You are here
ძველ ვარიანტს რომ ვუბრუნდებით, ეს კითხვებს იწვევს… მთავარი პოლიტიკა 

ძველ ვარიანტს რომ ვუბრუნდებით, ეს კითხვებს იწვევს…

პრემიერის მიერ გაცხადებულ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს პოლიტიკურ წრეებში განსხვავებულად აფასებენ. სამთავრობო გუნდში პრემიერის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს დადებით კონტექსტში განიხილავენ და მნიშვნელოვანს უწოდებენ იმ სტრუქტურულ რეორგანიზაციას, რომელითაც 18-დან 13 სამინისტრო დარჩა. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, რამდენიმე სამინისტრო უქმდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი უერთდება და სამინისტროს მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს, რომელიც მინისტრის პოსტზე საკმაოდ სკანდალურ ალექსანდრე ჯეჯელავას შეცვლის.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ გარკვეულ ეტაპზე ცვლილებების აუცილებლობა ბუნებრივად დგება. შესაბამისად, ხელისუფლებას ცვლილებების არ უნდა ეშინოდეს.

„საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე ადრევე ვსაუბრობდი. თუ ხელისუფლებას განვითარებაზე აქვს პრეტენზია და ჩვენი ხელისუფლება სწორედ ასეთია, ცვლილებებზე უნდა წავიდეს. ამიტომ ასეთ ცვლილებებში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, მოქნილობას, ელასტიურობას ხელი უნდა შევუწყოთ. კარგი იქნება, თუ სამინისტროებში გადაიხედება სიპების ეფექტიანობის დონე, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს რომელიმე დარგის დაჩრდილვის და დაჩაგვრის ხარჯზე, პირიქით. თუ ეს იქნება რომელიმე დარგის გაფერმკრთალება , მაგალითად, სპორტის ან გარემოს დაცვის, მაშინ ეს ქვეყანას საზიანოდ წაადგება“, – აღნიშნავს ნუკრი ქანთარია.

რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი უერთდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ადრე იყო კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო. შემდეგ ეს სამინისტრო გაიყო.

„რატომ გაიყო, რა შედეგი მოიტანა და რატომ ვუბრუნდებით იგივე კონფიგურაციას, ეს ალბათ პარლამენტში ცვლილებების განხილვები რომ გაიმართება, მაშინ გაირკვევა. თუ რამე საამაყო გვაქვს და რითაც ჩვენს ქვეყანას იცნობენ, სწორედ ამ ორი დარგიდან არის განპირობებული. ძველ ვარიანტს რომ ვუბრუნდებით, ეს კითხვებს იწვევს. პარლამენტშიც დადგება შესაბამისი საკითხი კონფიგურაციასთან დაკავშირებით. როცა ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა, ვფიქრობ, აუცილებლად გადასახედი იქნება კომიტეტის, რომლის ნაწილი ერთ სამინისტროში გადადის, გადაწყობაც. დანარჩენს დისკუსიები გვიჩვენებს, მთავარია, რამდენად არის გააზრებული სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა მოქნილობის კუთხით. როცა კანონპროექტი პარლამენტში შემოვა, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. წინასწარ საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

Comments

comments

Related posts