Home » ექსკლუზივი » „ჩვეულებრივი გოგოს“ არაჩვეულებრივი ამბავი

„ჩვეულებრივი გოგოს“ არაჩვეულებრივი ამბავი

თამთა მეგრელიშვილი სულ სხვა კუთხით გავიცანით. ამ ბოლო ხანებში ხშირად სტუმრობს ჩვენს საიტს და საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე აქვეყნებს მასალებს. თამთა პროფესიით იურისტია. ამჟამად ის თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველია გენდერული პოლიტიკის საკითხებში, ამავე დროს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) საერთაშორისო სამართლებრივი კვლევების დირექტორი გახლავთ. მის ამ საქმიანობას უკვე კარგად იცნობს საზოგადოება.

დღეს გვინდა თამთა სულ სხვა კუთხით გაგაცნოთ.

ასეთ თამთას მხოლოდ უახლოესი ადამიანები და მეგობრები იცნობენ. რადგან მას საერთოდ არ უყვარს თავის თავზე საუბარი, მოგიყვებით ჩვენ, რომ წარმოდგენა შეგექმნეთ ამ 29 წლის გოგოზე, რომელმაც ასაკის მიუხედავად უკვე ბევრ რამეს მიაღწია და ყველაფერს თავისი დაუღალავი შრომით.

ბევრი სირთულე გამოიარა,თუმცა არც ერთი წუთით არ უფიქრია უარი ეთქვა სწავლაზე, პირიქით სწავლობდა და დღესაც სწავლობს, მუშაობს დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე  “ქალის როლი საჯარო მმართველობაში”, სწორედ მისი და მისი გუნდის აგარიშზეა კვლევა სოციალურ უფლებებზე და კვლევა –  “გამოხატვის თავისუფლებაზე”,  სულ ახლახანს ჩააბარა კემბრიჯში საჯარო მმართველობის მიმართულებით.

როგორია თამთას ერთი დღე? ყოველ დილით დგება 7:00 ზე, ამზადებს შვილს, მიყავს სკოლაში და მერე მიდის სამსახურში-თიანეთში. ყოველ დღე უწევს 140 კილომეტრის  გავლა, ბრუნდება საღამოს და ესწრება ლექციებს სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად, ამ ყველაფერს უთავსებს სხვა აქტივობებსც.

როგორ ახერხებს ამ ყველაფერს? ამბობს რომ ინდომებს და ყოველთვის პოულობს ძალას.

-„ ვარ ჩვეულებრივი გოგო, რომელმაც მოინდომა და შეძლო! არიან ჩემზე მაგარი გოგონებიც, რომლებსაც უბრალოდ მხარდაჭერა სჭირდებათ, მთავარია საკუთარ თავში აღმოაჩინონ ძალა, რომ შეუძლიათ იყვნენ კარგი დედებიცა და კარგი და საჭირო თანამშრომლებიც“.

და აი, ეს „ჩვეულებრივი გოგო“ შვებას და განტვირთვას თავის ლექსებსა და ჩანახატებში ხედავს…დიახ, დღეს გვინდა აი ასეთი თამთა გაგაცნოთ და მისი შემოქმედებიდან სულ მცირე ნაწილი წარმოგიდგინოთ.

14454717_1260152250702363_595335688_n

 ***

დღეს ისე ლამაზად წვიმდა თავხედი წვეთები! დაუჭრიათ ჩემი ჩითის კაბები ნაჭე-ნაჭერ,წამოუკრავთ სველ გასიებულ თავებზე ბავშვურ ყვავილებად,კოპლებიანი კაბა კოპლებ- კოპლებად ამოუჭრიათ და მოურიდებლად გაუყრიათ ხელ-ფეხი!ანანოს ჩემი წითელი პომადაც გადაუსვამს მათთვის ტუჩებზე- ძალიან მთხოვეს და რა მექნაო!? მოკლედ ასე გამოწყობილებს მოუნდებოდათ გაწვიმება აბა რა! ხოდა წამოუშინეს თავზე ფერად კოპლება წვეთები. დღეს ისე ლამაზად წვიმდა,გავბედე და ფეხშიშველმა ვიცეკვე,მიყურებდნენ და ჩემს მაგივრად სცხვენოდათ ჩემივე ცეკვის, მე კი რომ არ მეცეკვა მხოლოდ ამის თუ მომერიდებოდა შვილებზე გაბუტულ მზესთან… ვიცეკვე ფეხშიშველმა,თმა სველმა,სულსველმა,გულსველმა,ვიცეკვე სულ სველმა. დღეს, ისე ლამაზად წვიმდა ღირდა ამ სისველედ.

***

მალე მოვა, ამინდების ღმერთი,
შეიცვლება, ოქროსფერი ფონი,
მოგიმზადებ თბილ ყავას და ერთად
ფანჯრის მიღმა აღმოვჩნდებით ორნი.

დაიწყება წვრილ ფიფქებად თოვა,
ცეცხლის გრძელ თმას ჩამოიშლის სითბო,
შენს თბილ ხელებს ჩავადნები ხელში,
ფიფქებმა რაც გინდა ის იფიქრონ…

მალე მოვა,ამინდების ღმერთი,
წაიშლება ეს სითეთრე ფერში,
მე ,გაჩუქებ უსასრულო გრძნობად
ახალშობილს ზღვის თვალების ეშხით.

მალე მოვა,სილამაზე გრძნობად
დილაობით მოგიმზადებ სითბოს,
და სახლიდან გაგაცილებ კოცნით
სიყვარული ბევრს არაფერს ითხოვს.

***

მე,ჩემი წილი სამყარო მიყვარს,
მზე, თბილზე თბილი,
ჩემი წილი მიწის სურნელი,
მე,სხეულიდან ღიმილი მცვივა,
ხოდა, ნუ მეტყვი, არ შევიცვლები!

ცას ჩავისუნთქავ მთელი სილურჯით,
გაზაფხულებას,კოპლებიანი კაბით დავხვდები,ოცნებებით ხელებგაშლილი მზეს სითბოთი ჩამოვადნები ვილოცებ ღმერთთან.

მე,ჩემი წილი ტკივილი მტკივა,
თბილი ცრემლებით,სევდით ვეხები ფეხებზე მიწას ფერებ-ფერებით,
ყვავილებს ვფიცავ,სამყარო მიყვარს,
სულის კედლებით…

არ შევიცვლები,რაცა ვარ ეს ვარ
ნუ შეშინდები! მე,ჩემი წილი ღიმილი
მცვივა…
მომე ხელები!
არ დავნებდები!
არ დავნებდები!

თუ თქვენ თამთას შემოქმედების გაცნობა გინდათ, ეწვიეთ მის გვერდს:

https://www.facebook.com/Tamta-Megrelishvili-901963796499054/

წარმატებებს ვუსურვებთ თამთას ყველა საქმიანობაში და შემდეგში უფრო ახლოს გაგაცნობთ უკვე იმ სფეროში, რომელშიც თავად საზოგადოებას აქვს ბევრი კითხვა.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...