Home » ემიგრანტები » “ჩვენ ხომ სკაიპის დედები ვართ…”-ერთი ემიგრანტის ისტორია

“ჩვენ ხომ სკაიპის დედები ვართ…”-ერთი ემიგრანტის ისტორია

     მარიამ საჯაია  

ემიგრანტები – ისინი ძალიან ბევრნი არიან, იმდენი რამდენიც აქამდე არასდროს ყოფილან. ეს ადამიანები ყოველ დღე ფიქრობენ, ღელავენ, განიცდიან… ისინი ყოველ წუთს ატარებენ სამშობლოზე, ოჯახზე ფიქრში. უკეთესი მომავლის იმედით, მიდიან უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხთან, განსხვავებული კულტურისა და ღირებულებების ადამიანებთან უწევთ შეგუება და თანაცხოვრება. ემიგრანტთა თავგადასავლები განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს ჰგავს…

დღეს კიდევ ერთ ისტორიას, ემიგრაციაში მყოფი ქ-ნ ნინო მოგვიყვება.

-მოგესალმებით ქ-ნ ნინო, უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე, რომ გამონახეთ დრო და გამოთქვით სურვილი ღიად გესაუბრათ ამ თემაზე, პირველი რაც მაინტერესებს თქვენგან, რას ნიშნავს იყო ემიგრანტი?

-ძალიან რთულია საუბრის დაწყება, იმდენად რამდენადაც სიტყვა ემიგრანტი ჩემთვის ნიშნავს უპირველეს ყოვლისა მონატრებას, სევდას, დარდებს. ეს იმდენად რთული აღსაქმელია, რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია. პირველ ნაბიჯს დგამ იმ იმედით, რომ ოჯახს და შვილებს გამოადგები, რაღაცას შეძენ, მაგრამ არავინ ფიქრდება იმაზე თუ რაოდენ რთულია ახლობლებისაგან და ოჯახისგან შორს ყოფნა, მე პირადად თავიდან ეს რომ გაცნობიერებული მქონოდა არასდროს წამოვიდოდი.

-ცხოვრება აქ ჩამოსვლიდან დღემდე?

-პირველად როდესაც აქ ჩამოვედი, ერთი კვირის მანძილზე ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს, დამეწყო ნევროზული შეტევები, ვერაფრით ვწყნარდებოდი. მეგობრები უკან დაბრუნებას მირჩევდნენ, მაგრამ ვხვდებოდი, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა და ამას ვერ გავაკეთებდი, თავს ძალას ვატანდი, შვილებზე ფიქრი მაძლიერებდა და მაძლებინებდა. წარმოიდგინეთ მთელი ერთი წელი უმუშევარი ვიყავი, თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია  იქ სადაც ბინას ვქირაობდით, 4-ნი ერთად ერთ ოთახში ვიყავით, ყველას თავისი გასაჭირი ჰქონდა, ყველა თავის პრობლემებზე საუბრობდა, მე კი საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი, ჩემთვის ჩუმად ვიჯექი, ვიჯექი და ჩემს ოჯახზე, ჩემს 2 შვილზე ვფიქრობდი, რომლებიც საქართველოში დავტოვე და რომლებიც ასე ძალიან მენატრებოდნენ, მათი დამსახურებაა დღეს რომ ცოცხალი ვარ. მათზე ფიქრმა გამაძლებინა აქ ამდენ ხანს. ყოველ წამს ჩემი შვილები მიდგას თვალწინ, ყოველ წამს მათ ვეფერები შორიდან. მას შემდეგ თითქოს უკეთესობისკენ წავიდა ყველაფერი, მე სამსახური ვიშოვნე, უკვე შევძელი ოჯახისთვის ფულის გაგზავნა და შვილებისთვის განათლების მიცემა. თავს არანაირად არ ვგრძნობ ან შეურაცხყოფილად ან დამცირებულად, ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებ და შრომაც მიფასდება. თუმცა დრო გადის და რა თქმა უნდა ყველაფერი იცვლება, იცით, ჩემი შვილები, რომლებიც მე პატარები დავტოვე უკვე დაქორწინდნენ, მე კი დედამ, რომელმაც თავი გავწირე მათთვის, ამ ყველაფერს სკაიპით ვუყურე, ჩვენ ხომ სკაიპის დედები ვართ. რთულია ატანა ამ ყველაფრის, მაგრამ დღესაც ჯიუტად ვცდილობ შევცვალოჩემი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ.

