Home » ინტერვიუ » „ხრუშოვკების“ თემის დაწყება 4 წლის წინ შეიძლებოდა, მაგრამ ენმ-მ გაანადგურა და “ოცნებაც“ გაჩუმდა…”

„ხრუშოვკების“ თემის დაწყება 4 წლის წინ შეიძლებოდა, მაგრამ ენმ-მ გაანადგურა და “ოცნებაც“ გაჩუმდა…”

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

კალაძის თქმით, თბილისში .. ხრუშჩოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა და არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა გასული აქვთ, “ამორტიზებულია და მიშენებადაშენებებით კიდევ უფრო ავარიული და უსახურია”.

კალაძის განცხადებამ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, სამგორის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნოდ გამოქვეყნებული პროგრამა გაგვახსენა, რომლის ერთ-ერთი საკითხი სწორედ „ხრუშჩოვკებს“ ეხებოდა.

-„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი, თანამედროვე და კომფორტული სახლებით, რეალურია“-ამბობდა წინასაარჩევნოდ შიხიაშვილი და დეტალურად აცნობდა ამომრჩეველს სამოქმედო გეგმას.

საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს კი ინვესტორებიც მოიძია, გახსოვთ ალბათ, ე.წ ხრუშოვკების დემონტაჟზე და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებაზე, არაბი ინვესტორები 600 მილიონი ამერიკული დოლარის დახარჯვას გეგმავდნენ. მაშინ მემორანდუმი გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო ჰოლდინგთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გააფორმა. ინვესტორები აცხადებდნენ, რომ მშენებლობის პროცესი საქართველოს მთავრობის მხრიდან გარანტიების მიღების შემდეგდაიწყებდნენ, მაგრამ პროექტი გაჩერდა.

ჩვენ ირაკლი შიხიაშვილს ე.წ. ხრუშჩოვკების საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით.

-მართალია კალაძეს ჯერ არ წარმოუდგენია  გეგმა, როგორ აპირებს „ხრუშჩოვკების ხანა დაასრულოს“, მაგრამ რამდენად შეძლებს და როგორ ფიქრობთ-ეს საკითხი საპიაროდ  ხომ არ არის წამოწეული? ასე დაიწყო ნარმანიამაც, მაგრამ დღესაც საკმაოდ მყარად დგანან ხრუშოვკები. ისიც ახსოვს საზოგადოებას, თქვენ აპირებდით დიდი კამპანიის დაწყებას თუმცა  თქვენი პროექტი გააკრიტიკეს, მეტიც,დედაქალაქის მერიამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებაშიც კი დაგადანაშაულათ, არც იუსტიციის მინისტრს გადმოუხედია მოწყალების თვალით.

-ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, 4 წლის წინ შეიძლებოდა ამ ყველაფრის დაწყება. რამდენ ოჯახს უკვე მოგვარებული ექნებოდა საცხოვრისის პრობლემა, რამდენი ოჯახი მშვიდად, საკუთარ ჭერქვეშ გასრესვის საფრთხის გარეშე დაიძინებდა, რამდენი მილიონი ლარი აღარ იქნებოდა გადაყრილი ქირიაში და ბოლოს, რამდენი ადამიანი დასაქმდებოდა! ჩემი პროექტი კი არ გააკრიტიკეს, არამედ თავდასხმის უმთავრეს საგნად აქციეს ნაციონალებმა! პირდაპირ თქვეს ამ პროექტის წამოწყებაში მხარი რომ დაგიჭიროთ, თქვენს რეიტინს რაღა შეაჩერებსო, ( აი მათი ნამდვილი სახე, რუსთავი 2 მაც საშინელი ანტი პიარი დაიწყო) ამ საუბარს ათამდე საკრებულოს დეპუტატი ესწრებოდა და მათაც ახსოვთ. ქართულმა ოცნებამ მაშინ გაჩუმება არჩია, შიხიაშვილის პროექტის მხარდაჭერა “პოლიტიკურად წამგებიანად ჩაითვალა”, დღეს წინა საარჩევნოდ ყველა ამ თემით გამოდის ხალხთან. არ უნდოდათ სწორად გაეგოთ ჩანაფიქრი-საქმე ეხებოდა უკვე სახლებიდან გაყვანილ ოჯახებს და არა ხალხის ღია ცის ქვეშ დატოვებას.

-თქვენ ფიქრობთ, რომ ახლაც მხოლოდ ხალხის გულის მოსაგებად არის წამოწეული ეს საკითხი? თუ მიგაჩნიათ, რომ ნამდვილად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება და მერობის რომელ კანდიდატს უფრო ხელეწიფება ამ პროექტის განხორციელება?

-მე მაინც მიმაჩნია, რომ უფრო კალაძის მერობის დროს დაიძრება ეს თემა. იმედია კალაძის მეხოტბეობას ვერავინ დამწამებს, მე ვხედავ, რომ კახის აღმოაჩნდა გუნდური თამაშის კარგი უნარი, რაც ესოდენ საჭიროა პოლიტიკაში, ის პასუხიმგებლობას გუნდის წინაშე იაზრებს და მერე მოქმედებს. გარდა ამისა მისი მინისტრობის პერიოდში არ მახსოვს ჩავარდნა და მჯერა, რომ ამ თემას მხოლოდ პიარისთვის არ იყენებს და ბოლომდე მიიყვანს, ნაციონალების და მათი სულიერი განაყრებისთვის კი ყველაფერი სპექტაკლია, კარგად შეფუთული. რაც შეეხება ნარმანიას, ის ამას ვერ აწევდა, იმიტომ რომ თავისი კარიერის დასაწყისშივე მძიმე „ნოკაუტში“ გაუშვეს და ვერა და ვერ მოახერხა ფეხზე წამოდგომა.

-თქვენ უკვე გაქვთ “ხრუშჩოვკების“ ურთულესი და უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური კვლევა და მასშტაბური სამოქმედო გეგმა. თუ დაინტერესდება მერობის კანდიდატი, მზად ხართ უკვე არსებული კვლევების შედეგები გაუზიაროთ და გვერდით დაუდგეთ?

-გამომდინარე იქიდან, რომ მართლა მჯერა  კახი უფრო აწევს და დაიწყებს ამ პროექტს ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატი, იმიტომ რომ სხვები ანტიქართული სახელმწიფო აზროვნების პოლიტიკური ძალების წარმომადგენელნი არიან, ამერიკაში წასვლამდე ყველანაირად მივეხმარები კალაძეს ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში აბსოლუტურად უანგაროდ, ყოველგვარი ხმაურის და პიარის გარეშე, იმიტომ, რომ ასეთი, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები დაიძრას და არ მიეცეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს სპეკულირების საშუალება, რათა კიდევ არ მოატყუონ თბილისელები.

-თქვენ დღესაც ფიქრობთ რომ „ხრუშოვკები მკვლელი სახლებია“ და უნდა ჩანაცვლდეს?

-რასაკვირველია, ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. მე ახლაც მახსოვს, რას ამბობდა მოსახლეობა-„გაუსაძლის პირობებში ვართ. შიშით ვცხოვრობთ, რომ სახლი არ ჩამოგვენგრეს. ათასობით ოჯახი ამ დღეში ვართ. თუ ჩვენი შველის და გადარჩენის შესაძლებლობა არსებობს და „ხრუშჩოვკებს“ თავს დავაღწევთ, ეს ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარი იქნება ჩვენთვის“ – ეს იმ ადამიანების სიტყვებია, რომლებიც ჩვენი პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი რა საფრთხის ქვეშ არიან ეს ადამიანები და ათობითაა ასეთი ოჯახი.  მართლაც, არსებული ვითარება იმდენად რთულია, დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...