Home » მთავარი » ხეების ჭრის პროცედურასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს

ხეების ჭრის პროცედურასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ხეების ჭრის პროცედურასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისდარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სს „m2 უძრავი ქონების“ – მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.
ინიციატივა, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე დაავადებული და დაზიანებული ხეების ჭრისთვის გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს, სს „m2 უძრავი ქონების“ – გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ დეპუტატებს თავად გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა, მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს. მოქმედი კანონმდებლობით, კერძო მესაკუთრეს დაავადებული ხეების მოჭრის უფლების მოპოვება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მიმართვის გზით უწევს და საკომპენსაციოდ სოლიდური თანხის გადახდა ევალება.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, არასამთავრობო სექტორის და სამშენებლო დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: ხეების ჭრაზე ნებართვების გამცემი ორგანიზაციის და გაცემის სისტემის შესახებ, კონტროლის მექანიზმების გაძლიერების და კანონდამრღვევთა მიმართ დასჯის მექანიზმების გამკაცრების თაობაზე.

საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია ინიციატივასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრმა, ელენე ხოშტარიამ გაახმოვანა და სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნა მოითხოვა. მისი განცხადებით, პარლამენტმა ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როცა სამუშაო ფორმატში, სპეციალისტების და ექსპერტების ჩართულობით საკითხის დეტალური განხილვა მოხდება და პოზიციები შეჯერდება. მისივე განცხადებით, საკითხის ნაჩქარევი განხილვა გარკვეულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ინიციატივა მხოლოდ დაავადებული ხეების ჭრას არ ეხება. ანალოგიური მოთხოვნა გააჟღერა სხდომაზე „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღეს, სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობა განიხილება,რაც დამატებით ფორმატში საკითხის შემდგომ განხილვას არ გამორიცხავს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ლილუაშვილმა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს მიმართა, რომ არსებულ სამუშაო ჯგუფში ჩართონ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაზა გაბუნიას მოსაზრებით, საკითხი რთული, მნიშვნელოვანი და კომპლექსურია და გადაწყვეტილებაც ისეთი უნდა იყოს მასთან დაკავშირებით, რომ სადაო და ბუნდოვანი არ დარჩეს არც ერთი შეკითხვა. „ნუ იფიქრებთ, რომ ქალაქის მწვანე საფარზე ზრუნვის ექსკლუზივი მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს აქვს. ამაზე ვფიქრობთ და ვღელავთ ჩვენს,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მან ინიციატივის ავტორებისგან მოითხოვა საფუძვლიანი არგუმენტები.

პარლამენტის წევრი, მერაბ ქვარაია დაინტერესდა დაზიანებული ხეების ჭრის არსებული წესით, ხოლო შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სწორედ დღევანდელი განხილვა გახდის ნათელს, გამოიკვეთება თუ არა დამატებითი შეხვედრების აუცილებლობა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ლევან კობერიძემ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებისგან დამაჯერებელი და მყარი არგუმენტაცია მოითხოვა და ხეების დაზიანების და დაავადების თაობაზე დასკვნის გამცემი ორგანიზაციების სანდოობით და კომპეტენტურობით დაინტერესდა. „მე უნდა მქონდეს ყველაფერზე გამართული პასუხი. ამისათვის უნდა იყოს განხილვები კომიტეტში და დამატებითი ინფორმაციაც უნდა მივიღოთ აუცილებლად,“- განაცხადა ლევან ჩხეიძემ.დეპუტატი ასევე დაინტერესდა, თუ ვინ გასცემს დასკვნას ხის მდგომარეობის შესახებ და რა საკომპენსაციო ღონისძიებებიგანხორციელდება სანაცვლოდ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებმა დაზიანებული ხეების ჭრასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები დეტალურად განმარტეს.

„სანამ უფლების გამცემი ორგანო არ ჩამოყალიბდება იმ სახით, რომ საზოგადოების არც ერთ წევრს არანაირი კითხვა არ გაუჩნდება მის მიმართ და სანამ ეს საკითხი არ დარეგულირდება, ამ კანონის მიღებას არანაირი აზრი არ აქვს,“-განაცხადა კომიტეტების სხდომაზე ბექა ნაცვლიშვილმა. მისი მოსაზრებით, საკითხი კომპლექსურ განხილვას და მიდგომას საჭიროებს და კონკრეტულად მოსაკრებლის გაუქმება პრობლემას ვერ მოაგვარებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა ლევან გოგიჩაიშვილმა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს მიმართა და მოუწოდა, რომ საპარლამენტო განხილვებისთვის წარმოდგენილ საკითხებში მეტი სიცხადე შეიტანონ, რათა არ მოხდეს შემდგომი ინტერპრეტირება და არ გაჩნდეს დამატებითი შეკითხვები საზოგადოების მხრიდან.

„ვთვლი, რომ ამ თემაზე მსჯელობის დაწყება საჭიროა და პროცესში ჩვენც მეტ ინფორმაციას და განმარტებას მივიღებთ ყველა შეკითხვაზე, რომელიც გაჩნდება. ფონი, რომელიც დღეს აქ შეიქმნა, არავის მისცემს საშუალებას ტენდენციური მოსაზრება გაიტანოს და ეს მისასალმებელია,“-განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...