Home » მთავარი » “ჩვენ უპრეცენდენტო ვეტო განვიხილეთ…”

“ჩვენ უპრეცენდენტო ვეტო განვიხილეთ…”

„როდესაც ვუსმენდი ოპოზიციის, მათ შორის, პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოსვლებს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ ან არ აქვთ წაკითხული დოკუმენტი, ან საერთოდ სხვა დოკუმენტი აქვთ წაკითხული“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ შეადარა ერთმანეთს მოქმედი კონსტიტუცია და მისი ახალი რედაქცია და აღნიშნა, რომ ახალ დოკუმენტში არცერთი მუხლი არ არის, რომლითაც მმართველი პარტია სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს იუმჯობესებს. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით, სრულიად ახალი საკონსტიტუციო ტრადიცია და კულტურა ინერგება.

„რამდენჯერმე ვთხოვეთ ოპოზიციას, მათ შორის, პრეზიდენტს, ასეთი მუხლის დასახელება, თუმცა, მათ ვერც ერთხელ ვერ დაასახელეს ვერცერთი ასეთი მუხლი. ასეთი მუხლი უბრალოდ არ არსებობს. გახსოვთ, 30-ზე მეტი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში, გასული წლების განმავლობაში. ყველა მათგანი, თითოეული  მათგანი ემსახურებოდა მაშინდელი პოლიტიკური ძალის სუბიექტური პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. ჩვენ ამ ცვლილებებით ვნერგავთ სრულიად ახალ საკონსტიტუციო ტრადიციას და სრულიად ახალ საკონსტიტუციო კულტურას, რაც გულისხმობს იმას, რომ ცვლილებები შედის არა მმართველი პარტიის სუბიექტური პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად, არამედ პირიქით. პირველად ხდება საქართველოში ის, რომ შედის ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლითაც მმართველი ძალა იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს და ეს კეთდება იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის იმ შენიშვნებზეც ისაუბრა, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება.

„ერთი ეხება პროპორციულ არჩევნებს და აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ამოქმედების გადავადებაზე და მიზეზები დღეს უკვე განვმარტე – ამას ჰქონდა წმინდა პოლიტიკური მიზეზი და ყველამ ვიცით, რომ დღეს შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მხარდაჭერის მოპოვება, თუმცა, ჩვენ, პირველად გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი პროპორციული სისტემის მიმართულებით და ეს სისტემა ჩაირთვება იმ დღიდან, როდესაც შეიკრიბება შემდეგი პარლამენტი.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები, აქ რამდენიმე საკითხს უნდა გავუსვათ ხაზი: ერთი –  შეიძლება, ხალხს დაავიწყდა კიდეც, იმიტომ, რომ ამაზე არავინ საუბრობს: ეს სისტემა  ჩვენ შემოგვაქვს 2024 წლიდან. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, გამორიცხულია საუბარი იმაზე, რომ ეს ცვლილება შეიძლება ემსახურებოდეს ჩვენს სუბიექტურ ინტერესებს, აქ ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებიც იყო გამოყენებული, „ხუშტურები“ და ასე შემდეგ, არავის „ხუშტურებს“ ეს არ ემსახურებოდა. ეს რომ იყოს ასე იყოს, ამ შემთხვევაში, ჩვენ გადავიდოდით რა თქმა უნდა, არაპირდაპირ არჩევნებზე, მომდევნო, 2018 წელს. თუ ვინმეს ეშინია საპრეზიდენტო არჩევნების, უნდა შეგვშინებოდა სწორედ ჩვენ 2018 წელს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე, ასევე, გამოეხმაურა განცხადებას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პარლამენტში ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხე არსებობს და სწორედ ამიტომ, ძალაში უნდა დარჩეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ნორმა ამოქმედდება 2024 წელს, ანუ, მას შემდეგ, რაც პარლამენტი აირჩევა პროპორციული წესით. თვითონ ტერმინი „ძალაუფლების კონცენტრაცია“ გულისხმობს იმას, რომ არ ვიცით კონსტიტუციური სამართლის ანაბანა. ძალაუფლების კონცენტრაცია პარლამენტში არის საუკეთესო მოვლენა, რაც კი კონსტიტუციონალიზმს შეიძლება ახასიათებდეს. ეს არის ელემენტარული, ძალიან უხეში შეცდომა, რომელიც იყო დაშვებული წარდგენის დროს. აქ საუბარია რაზე: რა სისტემა შემოგვაქვს ჩვენ 2024 წელს, როცა უკვე ამოქმედდება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი. აქ საუბარია პარლამენტის პროპორციული წესით არჩევაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით, გამორიცხული იქნება ძალაუფლების ყოველგვარი კონცენტრაცია როგორც პარლამენტის, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით. პირიქით, ეს არის სისტემა, რომელიც თუ არ გამორიცხავს ერთი პარტიის ხელში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას, მინიმუმამდე ამცირებს ამის ალბათობას, კერძოდ, 2024 წლის არჩევნების საფუძველზე აირჩევა პარლამენტი, სადაც მაქსიმუმ შეიძლება მცირე უპირატესობით ჰქონდეს უმრავლესობა მოპოვებული შესაბამის ძალას და სხვა შემთხვევაში, შეიძლება, კოალიციური ხელისუფლებაც კი მივიღოთ შედეგად. ასეთ დროს საუბარი რაიმე გადაჭარბებულ კონცენტრაციაზე არის აბსოლუტურად ზედმეტი, შესაბამისად, არავითარი საფრთხე ძალაუფლების კონცენტრაციის იმ დროისთვის, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით, ბუნებრივია, არ არსებობს“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის მიზანშეწონილობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უმჯობესია საპარლამენტო მმართველობის სისტემისთვის და საბოლოო დასკვნაში ამას ადასტურებს ვენეციის კომისიაც.

„ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა და ვკითხეთ ხალხს, ვინ ემხრობოდა პრეზიდენტის არჩევას პირდაპირი წესით და ვინ ემხრობოდა პრემიერ მინისტრის არჩევას პირდაპირი წესით. ყველამ  ვიცით, რომ პრემიერ მინისტრის არჩევა პირდაპირი წესით არის აბსოლუტური ნონსენსი.  წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას მხარს უჭერს მოსახლეობის 81 %,  და პრემიერ მინისტრის პირდაპირი წესით არჩევას მხარს უჭერს მოსახლეობის 75 %. ზუსტად იგივე შედეგი გვექნებოდა ჩვენ იმ შემთხვევაში, რომ დაგვესვა ანალოგიური შეკითხვები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ძალიან ადვილია ამ თემებით სპეკულირება, მანიპულირება და სწორედ ამის შედეგია ის ვითარება, რაც არის ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ამ სისტემის მიზანშეწონილობას, ჩვენ გადავდივართ არაპირდაპირი არჩევის წესზე არა სუბიექტური ინტერესებისთვის, არამედ იმის გამო, რომ ეს არის უმჯობესი საპარლამენტო მმართველობის სისტემისთვის, რაც ძალიან მყარად დაადასტურა ვენეციის კომისიამ თავის საბოლოო დასკვნაში, კერძოდ, ვენეციის კომისია მხარს უჭერს არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლას, შესაბამისად, ჩვენ არ ვიზიარებთ პრეზიდენტის ამ მეორე შენიშვნას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა განცხადებას იმის შესახებაც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს მხოლოდ „ქართული ოცნება“ უჭერს.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილნი იყვნენ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კონსტიტუციური ორგანოები. კონსტიტუციური ორგანოების უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ექსპერტებს შორის ყველაზე კვალიფიციურმა ექსპერტებმა მხარი დაუჭირეს კომისიაში საკონსტიტუციო ცვლილებებს და რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქაც ხშირად არასწორად ამბობენ, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო წინააღმდეგი, აქაც იყო გაყოფილი მოსაზრებები.

ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ თითქოს ყველა არის ერთ მხარეს და მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის მეორე მხარეს, არის, ბუნებრივია, არასწორი, „ქართული ოცნება“ არ არის მარტო ამ კონსტიტუციასთან ერთად. მარტო არის სამწუხაროდ, მეორე მხარე, რომელიც მხარს არ უჭერს ძალიან დემოკრატიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტმა უპრეცენდენტო ვეტო განიხილა.

„ჩვენ დღეს განვიხილავთ უპრეცენდენტო ვეტოს, ვეტო გულისხმობს ზოგადად რას, რომ პრეზიდენტის აზრით, კანონპროექტი არ არის კარგი და შენიშვნების გაზიარების შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ კარგ კანონპროექტს. ეს არის პრეზიდენტის მიდგომა. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვეუბნებიან რომ ვეტოს გაზიარების შემთხვევაში, კონსტიტუცია იქნება კარგი. დღეს მამუკა მდინარაძემ მიიღო პასუხი, რომ დოკუმენტი იქნება არა კარგი, არამედ „უარესზე უკეთესი“ ანუ ცუდი.

წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა: დღეს ჩვენ გვგონია, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც მივიღებთ, არის კარგი და თუ ვეტოს გადავლახავთ, მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც ჩვენ ცუდი გვგონია და ოპოზიციასაც ცუდი ჰგონია. ამას გვთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი, რაც ჩემი გადმოსახედიდან არანაირად არ არის რაციონალურ საფუძველზე დამყარებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენთვის მომინდია ვეტოს შეფასება და იმ დოკუმენტის შეფასება, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა უკვე სამი მოსმენით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...