Home » მთავარი » 31 ივლისიდან მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში სირთულეებს აღარ წააწყდებიან!

31 ივლისიდან მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში სირთულეებს აღარ წააწყდებიან!

   31 ივლისიდან ამოქმედდება კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.

„სახელმწიფო პროექტის“ შემუშავება და შესაბამისი კანონის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად მომზადდა სპეციალური კანონი, რომლითაც:

  • შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან

დღესდღეობით აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. ე. წ. გადაფარვების არსებობის გამო უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრს 56 000-მდე სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუხდა, პრობლემის მოგვარება კი დღეს მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი, რაც მოქალაქეების დროისა და დამატებითი რესურსის ხარჯვას ნიშნავს.
ამ პრობლემების მიზეზი საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობაა − აზომვითი ნახაზების შედგენის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. ხშირად საკადასტრო ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდება, რაც ცდომილების მიზეზი ხდება, აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს და ლახავს მესაკუთრეთა უფლებებს.

გატარებული ცვლილებების შედეგად, ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეეძლება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე. შეიქმნება სერტიფიცირებულ ამზომველთა ქსელი, ხოლო სერტიფიცირება შეეხება იმ ამზომველებს, ვინც პროექტში მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, უფრო მეტად იქნება დაცული როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებები. სერტიფიცირებულ ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს „გადაფარვებისა“ და საკუთრებაზე სასამართლო დავის წარმოშობის რისკს; კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა კი მოთხოვნადი გახდება. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს მიწის გარკვეული ფართობის აზომვის საფასურის დაფინანსებისათვის შესაბამის მექანიზმს.

  • სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში

დღესდღეობით მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა − სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება.

ახალი კანონის თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია. ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა − აღარ გახდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.

გარდა ამისა, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია, გამოყენებულ იქნება ფაქტების კონსტატაცია. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება მხარდაჭერილი.

  • სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება

ახალი კანონის ამოქმედებით სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს სთავაზობს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად − სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„შავი დილა“ ისტორიაში და ხალხის ცხოვრებაში!

1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ...