთ.

ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გვესმის ყველაზე უკეთ, სხვათა შორის. ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც ვდგამთ. ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს ინოვაციურს ამ შემთხვევაში–ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებსაც მოაქვს მეტი  ეკონომიკური დინამიკა, მეტი განვითარება და უფრო მეტი ზრდა.

საქართველო იწყებს განვითარების ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს იქნება ის გზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გააჯანსაღებს, საქართველოს ჩააყენებს განვითარებულ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნების რიგში და საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება ის პრობლემები, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ. ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესს შეხედოს ჯანსაღი თვალით და იცოდეს, რომ სახელმწიფო დგამს რიგ ნაბიჯებს.

ჩვენ ვაკეთებთ 10%–იან ოპტიმიზაციას. ის განცხადებები, რომლებიც გვესმის, რომ 30%–ით შეამცირეთ ხარჯები, მათემატიკურად არის შესაძლებელი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას. ასევე ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აისახება პოზიტიურად ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი  ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი, მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯნსაღება, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...