-რა მოგიტანათ ემიგრანტობამ?

-ტკივილი,სევდა, დარდი, ნაღველი,მონატრება,ცრემლი,რა ვიცი კიდე რა ჩამოგითვალოთ, მხოლოდ და მხოლოდ ცუდი, სხვა არაფერი. მკითხველს ალბათ გაუჩნდება კითხვა რატომ არ ვბრუნდები? მაგრამ როგორ? სად ან რანაირად?ყველა ემიგრანტი პატიმრობაშია, რომელმაც არ იცის როდისაა სასჯელის მოხდის ბოლო ვადა.

-როდის იყო ყველაზე რთული ეტაპი თქვენთვის?

-რთულ ეტაპს ვერ გამოვყოფ, იცით რა? ემიგრანტისთვის ყველა ეტაპი რთულია.თუნდაც დღეს ის მონატრება არ ნელდება,ნოსტალგია არ ნელდება.მიწის ყივილი  მონატრება არ ნელდება, რაც დრო გადის გემატება და გემატება. აქ საუბარი არააშრომაზე ან ჯაფაზე, აქ მონატრებაა ყველაზე და ყველაფერზე რთული.

-იქ ყოფნის პერიოდში ალბათ ბევრი მეგობარი შეიძინეთ, როგორია თქვენი ერთი დღე?

-ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. იცით გაჭირვება და მონატრება უფრო გაახლოებს ადამიანთან. აქ უამრავი ემიგრანტი ქალია, ჩვენთვის ერთმანეთზე ძვირფასი აქ არაფერია, ჩვენ რომ დასვენების დღეს ვნახავთ ერთმანეთს და ქართულად დაველაპარაკებით, რომ გავიხსენებთ ჩვენს პატარა სამშობლოს, ამაზე ტკბილი არაფერი არაა. აქ ყველას ლხინი ლხინია და ყველას ჭირი ჭირია, მადლობა უფალს ასეთი ადამიანების შეძენისთვის, ჩვენ აქ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით და ვაძლიერებთ. ჩვენ ყოველ დღე ერთმანეთს ვეკონტაქტებით და ვეფერებით. ვცდილობთ არ დავივიწყოთ ჩვენი ენა და ტრადიციები, დღესასწაულებს ერთად ავღნიშნავთ და ვლოცავთ შორიდან ჩვენს ოჯახსა და საქართველოს.

-ის რაც ყველაზე ძალიან გენატრებათ?

-ყველაზე ძალიან ჩემი შვილები მენატრებიან, ჩემი მიწა მენატრება, ჩემი სახლი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი მენატრება. ჩემი სამშობლოს სუნი მენატრება, ჩემი ხალხი მენატრება. ყველაფერი მენატრება უზომოდ.

-თქვენი გზავნილი საქართველოში

-უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ საქართველოს წარსულის მქონე ქვეყნის შვილი რომ ვარ, ვამაყობ და ამას ყველგან ვამბობ. ვისურვებდი რომ ფეხზე დამდგარიყოს დავითის, თამარის, ილიას ქვეყანა, გაბრწყინებულიყოს, გამთლიანებულისყოს და ყველა ემიგრანტი ისევ გულში ჩავეკრათ. მინდა ამ დღეს მოვესწრო, ეს იქნება უდიდესი ბედნიერება. დიდი მადლობა თქვენ რომ მომეცით საშუალება კიდევ ერთხელ მეთქვა ჩემი სათქმელი.

-პირიქით, უღრმესი მადლობა, მე გისურვებთ რომ თქვენ და ყველა ემიგრანტი მალე დაბრუნებულიყავით და ყველას ერთად შეგვექმნას ისეთი საქართველო, როგორიც თქვენ ისურვეთ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჩვენ, ექიმები მზად ვართ, რომ ჩავიდეთ და ვაჟა გაფრინდაშვილს ჩავენაცვლოთ“

​ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად – ...