Home » ექსკლუზივი » საქართველოდან შორს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების უხმაუროდ მკეთებელი – იცნობდეთ – ისმეთ აჯარი

საქართველოდან შორს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების უხმაუროდ მკეთებელი – იცნობდეთ – ისმეთ აჯარი

საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ჩვენი ქვეყანა და ბევრ კარგ საქმესაც აკეთებენ ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცის. ადამიანი, რომელზეც დღეს გიამბობთ ფესვებით ქუთაისთან არის დაკავშირებული, თავად თურქეთში ცხოვრობს და უდიდეს ქართულ საქმეს აკეთებს.

ჩვენც მის შესახებ არაფერი ვიცოდით მანამ, სანამ სააგენტოში სტუმრად მოსულმა თემურ შაშიაშვილმა პირად საუბარში არ ახსენა. ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ და გადავწყვიტეთ ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო ადამიანი, რომელსაც თურქეთში ქართული წიგნსაცავი აქვს და უნიკალურ გამოცემებს უნახავს ისტორიას. თუმცა, არამხოლოდ წიგნსაცავი…

გაიცანით ისმეთ აჯარი-ქართულად  მოაზროვნე თურქი-აი, რა გვიამბო მასზე თემურ შაშიაშვილმა.

-„ისმეთ აჯარი არის პიროვნება, რომლის სახელი და გვარი დღეს საქართველოში ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა მის სახელთან ბევრი სასიკეთო და დიდი ქართული საქმეა დაკავშირებული. ბატონი ისმეთი წარმოშობით აჭარიდანაა, ცხოვრობს სტამბულში, აღსანიშნავია, რომ ფესვები ქუთაისთანაც აკავშირებს. გვარიც სწორედ აჭარის გამო აქვს აღებული, ეს არის კაცი, რომელიც საოცრად ათავსებს საკუთარ თავში   დიდ ქართველობას და თურქეთის დიდ პატრიოტობას. როცა ჩვენს ქვეყანას მძიმე პერიოდი ჰქონდა, ისმეთ აჯარმა დიდი დახმარება გაუწია როგორც მთლიან ქვეყანას, ასევე უამრავ ოჯახს. პატრონობს ქართულ წიგნსაცავს სტამბულში. ამ წიგნსაცავით ვიგებთ, რომ სტამბულში ქართული წიგნების შეგროვების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. მქონდა ბედნიერება თავად მენახა ეს წიგნსაცავი თავისი უნიკალური ისტორიის მქონე წიგნებით. ეს დიდი ქართული კულტურული განძია და ნამდვილად ბატონი აჯარის დამსახურებაა მისი დღემდე ამ სახით მოსვლა. ის თურქეთში ქართულ ეკლესიასაც პატრონობს.

საკმაოდ საინტერესოა ის, რომ შეიძინა უდიდესი ტერიტორია სტამბულთან და ააშენა ქალაქი-აჯარკენტი. სახელიც ადვილად მიგახვედრებთ, რომ ის აჭარის სიყვარულმა დაარქმევინა. ეს ქალაქი ისეთივე ფუნქციისაა სტამბულისათვის, როგორიც წყნეთია თბილისისთვის. ქალაქში, რომელიც წარმოშობით ქართველის აგებულია, 70 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს უნდა ნახო, რომ უფრო კარგად გაითავისო იმ საქმის მასშტაბი, თუ რა გააკეთა ქართველმა კაცმა სტამბულში. ცუდია, რომ საქართველოში მის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის და კიდევ უფრო ცუდია, რომ ასეთი პოტენციალის ადამიანს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საკეთილდღეოდ არ იყენებს.

მეც ეს ადამიანი ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის მზადების პროცესში გავიცანი და ვარ ბედნიერი, რომ უკვე სიახლოვეც მაქვს ამ ქართულად მოაზროვნე კაცთან. როგორც მისმა გარემოცვამ მითხრა, საქართველოდან ძირითადად პირადი სათხოვარით ჩადიან, სხვათაშორის, ისევ მისი გარემოცვიდან გავიგე, რომ ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში აჭარისა და ცენტრალური  ხელისუფლების არაერთ კონკრეტულ პირს  მილიონობით აქვს მისგან პირადი დახმარების თუ სესხის სახით აღებული. ალბათ ამიტომაც არ აწყობს არავის მისი სახელის აფიშირება. მთავარია რომ არც მას უყვარს მისი სახელის წარმოჩენა, შეიძლება საწყენიც კი გახდეს მისთვის რასაც ახლა გიყვებით, მაგრამ იმდენად დიდია ნანახის და გაგონილის ემოცია, მიმაჩნია საქართველო უნდა იცნობდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ხმაურის გარეშე აკეთებენ დიდ ქართულ საქმეებს, აკეთებენ და კიდევ მეტი შეუძლიათ, უნდათ, მაგრამ მავანნი ხელს უშლიან. სახტად დავრჩი, როცა გავიგე, რომ აჭარკენტის მსგავსი ქალაქის აშენება უნდოდა საქართველოში, იყო კიდეც შეთანხმებული ყველა დეტალი, პროექტში 20 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა, მაგრამ ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ არ მისცა განხორციელების საშუალება და ის ტერიტორია, რომელზეც ამ ქალაქის მშენებლობა უნდა მომხდარიყო, სააკაშვილმა გადასცა რუს ბიზნესმენებს მსგავსი ქალაქის ასაშენებლად. დიახ, სააკაშვილმა პუტინის მეგობარ ბიზნესმენებს დაუთმო ქართული მიწა! ამის მერე ისმათ აჯარი საქართველოსკენ ნაკლებად იყურებოდა, თუმცა ახლაც დიდი სურვილი აქვს ბათუმი აქციოს უაღრესად თანამედროვე ქალაქად, მაგრამ…მან ვერ მიიღო გარანტია, რომ ხელს არავინ შეუშლიდა, არადა წარმოიდგინეთ-მოგებას მთლიანად საქართველოში ტოვებდა. ბათუმს ის მშობლიურ ქალაქად თვლის და უნდა იყოს ისეთი, როგორც ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა წარმოდგენილი. ახლა დროა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ადამიანმა თავისი პროექტები განახორციელოს და საქართველოში მართლაც რომ საჭირო საქმეს დაუდოს სათავე.

აქვე გეტყვით, რომ ის აკეთებს ქართული კულტურის ცენტრს სტამბულში და რომ არა თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ახლა უკვე დაწყებულიც იქნებდა ეს დიდი ქართული საქმე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართული კულტურის ცენტრი სტამბულში დიდი დატვირთვის და ფუნქციის მქონე იქნება.

როგორ შეიძლება ასე ქართულად მოაზროვნე, საქართველოსთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად მომართულ კაცს მთავრობამ ხელი არ შეუწყოს და არ გამოიყენოს მისი პოტენციალი, როგორ შეიძლება ამ ადამიანს მხოლოდ პირადული თხოვნით მიაკითხო?!.  მას სურს საქართველოს გადასცეს დემოკრატიული საჩუქარი, თუ რას ნიშნავს ეს, ალბათ თავად გააჟღერებს როცა დრო იქნება და მე არ მინდა ახლა მოვლენებს გავუსწრო.

კარგია, რომ დაინტერესდით ამ ადამიანით და ისიც კარგია, რომ თქვენს მკითხველს გააცნობთ, მაგრამ არც ის დაივიწყოთ, რომ სხვა ადამიანებიც არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის დიდ საქმეებს აკეთებენ და მათ შესახებ კი არავინ არაფერი იცის. კარგი იქნება თუ დაინტერესდებით და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ დიდი პოტენციალის ქართულად მოაზროვნე, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანებს მოიძიებთ და საზოგადოებას გააცნობთ. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო თურქეთის ორი პრეზიდენტის ადიუტანტი, მევლუდ ართვინელის დიდი ღვაწლი ქართულ საქმეებში. ის გვერდით უდგას ისმეთ აჯარს ქართული საქმეების კეთებაში, ეს ცალკე საუბრის თემაა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას,  სწორედ მისი დამსახურებაა რომ თურქეთში ქართული ენა ისწავლება. მასზე უფრო ვრცლად თუ მომეცემა საშუალება შემდეგ ცალკე ვისაუბრებ.

საუბრის ბოლოს მინდა გითხრათ ის, რამაც ყველაზე მეტად მიიპყრო ჩემი ყურადღება. როგორც მისი გარემოცვიდან გავიგე, საქართველოში ჩამოსვლას ერიდება, რასაც ასე ხსნის:

-„მიჭირს ჩამოსვლა, რადგან ყველა ხელისუფალი ტრაბახობს იმით, რომ გააგდო წინა და ხელისუფლებაში მოსული ფიქრობს არა ქვეყნის განვითარებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ დაიჭიროს და გააძევოს წინა ხელისუფალი ქვეყნის გარეთ, თუ სხვა ქვეყნები ასეთებია, მე არ მინდა საქართველო მათ რიგში იყოს“-ო.

წარმოიდგინეთ რა დევს ამ სიტყვებში. თუ თქვენ დაინტერესდებით, შემდეგ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს გაგაცნობთ, რომლებსაც იქ, სადაც ახლა ცხოვრობენ ხელისგულზე ატარებენ, აქ კი არ იცნობენ. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ერთმანეთის თანადგომით ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ კარგ საქმეს დაედება საფუძველი აი, ამიტომ გვინდა კონგრესის ჩატარება  მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ქართველთა დიდი გაერთიანების შექმნა, რასაც პატრიარქმა მისცა კურთხევა, მაგრამ ხელისუფლება პასიურობს”.

თემურ შაშიაშვილმა ისმეთ აჯარს საჩუქრად გამომცემლობა „მინიატურას“ მიექ შექმნილი მსოფლიოში ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა და როგორც ამბობს, შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების ასე პატარა ეგზემპლარად ნახვამ აღტაცემაშ მოიყვანა მისი მასპინძელი, საქართველოზე საუბრისას კი ცრემლიც აუკიაფდა და სახეზე სულ სხვანაირი ღიმილი დაეფინა.

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...